1994-2003 წლებში ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის, ლევან მამალაძის მტკიცებით, საქართველოს წინააღმდეგ მოწყობილია “შტურმი” რომლის მიზანიც ქვეყნის სუვერენული ფუნქციების დასუსტებაა. მისი აზრით ამ პროცესში მონაწილეობს დასავლეთი და უკრაინელი მაღალჩინოსნები. ამის შესახებ მან ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა.
მამალაძის მტკიცებით, საქართველოში არსებობს მეხუთე კოლონა, რომელიც დასავლეთისა და უკრაინის მხრიდან “შეკვეთებს” იღებს.
“მიდგომები საქართველოს მიმართ არ არის შეცვლილი. არ არის მხოლოდ უკრაინა. უკრაინა ამ მიდგომების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ეს მთლიანად დასავლეთის მიდგომაა…
ნაციონალური მოძრაობა და ვთქვათ ეს რადიკალური, მეხუთე კოლონას ვეძახი იმ ჯგუფებს, რომლებიც დღეს საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან, ეს არასამთავრობო იქნება, პოლიტიკური ორგანიზაციები თუ ლიდერები. ისინი ქვეყნის შიგნით იბრძვიან და არის გარე შეკვეთები. იგივე დასავლეთის მხრიდან, მათ შორის უკრაინის მხრიდან, რომ საქართველო ჩააყენონ ისეთ მდგომარეობაში, რომ გააკეთებინონ ის, რაც მათ სურთ. და მეხუთე კოლონა რას სთავაზობს?…
[სურთ] რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირება, დამატებითი სანქციების დაწესება. არავინ ფიქრობს იმაზე, თუ საქართველო ესეთ ნაბიჯს გადადგამს, რაიმე, ვთქვათ, შეთავაზონ საქართველოს. უღირდეს ამის გაკეთება. ბალტიის პირეთის ქვეყნები რას აკეთებენ? ჩაკეტეს თავიანთი საზღვრები, დააზარალეს თავისი ეკონომიკა, მაგრამ ევროკავშირმა აუნაზღაურა. და ჩვენი ბედი არ აინტერესებთ, ჩვენი გამოყენება უნდათ. ეს არის ჭიდილი, დღევანდელი ვითარება იმისა, საქართველო დაიცავს თუ არა თავის სუვერენიტეტს, სახელმწიფოებრივ უფლებებს და შეძლებს თუ არა ამ სიტუაციიდან გამოსვლას”. – თქვა მამალაძემ.
ამას გარდა, მამალაძეს სჯერა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობა საქართველოს წინააღმდეგ არის მომართული და მათი სასაუბრო თემები შიდა წრეშია შეთანხმებული. მისივე მტკიცებით, ეს არის “ბრძოლის პროცესი”, “შტურმი საქართველოზე”, რომლის მიზანიც ქვეყნის სუვერენული ფუნქციების შესუსტებაა.
“[უკრაინელი მაღალჩინოსნები] ეს არის ერთი წრე, საქართველოს საწინააღდეგოდ მომართული. გავამარტივებ. სააკაშვილია, თუ მეხუთე კოლონა, რომელიც აღვნიშნე, უკრაინის გარკვეული ელიტარული ჯგუფები, ეს არის ზელენსკის ხელისუფლების წარმომადგენლები. ჩვენ თუ ამას დავარქმევთ, რომ თავისი ინიციატივით გამოდიან… დანილოვი არის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი. მაღალი რანგის თანამდებობის პირი. ის თავის ინიციატივას არ აფიქსირებს. ეს შიდა წრეში მოლაპარაკებული თემებია. ამას როცა მოყვება შემდგომ ევროპარლამენტარების, შეიძლება სახელმწიფო დეპარტამენტის რომელიმე ჩინოვნიკის განცხადება. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მიმართ გარკვეული შტურმი არის გაკეთებული. შეიძლება მეგობარი დავარქვათ, პარტნიორი დავარქვათ – ეს ყველაფერი ეპიტეთებია. მთავარია ჩვენ რა პოზიციაში ვართ და რისი გაკეთება შეგვიძლია. ეს სერიოზული ბრძოლის შემადგენელი ნაწილია. მათ შორის, როცა უკრაინელი ჩინოვნიკები გვეუბნებიან, რომ ჩვენ სამხედრო ჩარევას განვახორციელებთ საქართველოში. ამაზე დიდი მუქარა რა უნდა იყოს. როცა გვპირდებიან სანქციებს და სანქციები თვითონ შემოიღეს, მუშაობენ იმაზე, რომ შეერთებულმა შტატებმა თუ სხვებმაც სანქციები განახორციელონ. ეს არის სერიოზული ბრძოლის პროცესი, სადაც შედეგი საქართველოს სუვერენული ფუნქციების შესუსტება და ისე მოქცევაა, როგორც მათ სჭირდებათ”. – თქვა მამალაძემ.
ამას გარდა, მამალაძის აზრით, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოს დღევანდელი სისტემის ავტორი, ასევე “სტაბილურობისა და მდგრადობის გარანტი”, რის გამოც “მეხუთე კოლონას” მისი ჩამოცილება სურს.
“ეს იმიტომ უნდათ, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა, რომელსაც ვერვაინ წაშლის, როგორც ისტორიულ მოვლენას. ის არის როგორც ავტორი, [ასევე], დღევანდელობაში, ჩვენი სახელმწიფო სისტემის სტაბილურობისა და მდგრადობის გარანტი. რატომ ებრძვიან? ებრძვიან ამ გარანტს, რადგან თუ ეს მომენტი ამოშალეს, ესეიგი სახელმწიფო უნდა შესუსტდეს, ხელისუფლება ტურბულენტობაში მოექცეს, შემდეგ რევოლუციური სცენარის განხორციელება, ძველი მეთოდებით, რასაც ადრე დასავლეთი და ჩვენი მოწინააღმდეგეები იყენებდნენ, გაუადვილდებათ”. – თქვა მამალაძემ.
მამალაძე თვლის, რომ “სააკაშვილის რადიკალებთან” შეკრული ზელენსკის ადმინისტრაციის ზოგიერთი წარმომადგენელი და “გარკვეული ჯგუფები დასავლეთიდან” ყველაფერს გეგმავენ”, რათა “საქართველოს სტაბილურობის ელემენტი გამოაცალონ”.
“ბიძინა ივანიშვილის დაცვა სახელმწიფო ინტერესების დაცვის ტოლფასია”. – თქვა მამალაძემ.
მამალაძე საფრთხეს ხედავს უკრაინიდან შემოსულ მიგრანტებში და მიგრაციის პროცესს “კიევიდან მართვადს” უწოდებს.