უკვე 5 თვე და 10 დღეა, რაც ტარიელ მეკეიძე კლინიკა „ვივამედთან“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად ათენებს ღამეს. ის თბილისში ბათუმიდან ჩამოვიდა და როგორც CNews -ს უყვება ის მიხეილ სააკაშვილს სოლიდარობას სწორედ იმიტომ უცხადებს, რომ მან საქართველოსთვის უამრავი კარგი რამ გააკეთა.
„მიხეილ სააკაშვილს ჩემთვის პირადად არაფერი გაუკეთებია. მე დიდი ხანი საზღვარგარეთ ვიყავი, 20 წელი და როცა ბათუმში ჩამოვედი ვეღარ ვიცანი ქალაქი. გაკეთებული, აშენებული, ყველაფერი დამშვენებული იყო. ჩემ დროს გარეთ ვერ გახვიდოდი, კრიმინალები ისე გათამამებულები იყვნენ, რომ ხელს მოგკიდებდნენ მძღოლს გამოგაგდებდნენ და პირდაპირ ჩაჯდებოდნენ, გაიტაცებდნენ მანქანას ისე თითქოს ვითომც არაფერი, – ეს ყველაფერი ამ ადამიანმა [მიხეილ სააკაშვილმა] მოსპო. დღეს, რომ ამბობენ მასზე მშიშარააო, ვინ არის აბა მაგაზე ძლიერი და ჭკვიანი?! მან კრიმინალი მოსპო. გარდა ამისა, სინათლე ჩვენ არ გვქონდა, წყალი, გაზი ჩვენთან არ იყო.თბილისსა და ბათუმში, ზარბაზნების ლულებივით იყო ღუმელის მილები. ეზოში ფიჩხებს აგროვებდა ხალხი, იმით ცეცხლს ანთებდნენ და საჭმელს აკეთებდნენ. ასეთი დრო იყო, – ეს ყველაფერი ამ ადამიანმა შეცვალა. ყველაფერი გააკეთა. როცა მიხეილ სააკაშვილი 2017 წელს უკრაინაში დააპატიმრეს, მაშინაც ჩასული ვიყავი, პატარა საჩუქარი ჩავუტანე მიწა, ჰაერი და წყალი. მხარს ვუჭერ იმისათვის, რომ მას უამრავი რამე აქვს გაკეთებული საქართველოსთვის და თითოეული ჩვენთაგანისთვის“, – გვითხრა მეკეიძემ.
როგორც მეკეიძე გვიყვება, მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ გლდანის ციხეში იმყოფებოდა ციხესთან 47 დღე გაატარა.
„ჩემთან ერთად იყვნენ ტარიელ წულაია და ბადრი ნემსაძე. სამწუხაროდ, ბადრი გარდაიცვალა. ჩვენთან 20 დღე იყო. მე და ტარიელმა კი, 47 დღე გავატარეთ, მის მანქანაში ვცხოვრობდით. შემდეგ გორსა და რუსთავში გადაიყვანეს ბატონი სააკაშვილი. როცა კლინიკა „ვივამედში“ გადმოიყვანეს ტარიელ წულაია საზღვარგარეთ სამკურნალოდ იყო წასული, მე მანქანის გარეშე ღამეს ვერ გავათევდი ეზოში, „ნაციონალებს“ ვთხოვე დახმარება და არ ჰქონდათ საშუალება. ჩემმა შვილმა, ნათესავებმა გამომიგზავნეს ფული და ასე შევიძინე ეს მანქანა, მეტი საშუალება არ მაქვს. მე არაფერი გამაჩნია, ბანკის ვალის და სამშობლოს სიყვარულის გარდა. არც პოლიტიკოსი და არც ისტორიკოსი ვარ, მაგრამ ჩემი სამშობლო მიყვარს და ვინც ჩემი სამშობლოსთვის რაღაცას აკეთებს მე მას მხარს დავუჭერ, ვინც არ უნდა იყოს.
სულ თავიდან იუსტიციის სამინისტროში მივედი, განცხადება მქონდა დაწერილი მინისტრის სახელზე, მიხეილ სააკაშვილის მონახულების თაობაზე, თუმცა არ შემიშვეს, რის შემდეგაც ბატონ მიხეილს წერილი მივწერე, რომ არ შემომიშვესმეთქი, მან წერილი მომწერა და მადლობა გადამიხადა. აქ, რომ ვარ ამის შესახებ ეცოდინება მას, ჯერ ერთი ტელევიზიებიდან ეცოდინება, მეორე ის, რომ მისი დედა ქალბატონი გიული ყოველდღე მობრძანდება და მხედავს“, – ამბობს მეკეიძე.
მისი თქმით, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ეჭვი ეპარებათ იმაში, რომ ამ დროის განმავლობაში ის ღამეებს მანქანაში ათევს.
„მესიჯებს მწერენ, ტყუილია, რომ ამდენი დღეა ღამეს ათევ მანდო. ასევე, მწერდნენ იმასაც, რომ რამდენს გიხდის თანხას ოპოზიცია მანდ, რომ ხარო, – რაზეც ვუპასუხე: ერთადერთი ღამე ბოლო პერიოდში გავათენე მთავრობის სახლთან, როცა დიდი აქცია იყო, დანარჩენი თუ ამ მანქანის გარდა სადმე ღამე გამეთიოს, (5 თვე და 9 დღე აქ ვიმყოფები), მაშინ ღმერთმა ბუნების ძალამ ბათუმში, სახლში ცოცხალი არ ჩამიყვანოს“, – აღნიშნავს ის.
ტარიელ მეკეიძე გვიყვება მისი ყოველდღიურობის შესახებ და აღნიშნავს, რომ ყოველდღიურად ძირითადად მზა პროდუქტების შეძენა უწევს.
„რაც შეეხება კვებას, „მეშარახს“ ვყიდულობ, რომელიც 1 ლარი და 5 თეთრი ღირს, წყლის მადუღარა მაქვს შეძენილი, წყალს ავადუღებ და ვამზადებ, დილა-საღამოს ამას ვჭამ. გარდა ამისა, მზა პროდუქტს ვყიდულობ. გზის გადაღმა იყო რაღაც დაწესებულება, ტექნიკა ჰყავდათ და იქ აბანო ჰქონდათ, იქ ვახერხებდი მოწესრიგებას. სამწუხაროდ, დაკეტეს და დღეს მთელი დიდუბე მოვიარე და აბანო ვერ ვიპოვე. „დეზერტირების ბაზრობა“, რომ არის იქ მივაგენი“.
როგორც მეკეიძე ამბობს, ოჯახს ძალიან ენატრება და ბათუმში დაბრუნებას სთხოვენ:
„ოჯახს ძალიან ვენატრები, ყოველდღე მირეკავენ ჩამოდი, საკმარისია, რამდენ ხანს უნდა იყოო. მე იმდენ ხანს უნდა ვიყო, სანამ პირში სული მიდგას, სანამ ვიარსებებ და სანამ ეს ადამიანი აქ იქნება. 6 წელიც, რომ გავიდეს სანამ შევძლებ და ცოცხალი ვიქნები არსად არ წავალ“, – ამბობს მეკეიძე.
მეკეიძე მესამე პრეზიდენტს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ ამ ადამიანის ციხეში გაჩერება არ შეიძლება:
„თქვენი საშუალები პრეზიდენტს უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო პირველ რიგში, იმისათვის, რომ ჭაობში ჩაძირული საქართველო, რომ ააშენა. მას ვუსურვებ გამოჯანმრთელებას და გათავისუფლებას! ახლა ველოდები ექპერტების დასკვნას, თუ საჭირო გახდა აქციებსაც დავიწყებ, ამ ადამიანის ციხეში გაჩერება არ შეიძლება! როგორი ძლიერი და მშვიდი ჩამოვიდა და ამ ჯალათებმა რა დღეში ჩააგდეს. სააკაშვილი სავარძელს, რომ ჩაბღაუჭებოდა თავის დროზე ახლაც იქნებოდა ხელისუფლებაში და ძალიან ბევრ რამეს გააკეთებდა ქვეყნისთვის. მიხარია, ის, რაც სამეულმა დამოიწყო [„სტრატეგია აღმაშენებლი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“] ვემხრობი ამ იდეას. ერთობის გარეშე არაფერი გვეშველება“, – გვითხრა მეკეიძემ.
https://cnews.ge/