კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ მოსამართლეს რაიმე გადაწყვეტილებისკენ არავინ არ უნდა მოუწოდოს, მათ შორის პრეზიდენტმა. პირველი არხის ინფორმაციით, წულუკიანი იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტის პოზიცია მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა.
“პირის მიერ თუ სასჯელის მოხდა შეუსაბამოა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, მაშინ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, გადაავადოს თუ არა სასჯელი, გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო დამოუკიდებელია და დაე, ნურავინ, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტიც, ნუ განიზრახავს, რაიმე ტიპის გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდოს მოსამართლეს, მოსამართლემ ყველაზე კარგად იცის, რა გადაწყვეტილება მიიღოს”, – ამბობს წულუკიანი.
მისივე თქმით, მოსამართლემ “ყველაზე კარგად იცის, რა გადაწყვეტილება მიიღოს”.
“რაც შეეხება სასამართლოს, ვისაც გჯერათ, დაიჯერეთ, რომ სასამართლო ამ ქვეყანაში არის თავისუფალი. სასამართლო შეწყალებაზე არ მსჯელობს. მოსამართლემ ყველაზე კარგად იცის, რა გადაწყვეტილება მიიღოს, ერთი მიზეზის გამო, მას წინ უდევს დოკუმენტები, რომლებიც ჩვენ არავის გვიდევს წინ. მოსამართლე, საქმის მასალებიდან გამომდინარე, ყველაზე კარგ გადაწყვეტილებას მიიღებს, ან არ გადაავადებს, ან გადაავადებს. ეს არის მოსამართლისა და დაცვის მხარის ურთიერთობის თემა და არა საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენცია, სალაპარაკო ენაზე რომ ვთქვათ, არ არის პრეზიდენტის საქმე”, – განაცხადა კულტურის მინისტრმა.
24 ნოემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შესაბამისი სამედიცინო დასკვნა იქნება, სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსებული გადაწყვეტილება.