პარტია “დროა” საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ დაუყოვნებლივ გადაყვანა.
განცხადებაში ვკითხულობთ, მიხეილ სააკაშვილის არდაშვება სასამართლო სხდომაზე წარმოადგენს “ქართული ოცნების” მცდელობას, დაუმალოს საზოგადოებას პრეზიდენტის რეალური მდგომარეობა.
“დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო სხდომა გადაიდო. მიუხედავად პრეზიდენტის სურვილისა, დასწრებოდა სხდომას, საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალმა მისი გადაყვანის უფლება არ გასცა. მიზეზად პრეზიდენტის ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა დასახელდა.
სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებას ხელისუფლებაც აღიარებს, თუმცა, ჩვეული ცინიზმით კვლავ უარს ამბობს მის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანაზე. “ქართული ოცნების” მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ კლინიკა „ვივამედში“ საკმარისი რესურსი არსებობს პრეზიდენტის მკურნალობისათვის, თუმცა ცხადია, რომ მისი მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. ჩნდება ეჭვი, რომ სააკაშვილის არდაშვება სასამართლო სხდომაზე წარმოადგენს ქართული ოცნების მცდელობას, დაუმალოს საზოგადოებას პრეზიდენტის რეალური მდგომარეობა.
პარტია “დროა” მომხდარ ფაქტს უკიდურესად საგანგაშოდ თვლის და მიიჩნევს, რომ ერთადერთი გამოსავალი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ დაუყოვნებლივი გადაყვანაა” – წერია განცხადებაში
ცნობისთვის, დღეს მიხეილ სააკაშვილს მისივე სასამართლო პროცესზე დასწრება სურდა, თუმცა კლინიკა “ვივა მედის” ექიმებმა შესაბამისი რეკომენდაცია არ გასცეს. როგორც კლინიკის ხელმძღვანელი ამბობს, ტრანსპორტირება მიზანშეწონილი არ არის.