აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ წინასწარი განზრახვის გარეშე წონის 5-10% კლებაც კი ასოციერდება მომატებული ზოგადი სიკვდილიანობის რისკთან.
„წონის კარგვას პაციენტის ან ექიმის მიერ დაგეგმილი მიზნის გარეშე, წინასწარი განზრახვის გარეშე წონის კლებას ვეძახით (Unintentional weight loss). ასეთი ტიპის წონის კლების მიზეზი შეიძლება იყოს უამრავი, მათ შორის სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაავადებები. კვლევების თანახმად, წინასწარი განზრახვის გარეშე წონის 5-10% კლებაც კი ასოციერდება მომატებული ზოგადი სიკვდილიანობის რისკთან.
როცა გყავს პაციენტი, რომელიც წინასწარი განზრახვის გარეშე იკლებს წონას და შენ არ გაქვს ამ ფენომენის ახსნა, ვერ ადგენ დიაგნოზს, არ იცი მექანიზმი რას მიყავს პაციენტი კახექსიამდე (კუნთოვანი ქსოვილის გალევამდე), უნდა იგულისხმო რომ ამ პაციენტის პროგნოზებზე არაფერი იცი გარდა იმისა, რომ მას მომატებული სიკვდილის რისკი აქვს. მომატებული სიკვდილის რისკით პაციენტზე, მითუმეტეს მაშინ როცა წარმოდგენა არ გაქვს პათოლოგიური პროცესი როგორ უნდა შეაჩერო, არასდროს, არასდროს უნდა თქვა რომ ის სტაბილურია, ან მისი მდგომარეობა დამაკმაყიფილებელია. ეს სამედიცინო აბსურდია.
ხშირად მესმოდა ოფიციალური განცხადება ყოფილი პრეზიდენტის მკურნალი ჯგუფისგან, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ყველაფერი კეთდება მის გამოსაჯანმრთელებლად. მხოლოდ ამ ერთ სიმპტომზე, პროგრესირებადი წინასწარი განზრახვით წონის კლებაზე დაყრდნობით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი ამ ჰოსპიტალიზაციის ვერც ერთ ეტაპზე ვერ იქნებოდა.
გაკეთდა თუ არა ყველაფერი პაციენტის გადასარჩენად? ცალსახად შემიძლია ვთქვა, არა! ამ დასკვნის გასაკეთებლად არაა აუცილებელი პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ნიუანსები ვიცოდე. მთავარია ფაქტი, პაციენტმა თქვენთან ყოფნის პირობებში დაკარგა საწყისი წონის 30% და ეს სიკვდილის ძალიან მაღალ რისკს შეიცავს.
ამერიკული რეზიდენტურის პირველი დღე ორიენტაციით იწყება. გასწავლიან რადმენიმე ფუნდამენტურ პრინციპს, როგორ არ უნდა ავნო პაციენტს.
1. Know your limitations – იცოდე შენი შესაძლებლობების ზღვარი, ესაა უმთავრესი პრინციპი პატიოსანი ექიმის კლინიკური პრაქტიკის. არსებობს კლინიკური სიტუაციები როცა პრობლემის სიმძიმე აღემატება შენი ცოდნის, უნარ-ჩვევების და კლინიკის ფიზიკურ შესაძლებლობებს.
2. Ask for help – ითხოვე დახმარება თუ ხედავ რომ შენი ცოდნა, უნარ-ჩვევები და კლინიკის ფიზიკური შესაძლებლობები პაციენტის წინაშე მდგარ პრობლემებს აღემატება.
ეს ორი უმთავრესი პრინციპი პატიოსანი ექიმისთვის ათ მცნებაზე (სხვა რელიგიებსაც და უბრალოდ მაღალ ადამიანურ სტანდარტებს რაც გამსაზღვრავს იმაზე) აღმატებულია, რადგან, ეს ორი რამ გაძლევს საშუალებას გულწრფელად თქვა, “მე არ ვიცი” და დამეხმარეთ პაციენტის გადარჩენაში.
ძვირფასო კოლეგებო, ვინც რაიმე ფორმით მაინც იყავით ან ხართ ჩართული ყოფილი პრეზიდენტის მკურნალობაში ჩართული, გთხოვთ, ხმამაღლა თქვით, რომ რაც შეგეძლოთ ყველაფერი გააკეთეთ პაციენტის გადასარჩენად, მაგრამ მისი პრობლემის სიმძიმე აღემატება თქვენი შესაძლებლობების ზღვარს და მოითხოვეთ, გადაიყვანონ პაციენტი ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც დღეს არსებული ინტელექტუალური, ინსტრუმენტული თუ ლოჯისტიკური შესაძლებლობების პიკის შესაბამისი დახმარება შეუძლია აღმოუჩინოს მას, რათა გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნან.
გაკეთდა თუ არა ყველაფერი ყოფილი პრეზიდენტის გადასარჩენად? არა!
გადაიყვანეთ იქ სადაც უკეთესი პირობებია მსგავსი ამოცანების ამოსახანელად და ეს იქნება ყველაფერი!
გთხოვთ, მიაწვდინეთ პატიოსანი ხმა მათ ვინც ამ კონკრეტული პაციენტის მკურნალობა დაგიკვეთათ და უთხარით რომ მის წინაშე მდგარი ამოცანების ამოხსნა თქვენს შესაძლებლობებს აღემატება.
გთხოვთ…“ – წერს ნანა გეგეჭკორი.