“რუსეთის დეცენტრალიზაციის პროცესი უკვე დაწყებულია….“

„ჩემთვის მიუღებელია, რომ ადამიანების ერთი კატეგორია ცდილობს თავისი პოლიტიკური კარიერა შექმნას იმ პირისა და ისეთი ფულის მეშვეობით, რომელიც, ფაქტობრივად, ომის დროს მოჰპარეს ქვეყანას“-საუბრობს კვირის პალიტრასთან ექსპერტი მამუკა არეშიძე.

“ძალიან საინტერესო განცხადებებია, რაც, თავის მხრივ, თანამშრომლობის ახალ ველს ქმნის. ამაზე ჩვენი ხელისუფლება არ ლაპარაკობს, რასაც ახსნა აქვს. ბოლო დროს საქართველოს მთავრობა მიზეზთა გამო მართლაც ცდილობს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობისას იფრთხილოს. ეს არ შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობას, თუმცა მავანი ამის დისკრედიტაციასაც ცდილობს.

ისევ ნატოს თემას რომ დავუბრუნდეთ, უნდა აღინიშნოს, რომ დღეს არაერთი მხარე იბრძვის სამხრეთ კავკასიაზე გავლენის მოსაპოვებლად. ვითარება ბოლო დროს ამ რეგიონში მნიშვნელოვნად შეიცვალა. ვხედავთ, რაოდენ მზარდია თურქეთის გავლენა, რაც რეგიონის ზოგ ქვეყანაში უფრო მეტად თვალში საცემია, ზოგან კი ნაკლებად. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ნატოს წევრია, ის საკუთარ თამაშს თამაშობს, თანაც არა მარტო სამხრეთ კავკასიაში. დღეს მსოფლიო წესრიგი თითქმის მოშლილია, რუსეთმა უზარმაზარი შეცდომა დაუშვა არა მარტო იმით, რომ უკრაინაში შეიჭრა, არამედ ყარაბაღში განვითარებული მოვლენების დროსაც, როდესაც ცდილობდა რეგიონზე გავლენის მეტად გაზრდას, შედეგად კი მნიშვნელოვნად ამოვარდა სამხრეთკავკასიური პოლიტიკიდან.

გავლენის გაძლიერებას ცდილობს ნატოც, რომელიც, ერთი მხრივ, მოწადინებულია, რომ რუსეთი შეაკავოს, იმავდროულად კი სურს თურქეთის ამბიციების მოთოკვაც. საქართველო კავკასიაში ნატოს ტრადიციული დასაყრდენია, ამიტომაც არის ჩვენი საკითხი ასე გააქტიურებული.

რუსეთისთვის უაღრესად სუსტი წერტილია სამხრეთი კავკასია. მასზე გავლენის დაკარგვა ნიშნავს შავი ზღვის აკვატორიაზე რუსეთის გავლენის მაქსიმალურად შემცირებას. ის პრაქტიკულად ამოვარდება ე.წ. შავი ზღვის პოლიტიკიდან. ამის შემდეგ დროის საკითხიღა იქნება ჩრდილოეთ კავკასიის დაკარგვაც, მით უფრო ხედავთ, როგორი გააქტიურებულია ჩრდილოკავკასიური დიასპორა. 27 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართა კავკასიური დიასპორის თავყრილობა, სადაც დომინანტი იყო ჩეჩნური მხარე, მაგრამ იქ სხვებიც მასშტაბურად იყვნენ წარმოდგენილი. ისინი ორგანიზებულ სტრუქტურებს ქმნიან, ანუ რუსეთის მარცხისთვის ემზადებიან. ეს ჩანს უკრაინაშიც – თუ თავიდან იყო ერთი ჩეჩნური ბატალიონი, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძოდა, დღეს უკვე ხუთია, მათგან ოთხი ჩეჩნური და ერთი დაღესტნურია. შეიძლება ძალიან მრავალრიცხოვანი ბატალიონები არ არის, მაგრამ უკვე მათ არსებობას აქვს დიდი გავლენა და მნიშვნელობა, მით უფრო ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც რუსეთის პერმანენტული მარცხისა და უამრავი ჩრდილოკავკასიელის დაღუპვის გამო განწყობები სულ უფრო რადიკალური ხდება. განსაკუთრებით დაღესტანშია უკმაყოფილება, სადაც უკრაინის ფრონტიდან უკვე ბევრი მებრძოლი ჩაასვენეს.

ნატოს ხელმძღვანელობა ყოველივე ამას კარგად აანალიზებს, დასკვნებს აკეთებს და იმოქმედებს კიდეც შესაბამისად. საქართველოს ხელისუფლება იფრთხილებს თუ არა, ეს მთავარი თემა არ არის. ნატოსთვის მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიაში პროცესების გაკონტროლება და ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლებასთან ითანამშრომლებს სამომავლო პერსპექტივისთვის.…”-ექსპერტი მამუკა არეშიძე.

kvirispalitra.ge

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share