“ჩემი და რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ერთობლივმა კინოსცენარმა, რომელიც “გურული დღიურების” მოტივებზეა აგებული, შვეიცარიის, ლუქსემბურგის და ბულგარეთის ნაციონალური ფონდების კონკურსები მოიგო”- ეს კარგი ამბავი გიორგი კეკელიძემ მის გამომწერებსა და გულშემატკივრებს ფეისბუქ პოსტით გვახარა.
თუ რას გულისხმობს ნაციონალური ფონდების კონკურსების მოგება, როდის და სად გადაიღებენ ფილმს, ამ ყველაფერზე დაწვრილებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად jolo.ge გიორგის დაუკავშირდა.
-გიორგი, რამდენად ელოდებოდით ამ კონკურსებზე თქვენი და ლევან კოღუაშვილის ერთობლივი კინოსცენარის გამარჯვებას? მოგვიყევით თქვენს ემოციებზე.
-ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ჩემი და ლევანის კინოსცენარი კონკურსებზე ასეთი წარმატებული აღმოჩნდა. ჩემთვის ეს გამარჯვება ძალიან ემოციური გამოდგა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ დებიუტის ასეთი წარმატება ნებისმიერი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ცხადია, ეს ყველაფერი, დიდწილად, ფილმის რეჟისორის ლევან კოღუაშვილის დამსახურებაა, რომელიც ძალიან სერიოზულად ჩაერთო ამ პროექტში, მან რეალურად განსაზღვრა სცენარის წარმატებაც, რადგან ლევანი საუკეთესო ქართველი რეჟისორი და საუკეთესო სპეციალისტია ამ მიმართულებით. ჩვენმა სცენარმა პირველად საქართველოს კინოცენტრის კონკურსში გაიმარჯვა, უკვე ამის შემდეგ წარვადგინეთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კონკურსებში, რომლებიც ნაციონალურია და შესაბამისად გულისხმობს ამ ქვეყნების მონაწილეობასა და ჩართულობას ფილმში, რაც ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანია.
-რას გულისხმობს ამ ქვეყნების ჩართულობა პროექტში?
-ეს არის დიდწილად ფინანსური მხარდაჭერა მათი მხრიდან, რაც ამავდროულად გულისხმობს კო-პროდუქციის ერთგვარ არსებობასაც და ამ ქვეყნების უშუალო ჩართულობასა და მონაწილეობას სხვადასხვა თვალსაზრისით.
-როგორ და როდის დაიწყო თქვენი და ლევანის თანამშრომლობა?
-მაშინ, როცა ლევანმა ჩემი წიგნი “გურული დღიურები” წაიკითხა და იქ ისეთი “პასაჟები” აღმოაჩინა, რომლებიც გარკვეულწილად კინემატოგრაფიული იყო და შესაბამისად დაინტერესდა გურიით, როგორც კინოსთვის ძალიან საინტერესო ლოკაციით და თემატიკებით, რომელიც ამ ლოკაციას თან ახლდა, განსაკუთრებით 90- იან წლებში. ჩვენ ერთობლივად რამდენჯერმე ვიმოგზაურეთ გურიაში, ჩავწერეთ უამრავი ადამიანი, მოვისმინეთ არაერთი ისტორია. მოგვიანებით, ამ სცენარზე მუშაობაში, ამერიკაში მოღვაწე, ბორის ფრუმინი ჩაერთო, რომელიც კინოს ცნობილი სპეციალისტია. მან სერიოზული შტრიხები შეიტანა სცენარში. სცენარზე მიშაობამ სამი წელი გასტანა და ჯერჯერობით საბოლოო ფორმა მაინც არ მიუღია.
-რაზეა ეს კინოსცენარი, რა დოზითაა ჩართული “გურული დღიურების” მოტივები მასში?
-ამ სცენარის ინსპირაცია ნამდვილად იყო “გურული დღიურები”, თუმცა შემდეგ იმდენად მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა სცენარმა, რომ უშუალოდ დღიურებთან პირდაპირი კავშირი მას ნაკლებად აქვს. ეს კინოსცენარი არის ადამიანებზე, იმ წლებზე, რომლებიც ბევრი ჩვენგანისთვის მრავალმხრივ მნიშვნელოვანი, დრამატული და ძალიან ტრაგიკულია, მაგრამ ამავდროულად გაჯერებულია ადამიანური ისტორიებით. ვგულისხმობ 90-იან წლებში მოცემულ რეგიონის ცხოვრებას. რეალურად ეს არის ადამიანური ისტორიები იმაზე, თუ როგორ უნდა შეინარჩუნო შენ საკუთარი თავი, ადამიანობა, გნებავთ სიკეთე, იმ რთულ მოცემულობაში, რასაც გულისხმობდა უშუქობა, ეკონომიკური კრიზისი, ყაჩაღობა, ომი და ა.შ.
-რა ერქმევა ფილმს და როდისთვის იგეგმება მისი გადაღება?
-ფილმის სამუშაო და ვფიქრობ საბოლოო სახელია “გურია”. ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ გადაღებებს სექტემბერში დავიწყებთ. ჯერ კიდევ თანხის ძიების პროცესში ვართ. სცენარი ისევ განაგრძობს სხვადასხვა კონკურსებზე მოგზაურობას და ვფიქრობ დანარჩენი კონკურსების შედეგებიც ისეთივე იქნება, როგორიც იყო არსებული, შესაბამისად ჩვენც მოვახერხებთ ფილმზე მუშაობის დაწყებას.
-ფილმის მთავარი გადასაღები ლოკაცია გურია იქნება?
-რა თქმა უნდა, ძირითადი ლოკაცია იქნება გურია. გადაღებები დიდწილად საქართველოში იგეგმება. შევხედავთ, ჩვენმა პარტნიორებმა განსხვავებული რაღაც თუ შემოგვთავაზეს, სცენარში ცვლილებების გათვალისწინებით შეიძლება ლოკაციაც გაფართოვდეს.
-შესაძლებელია რომ ფილმში ერთ-ერთ პერსონაჟად თქვენც გიხილოთ?
-არა, ეგ გამორიცხულია, იმიტომ რომ ძალიან სუსტი სამსახიობო უნარები მაქვს.
-მოგწონთ ლევანის ფილმები? როგორი რეჟისორია?
-მომწონს. მე ვფიქრობ რომ ლევანი ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი რეჟისორია. მას უკვე ძალიან ბევრი აქვს ნათქვამი და გაცილებით უფრო დიდ და მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის მომავალშიც.
-როგორც აღნიშნეთ, სასცენარო მიმართულებით ეს თქვენი დებიუტია, როგორ მოირგეთ ეს ამპლუა და ისევ გააგრძელებთ თუ არა მუშაობას ამ მიმართულებით?
-ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მუშაობის გაგრძელებას სწორედ ამ კუთხით ვაპირებ. მინდა რეჟისურაც შევისწავლო და კინოში რეალურად მოვსინჯო ჩემი თავი.
-გიორგი, თქვენს სამომავლო გეგმებში კიდევ რა შედის?
-აქტიურად ვმუშაობ ბიბლიოთეკაში. მალე გავხსნით პრესის მუზეუმს, რომელიც ქართული პრესის ისტორიას იგულისხმებს და ამ ხრივ მნიშვნელოვანი იქნება. ამავდროულად ვაპირებთ მუშაობის დაწყებას დამწერლობის მუზეუმზე. ასევე, უახლოეს მომავალში ქართული სამკითხველოს გახსნა იგეგმება რომში, ნეაპოლსა და დუბლინში. ეს პროექტი მსოფლიოს არაერთ ქალაქში უკვე განვახორციელეთ. ძალიან აქტიურია ქართული დიასპორა. ყოველდღიურად სხვადასხვა ქალაქებიდან, უამრავი ემიგრანტისგან, ვიღებთ მოთხოვნას და ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ.
-თქვენი წიგნი “თომას ზღაპრები” საფრანგეთის, იტალიის, ჩინეთისა და თურქეთის შემდეგ, სულ ახლახანს კანადაში გამოიცა. ალბათ ეს დიდი სტიმულია ახალ წიგნის დასაწერად. მუშაობთ თუ არა ახალ წიგნზე?
-“თომას ზღაპრები” კანადასა და აშშ ში ერთობლივად გამოიცა. ჯერჯერობით წარდგენა არ ყოფილა, თუმცა მომავალი წლისთვის იგეგმება და ვფიქრობ წიგნის პერსონაჟებს საინტერესო მოგზაურობა ელოდებათ. რაც შეეხება ახალ წიგნს, ჯერ მუშაობა არ დამიწყია, თუმცა გეგმები მაქვს და ვაპირებ გააქტიურებას ძირითადად პოეზიის მიმართულებით.