გურიის მოამბე

პროევროპული პეტიციის ხელმოწერის გამო საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამათავისუფლეს – ქეთი ფრუიძე

პროევროპული პეტიციის ხელმოწერის გამო საგარეო საქმეთა სამინისტროდან თანამშრომლები გაათავსუფლეს, – ამის შესახებ ქეთი ფრუიძე სოციალურ ქსელში წერს და იმ დეტალებზე საუბრობს, რომელიც მისი გათავსუფლების მიზეზი გახდა.

ფრუიძის თქმით, სამინისტროში რეორგანიზაციის ფარგლებში, შტატის გაუქმების გარეშე მის პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადეს, რაშიც მან მონაწილოება არ მიიღო.

“კარგად ვიცოდი რას ემსახურებოდა ეს მასკარადი – კრიტიკული პოზიციის მქონე საჯარო მოხელეების, მათ შორის ჩემს დამცირებას და გატეხვას“,– წერს ფრუიძე.

დღეს ოფიციალურად გამათავისუფლეს სამსახურიდან და ბოლო სამუშაო დღე მქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ასე დასრულდა ჩემი თითქმის 5 წლიანი კარიერა ამ სტრუქტურაში. მე არ მივიღე მონაწილეობა “რეორგანიზაციის” საფარს ამოფარებულ პროცესში, სადაც შტატის გაუქმების გარეშე კონკურსი გამოაცხადეს ჩემს პოზიციაზე. კარგად ვიცოდი რას ემსახურებოდა ეს მასკარადი – კრიტიკული პოზიციის მქონე საჯარო მოხელეების, მათ შორის ჩემს დამცირებას და გატეხვას. ამ პროცესის მიზანი თავიდანვე იყო ჩვენი სამაგალითოდ დასჯა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში რეორგანიზაციის პროცესი სხვა საჯარო სამსახურებთან შედარებით გვიან დაიწყო. ეს ნაწილობრივ ალბათ განაპირობა იმანაც, რომ ჩვენს შემთხვევაში ძალიან ბევრი ხელმომწერი ჰყავდა ცნობილ პეტიციას, სადაც ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს უალტერნატივოდ მივიჩნევდით და მტკიცედ ვუჭერდით მხარს კონსტიტუციის 78-ე მუხლს.

დღესაც ამ აზრზე ვარ – მტკიცედ მწამს ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის და მიმაჩნია რომ ეს არჩევანი უალტერნატივოა საქართველოს მსგავს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის. ვამაყობ იმ კოლეგებით ვინც ძალიან მნიშვნელოვანი შრომა და წინააღმდეგობა გასწია ამ პროცესში, ქვეყნის ინტერესები პირად ინტერესებზე წინ დააყენა და უბრალოდ არ გაჩუმდა უსამართლობაზე და ქვეყნის უკუსვლაზე, ბევრი მიმართულებით, იქნება ეს ადამიანის უფლებები, საგარეო პოლიტიკა თუ სხვა.

ავტორიტარიზმი ლაკმუსის ქაღალდივითაა. ის ყველაზე უკეთ წარმოაჩენს ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ღირებულებების, ქვეყნის ინტერესების ერთგულნი რჩებიან ნებისმიერ სიტუაციაში და მეორეს მხრივ ადამიანებს, რომლებიც სხვისი უბედურების და ქვეყნის ინტერესების დაზიანების ხარჯზე ითბობენ ხელს. ასეთი ადამიანები აუცილებლად ამახსოვრდება ისტორიასაც. აქ დაგემშვიდობებით. აუცილებლად შევხვდებით უკეთეს საქართველოში!,- წერს ქეთი ფრუიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights