„ქართული ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლების მაღალჩინოსნების უმრავლესობა, შვილებს კვლავ არ ასწავლის საჯარო სკოლაში და არჩევანს კერძო სკოლებზე აკეთებენ.
ისინი წლის განმავლობაში, ათასობით ლარებს, დოლარებს და ევროებს ხარჯავენ იმისთვის, რომ შვილები პრესტიჟულ სკოლებში ჰყავდეთ, სადაც დაცული იქნება მათი შვილების უსაფრთხოება.
„ოცნების“ მთავრობის წარმომადგენლები, საკუთარი შვილებისთვის სწორედ დასავლურ განათლებას და ცხოვრებას ირჩევენ, სხვისი შვილებისთვის კი გაუმართავი ინფრასტრუქტურა, გაურემონტებელი სკოლები და ნაკლებად დაცული გარემო ემეტებათ.
საჯარო სკოლებში, სადაც ერთ შენობაში ხშირად რამდენიმე სკოლაა შესახლებული, დანგრეული სკოლები კი წლობით ვერ შენდება, ბავშვები მოკლებული არიან მათზე მორგებულ გარემოს. პრობლემად რჩება სკოლებში ბავშვების კვების საკითხიც და ყოველ არჩევნებზე გაცემული დაპირების მიუხედავად, „ოცნება“ ვერ იმეტებს თანხებს საჯარო სკოლებში მშიერი ბავშვების გამოსაკვებად. მაშინ, როცა მილიონით ლარი პარტიულ ღონისძიებებზე და კონცერტებზე იხარჯება, თავად კი ხალხს არწმუნებენ, რომ ქვეყანაში ეკონომიკა იზრდება.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 2025 წელს გამოქვეყნებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, შვილებს კერძო სკოლაში ასწავლის.
კობახიძეს ორი შვილის სწავლის საფასური წელიწადში 38 347 ლარი დაუჯდა.
„ევროპულ სკოლაში“ ასწავლის შვილებს „ოცნების“ შს მინისტრი გეკა გელაძეც, სადაც გარემოც უსაფრთხოა, კვების სისტემაც მოწესრიგებულია და განათლებაც ბავშვზეა ორიენტირებული.
სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიებით და ტექნოლოგიებით.
გეკა გელაძეს ორი შვილი ჰყავს. დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს მას, 20 793 ლარი აქვს გადახდილი შვილის სწავლაში საქართველოში.
ასევე გადახდილი აქვს 35 097 ფუნტი, ლონდონის (LLP UNIVERSITY OF EXETER) უნივერსიტეტში, სადაც სავარაუდოდ მისი მეორე შვილი იღებს განათლებას.
ლაშა ხუციშვილიც „ქართული ოცნების“ ფინანსთა მინისტრია და მისი შვილებისთვის ისიც ფასიან სკოლებს ამჯობინებს.
მასაც ორი შვილი ჰყავს და 2025 წლის დეკლარაციის მიხედვით, ხუციშვილს 14 000 ლარი აქვს გადახდილი ორი შვილის განათლებაში.
ფასიან სკოლაში სწავლობენ დავით სონღულაშვილის შვილებიც.
სონღულაშვილი, რომელმაც პარლამენტში ყოფნისას რუსული კანონის მიღებას დაუჭირა მხარი, დღეს კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე იმყოფება, სამივე შვილს ფასიან სკოლაში ასწავლის.
მან 18 195 ლარი გადაიხადა შვილების განათლებაში გასულ წელს.
მიხეილ სარჯველაძე, „ოცნების“ კიდევ ერთი მინისტრი, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტ იკავებს, შვილის სწავლაში 5 000 ლარს იხდის წელიწადში.
შვილების განათლება გასულ წელს 15 000 ლარი და 3 000 ევრო დაუჯდა შალვა გოგოლაძესაც, „ოცნების“ სპორტის მინისტრს.
საკუთარი შვილების განათლებაში ფულს არც ნინო წილოსანი ზოგავს, ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეული „ქართული ოცნების“ პარლამენტის დეპუტატი.
2025 წლის დეკლარაციის მიხედვით, წილოსანმა შვილები უხვად დაასაჩუქრა.
15 646 ლარი გადაიხადა ერთი შვილის სწავლაში, მეორე შვილს 15 820 ფუნტი აჩუქა, მესამე შვილს კი 46 850 ამერიკული დოლარი.
ფრანგულ სკოლაში აძლევს განათლებას საკუთარ შვილს თეა წულუკიანიც. რომელმაც 2025 წელს ე.წ. საპარლამენტო კომისია შექმნა და 2008 წლის აგვისტოს ომში ბრალი პირდაპირ საქართველოს დასდო. სიტყვიერი ბრალდება დოკუმენტურადაც გააფორმა და ამით ოკუპანტი რუსეთისგან და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობის ქებაც დაიმსახურა.
თეა წულუკიანს შვილისთვის ევროპული განათლების მიღება წელიწადში ათასობით ლარი უჯდება.
2025 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, გასულს წელს შვილის სწავლის საფასური 6 440 ლარი, წულუკიანის მეუღლემ ნუგზარ კაკულიამ გადაიხადა. იმის წინა წელს კი – 14 635 ლარი, თეა წულუკიანმა გადაიხადა.
გიორგი კახიანი, „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი ასევე ფასიან სკოლაში ატარებს შვილს. 2025 წელს ქონებრივი დეკლარაცია ჯერ არ წამოუდგენია, 2024 წლის დეკლარაციის მიხედვით კი, შვილის სწავლაში 8250 ამერიკული დოლარი გადაიხადა.
ილია ინჯიაც „ოცნების“ პარლამენტის დეპუტატია, რომელიც ასევე გამორჩეულად ანტიდასავლელი და პრორუსი ყოფილი დეპუტატის, ფრიდონ ინჯიას შვილია.
ინჯიამ და მისმა მეუღლემ გასულ წელს ორი შვილის სწავლაში 12 500 ლარი გადაიხადეს.
რა ხდება ამ დროს საჯარო სკოლებში? – სახელმწიფოს ერთი ბავშვისთვის მაღალკონტიგენტიან სკოლებისთვის ვაუჩერის სახით გამოყოფილი აქვს 500 ლარი. ეს თანხა ზოგ შემთხვევაში სკოლებს ხელფასის გასაცემადაც არ ჰყოფნით. იქ, სადაც მოსწავლეების კონტიგენტი მცირეა, ამ შემთხვევაში ვაუჩერი დაახლოებით 700 ლარიდან იწყება.
___
„ქართული ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლება, ყოველდღიურად ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელ ნაბიჯებს დგამს, რაც საქართველოს იზოლაციაში აქცევს და აშორებს დასავლურ სამყაროს.
„ოცნების“ ანტიდასავლური პოლიტიკის გამო, საქართველო დადგა ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის დაკარგვის საფრთხის წინაშე, რაც ასევე დიდ ზიანს მიაყენებს ამ ქვეყნის მოსახლეობას. ევროპასთან ჩაკეტილი კარები, საქართველოს მოსახლეობას, ქართველ ახალგაზრდებს წაართმევს არა მარტო ხარისხიანი განათლების უფლებას, ქვეყანა დაკარგავს განვითარების და ეკონომიკური წინსვლის შესაძლებლობას.
კიდევ უფრო მეტად გაიზრდება საფრთხეები ოკუპანტი რუსეთიდან.
batumelebi.ge