მარი კაიშაური რვა წელია საფრანგეთში, სტრასბურგში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. მისი თქმით, თუ ქართველმა ხალხმა დაკარგა ევროპაში თავისუფალი მიმოსვლის უფლება, ის დაკარგავს ბევრ სიკეთეს, „პირველ რიგში კი, ჯანდაცვის უფლებას“.
მარი კაიშაური ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხეებზე “ბათუმელებს” ესაუბრა.
„ცივილურ სამყაროს მოვწყდებით სამუდამოდ.
გარდა ამისა, ძალიან დიდი პრობლემები შეექმნებათ ადამიანებს ჯანდაცვის სფეროში, რადგან ვიზალიბერალიზაციამ ასეულობით ქართველს მისცა შესაძლებლობა, ჩამოსულიყვნენ საფრანგეთში და შეენარჩუნებინათ სიცოცხლე.
გავრილოვის ღამის მერე აქტივისტი გავხდი, ასოციაცია „თამარიელის“ დამფუძნებელი ვარ და სხვა ემიგრანტებთან ერთად ვიბრძვი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.
საქართველოშიც ადამიანის უფლებების მიმართულებით ვმუშაობდი და ვიცი, რამდენ სფეროში და როგორ ირღვევა მოწყვლადი ჯგუფების უფლებები ჩვენს ქვეყანაში.
ვიზალიბერალიზაციის დაკარგვა უკიდურეს მდგომარეობამდე მიიყვანს ბევრ ადამიანს ბევრი მიმართულებით. ვერ შეძლებენ მკურნალობას ევროპაში და თუ დაიწყებენ მკურნალობას, ვერ შეძლებს მკურნალობის ბოლომდე მიყვანას, პრობლემა იქნება ზუსტი დიაგნოსტირების, ბევრი სარისკო ოპერაციის წინაშე დადგებიან, რეაბილიტაციაზე აღარ ვლაპარაკობ საერთოდ.
ლეიკემიით და სხვა სიმსივნური დაავადებების მკურნალობა ხომ ისედაც პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში და ადამიანებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა ევროპაში ჩამოვიდნენ სამკურნალოდ.
უამრავი ადამიანი ვიცი, რომელიც მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ ევროპაში ჩამოვიდა სამკურნალოდ. სიმსივნურის გარდა, სხვა უამრავი დაავადება არსებობს, რომლის მკურნალობაზეც უბრალოდ აღარ ექნებათ წვდომა ადამიანებს.
ამ ყველაფერს დღეს გვაძლევს ევროპა და ახლა ვკარგავთ ერთი დიქტატორის ხუშტურის და რუსეთის გამო. თვალები უნდა გავახილოთ ყველამ და გავიაზროთ, რომ ევროპის გარეშე ვერ ვიქნებით დაცული საქართველოში.
შეიძლება ვიღაცას შენი გამოხედვა არ მოეწონოს და მარტო ამის გამო დაგიჭირონ, ან ერთი სიტყვის გამო მოგკლან. არაფერი უნდა გაგვიკვირდეს, რადგან სამართალი არ გვაქვს, სასამართლო აღარ არსებობს.
ქალზე ძალადობის პრობლემა ევროპაში ფაქტობრივად აღმოფხვრილია, მაქსიმალურად დაცულია ქალი ოჯახის წევრების ძალადობისგანაც და სხვა ტიპის ძალადობისგანაც, რადგან პრევენციული ზომები მუშაობს. ჩვენთან კი ყველა წითელი ხაზი გადაკვეთილია.
დაუცველი არიან ბავშვები და ხშირად განიცდიან ფსიქოლოგიურ წნეხს. მუდმივი სტრესის ქვეშ ყოფნა კი აავადებს ადამიანებს და თუ ასე დიდხანს გაგრძელდა, ფსიქოლოგიური განადგურებაც გვემუქრება?!
ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის დაკარგვა მძიმედ აისახება ჩვენზე, ემიგრანტებზეც, რადგან დავკარგავთ კავშირებს ოჯახებთან, ახლობელ ადამიანებთან. პრობლემები შეიქმნება ფულის გადარიცხვებშიც. 90-იანებშიც ემიგრაციამ შეინახა საქართველო და ახლაც ემიგრაცია ინახავს, მაგრამ ევროპას თუ დავშორდებით, ეკონომიკური ურთიერთობებიც გართულდება.
ქართველ ხალხს გენოციდისკენ მიაქანებს „ოცნების“ მთავრობა. პირადი გამდიდრების იქეთ არაფერი ამოძრავებთ, მიტაცებული აქვთ ქვეყანა.
ევროპაში ვარ ამდენი წელია და ვხედავ რას მაძლევს ის. ეკონომიკური სიკეთეების გარდა მაქვს ადამიანური სიმშვიდე, მყარად და დაცულად ვგრძნობ აქ თავს. ადამიანი ვერ განვითარდება თუ არ აქვს სტაბილურობის და დაცულობის შეგრძნება.
ამიტომ, ჩვენივე მომავლისთვის ჩვენვე უნდა ვიბრძოლოთ. ნუ დაველოდებით სხვას, რადგან მასე ველოდეთ ვიღაცებს და მივიღეთ ბიძინა.
ყველამ ვიპოვოთ საკუთარ თავში პასუხისმგებლობა, ჩვენი მომავალი ჩვენი გადასაწყვეტია. ინდივიდუალური პასუხისმგებლობებია საჭირო და მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ ჩვენი სახელმწიფოს დასაბრუნებლად“ – ამბობს მარი კაიშაური.
იგი ამბობს, რომ ემიგრანტები ცდილობენ ხმა მიაწვდინონ ევროპის პარლამენტს. არაერთი წერილით თუ პეტიციით მიმართეს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის მთავრობებს, ევროპარლამენტს და მოითხოვენ, სანქციები დაუწესონ ყველა იმ პირს, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას და აძლიერებს რუსულ რეჟიმს ქვეყანაში.
„პლატფორმა „ერთობის” ბორდის დამფუძნებელიც ვარ, ვთანამშრომლობ სხვადასხვა ემიგრანტულ ასოციაციებთან, ვცდილობთ ჩავშალოთ თემები და წინ წამოვწიო ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა. ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები დარღვეულია და ქვეყანა მიექანება დიქტატურისკენ.
მართალია, ივანიშვილი და მისი გარემოცვა ცდილობს ყველაფერი მიიტაცოს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ მიწას ხომ ვერ მიიბამენ სხეულზე? თუ მივაღწევთ იმას, რომ დავიბრუნოთ ქვეყანა, მიტაცებულ მიწა-წყალსაც დავიბრუნებთ. როცა კანონი იმუშავებს და სასამართლო სასამართლოს დაემსგავსება.
საქართველო ჩვენია, მოქალაქეების და არა ერთეულების. არც ივანიშვილის ბაღჩაა, საქართველო სახელმწიფოა და ხალხს გვეკუთვნის“- ამბობს მარი კაიშაური.
მისი თქმით, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში საქართველოში ჩამოსვლას უკვე ვეღარ ახერხებს, რადგან არ არის გამორიცხული რომ დააკავონ.
„თეა წულუკიანი რომ იყო სტრასბურგში, მაშინ აქ ემიგრანტებმა საკადრისი პასუხი გავეცით და არ მივეცით საშუალება თავისუფლად ესეირნათ ქუჩებში. ამის გამო, როგორც ვიცი, მიჩივის წულუკიანი და გამოძიებაც არის დაწყებული. რომ ჩამოვიდე, დარწმუნებული ვარ, დამაკავებენ.
თუმცა არ ვჩერდები, არც მე და არც სხვა ემიგრანტები და ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ აქედან რეჟიმის შესაცვლელად“- გვეუბნება მარი.
საუბარში მარი კაიშაური თვითმმართველობის არჩევნებსაც შეეხო. მისი თქმით, არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ ჩატარებული არჩევნებიც უკანონოა და მასში მონაწილეობა არავინ უნდა მიიღოს.
„თუ ვამბობთ, რომ არალეგიტიმური მთავრობა გვყავს და არ ვაღიარებთ, როგორ შეიძლება მათ მიერ ბაღის გახსნაც კი ლეგიტიმურად ჩავთვალოთ. როცა მათ მიერ ჩატარებულ არჩევნებში შედიხარ, გამოდის, მის აღიარებას უწყობ ხელს.
იმ ხალხს, ვინც არჩევნებში შედის, თუ ქართველობის ოდნავი ნაპერწკალი შერჩათ, მაინც უნდა დადგნენ ხალხის მხარეს და არჩევნებში მონაწილეობის მიუხედავად, გავიდნენ რუსთაველზე.
თუ ეს მომენტი გავუშვით, თუ დავკარგეთ ვიზალიბერალიზაცია, ალბათ საუკუნეები დაგვჭირდება იმისთვის, რომ უკან დავიბრუნოთ ჩვენი საქართველო.
ასმაგად ტრავმულია ჩემი აქ ყოფნა, როცა ვერ ვახერხებ ფიზიკურად მანდ ყოფნას, მაგრამ სულით მანდ ვარ და აქედან ვიბრძვი ჩემი ქვეყნის თავისუფლებისთვის“- ამბობს მარი კაიშაური.