პატრიარქის 90 წელი

4 იანვარს საქართველოს პატრიარქს 90 წელი შეუსრულდა. ილია მეორე ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნდობით აღჭურვილი საჯარო პირი და ამავდროულად, საზოგადოების ნაწილის მხრიდან მწვავე კრიტიკის ხშირი სამიზნეა. რადიო თავისუფლებამ 90 წლის პატრიარქის ბიოგრაფიის საკვანძო ეტაპებს გადახედა.

„რაცა ვარ, ვარ ჩემი მშობლების ლოცვით“

1933 წლის 4 იანვარს კავკასიის ქედს მიღმა, ვლადიკავკაზში, მაშინდელ ორჯონიკიძეში, გიორგი შიოლაშვილსა და ნატალია კობაიძეს ვაჟი შეეძინათ. ერეკლე მეორის პატივსაცემად ახალშობილს ირაკლი დაარქვეს. მის გარდა ოჯახში კიდევ ოთხი ბავშვი იზრდებოდა: თეიმურაზი, შოთა, ვიქტორი და ნინო.

შიოლაშვილების გვარი ყაზბეგიდან, სოფელ სნოდან მოდის – ისინი შიოლა ღუდუშაურის შთამომავლები არიან. მომავალი პატრიარქის მშობლები მორწმუნეები იყვნენ. მათ ვლადიკავკაზში ღვთისმშობლის საფარველის ტაძარიც ააშენეს. მათ ოჯახს ხშირად დევნილი სასულიერო პირებიც აფარებდნენ თავს. მოგვიანებით, პატრიარქი იხსენებდა, რომ როდესაც მათთან მოსული სტუმრები საკიდზე ანაფორებს ჩამოკიდებდნენ, ჩუმად შეიპარებოდა და ჩაიცმევდა ხოლმე.

გერგეთის ტაძარი ყაზბეგში
გერგეთის ტაძარი ყაზბეგში

„მე რაცა ვარ, ვარ ჩემი მშობლების ლოცვით.. ახლობლები მეუბნებოდნენ, ძალიან გიყვარს ცხოველები და ზოოტექნიკოსობა ისწავლეო. შევიტანე განცხადება ტექნიკუმში.. უფროსი ძმა მყავდა, რომელიც გარდაიცვალა. სპეციალურად ჩამოვიდა ყაზბეგიდან და დამტუქსა. ახლავე წადი და გამოიტანე ის განცხადება, შენ ჯერ საშუალო სკოლა უნდა დაამთავრო და მერე სადაც გინდა იქ წადიო, – გაიხსენა ილია მეორემ ახალგაზრდებთან შეხვედრისას და შემდეგ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის თბილი ურთიერთობის აუცილებლობაზე ისაუბრა, – „ისე დავამთავრე საშუალო სკოლა მასწავლებელს ერთი ტკბილი სიტყვა არ უთქვამს. დიდი მანძილი იყო ჩემსა და მასწავლებლებს შორის. არც მე ვუყვარდი მასწავლებლებს, არც მე მიყვარდა მასწავლებლები“.

სახელის ძალა

სკოლის დამთავრების შემდეგ ირაკლი შიოლაშვილმა სწავლა ჯერ მოსკოვის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა, შემდეგ – სასულიერო აკადემიაში. მიუხედავად ახალგაზრდობისა, თავიდანვე რთული გზა – შავი სამღვდელოება აირჩია. 1957 წელს 24 წლისა ბერად აღკვეცეს.

„ჩემი აღკვეცა წმიდა ალექსანდრე ნეველის ეკლესიაში შედგა. დიდი მარხვის ბოლო კვირა, ვნების შვიდეულის სამშაბათი იყო. ჩემს აღკვეცას არ ესწრებოდა არცერთი ქართველი. აი, ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში იყო საქართველოს ეკლესია..

აღკვეცის დროს, როცა მონოზვნებმა თავიანთი მანტიები გადამაფარეს, რატომღაც მეგონა, რომ „ერეკლეს“ მიწოდებდნენ.. მეუფე ზინობმა კი უეცრად წარმოთქვა: „ილია“. ეს მოულოდნელი იყო ჩემთვის და თითქოს შევწუხდი კიდეც ამის გამო. სიტყვას და მით უფრო სახელს აქვს საოცრად დიდი ძალა. როცა ბავშვს სახელს ვარქმევთ, აუცილებლად უნდა ჩავიხედოთ კალენდარში და გავიგოთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ სახელს, როგორ ითარგმნება იგი. „ერეკლე“ ნიშნავს ფიზიკურ ძალას, „ილია“ კი – ღვთის ძალას. საოცარი დამთხვევა მოხდა – ფიზიკური ძალა ღვთის ძალით შეიცვალა. ეს იყო განგება ღვთისა!“ – თქვა პატრიარქმა 2004 წელს, ილიაობის დღესასწაულზე.

ბერი ილია 1967 წელს ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად აკურთხეს, სადაც ის 1977 წლამდე დარჩა. 1977 წლის ნოემბერში გარდაიცვალა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი დავით მეხუთე (დევდარიანი). ამავე წლის 23 დეკემბერს სიონში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მე-12 კრება შეიკრიბა. ეკლესიის მეთაურად მიტროპოლიტი ილია აირჩიეს. მან მიიღო წოდება უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ილია მეორე.

46 წლის წინ ახალ პატრიარქს დახვდა 34 მოქმედი ეკლესია, 4 მონასტერი, 80 სასულიერო პირი. 2007 წელს, პატრიარქის აღსაყდრებიდან 30 წლის თავზე, საქართველოში უკვე 1500 მოქმედ ეკლესიას, 140 მონასტერს და 3200 სასულიერო პირს ითვლიდნენ.

კონსტანტინოპოლის აღიარება

1979 წლის მაისში ილია მეორე დელეგაციით ეწვია კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს და მოითხოვა განეხილათ სამი საკითხი: საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია; ეკლესიის მეთაურის საპატრიარქო ტიტული; საქართველოს ეკლესიის ადგილი მართლმადიდებლურ ეკლესიათა დიპტრიხში.

საპასუხოდ კონსტანტინოპოლის ეკლესიამ ისტორიული დოკუმენტები მოითხოვა. ეს დოკუმენტები საპატრიარქომ ქართველი მეცნიერების დახმარებით შეაგროვა და 1990 წელს მსოფლიო საპატრიარქო ცენტრმა მიიღო დადგენილება: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისა და ეკლესიის მეთაურის საპატრიარქო ტიტულის ცნობის შესახებ.​

9 აპრილი

საბჭოთა რეჟიმის პერიოდში ეკლესიაში მხოლოდ ერთეულები შედიოდნენ, მაგრამ ეროვნული მოძრაობის გაძლიერებასთან ერთად, სარწმუნოება, ერის ფუძემდებლური – „მამული, ენა, სარწმუნოების“ – ტრიადიდან, ეროვნულობის ნაწილი გახდა.

პატრიარქი ხალხმა გაიცნო, განსაკუთრებით 1998 წლის 9 აპრილის შემდეგ, როდესაც ილია მეორე, სისხლიანი დარბევის დაწყებამდე, რუსთაველზე შეკრებილ მომიტინგეებთან მივიდა და მოუწოდა ქაშუეთში შესულიყვნენ.

„გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ აბრძანდეთ ახლა და წავიდეთ ერთად ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში და მადლობა შევწიროთ უფალს”.

9 აპრილს გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ პატრიარქის ამ სიტყვებს ჩოჩქოლი და შეძახილები მოჰყვა: „არა“, „ფიცი გვაქვს ნათქვამი“, „არც ერთი ნაბიჯი უკან“…

ისმის ილია მეორისა და ეროვნული მოძრაობის ლიდერის ზვიად გამსახურდიას საუბარიც.

– ეს საშიშროება რეალურია.

– რა ვქნათ, უწმინდესო, აბა, რა ვქნათ?! ერთხელ დავიბადეთ, ერთხელ მოვკვდებით. აბა, რა ვქნათ?! ისედაც გვსპობენ და..

„მოგწონს-არ მოგწონს კეთილგანწყობილი უნდა იყო“

პატრიარქის აღსაყდრებიდან ანუ 1977 წლიდან დღემდე საქართველოში რამდენჯერმე შეიცვალა სახელმწიფოს მეთაური, მმართველი პარტია. ილია მეორე მარჯვედ აბალანსებდა ურთიერთობებს ხელისუფლებებთან – მოესწრო საქართველოს სსრკ კომპარტიის სამ პირველ მდივანს: ედუარდ შევარდნაძეს, ჯუმბერ პატიაშვილს და გივი გუმბარიძეს, შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას და „მრგვალ მაგიდას“, მალევე სამხედრო გადატრიალებას, ისევ ედუარდ შევარდნაძეს და „მოქალაქეთა კავშირს“, რომელიც „ვარდების რევოლუციით“ მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაანაცვლა, სულ ბოლოს – „ქართულ ოცნებას“ და ორ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილსა და სალომე ზურაბიშვილს.

ილია მეორე და გივი გუმბარიძე
ილია მეორე და გივი გუმბარიძე
ილია მეორე და ირაკლი ღარიბაშვილი
ილია მეორე და ირაკლი ღარიბაშვილი

სახელმწიფოს პირველი პირები ყოველთვის ცდილობ(დ)ენ ხალხისთვის ეჩვენებინათ, რომ ეკლესიის მეთაურთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ. საზოგადოების ნაწილისთვის გაუგებარი რჩებოდა, რატომ არ გამოხატავდა პატრიარქი მკაფიო პოზიციას ხელისუფლებების შეცვლისას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ძალადობით ხდებოდა:

„ეს პატრიარქის ჯვარია[ხელისუფალი] შენი ერის მეთაურიასათავეში დგას და მოგწონს-არ მოგწონს კეთილგანწყობილი უნდა იყო, რომ საერთო საქმე არ დაზიანდესის ამას ახერხებდამღვდელს შეუძლია ბევრად უფრო თავისუფლად გამოხატოს თავისი პოლიტიკური შეხედულებები, პატრიარქი შეზღუდულიააბა, რთული რატომ არის პატრიარქობა? იმიტომ რომ ბევრი ტაბუირებული თემაა და ბევრ რამეზე უნდა იფიქრო“, – ეუბნება მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ალექსანდრე (გალდავა) რადიო თავისუფლებას.

წირვა სვეტიცხოველში ზვიად გამსახურდიას ხელმეორედ დაკრძალვისას, 2007 წელი.
წირვა სვეტიცხოველში ზვიად გამსახურდიას ხელმეორედ დაკრძალვისას, 2007 წელი.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მომხრეების ნაწილი დღემდე მიიჩნევს, რომ პატრიარქმა არათუ არაფერი იღონა სამოქალაქო ომის შესაჩერებლად, არამედ გვერდით დაუდგა ედუარდ შევარდნაძეს, რომელმაც დამხობილი პრეზიდენტის ადგილი დაიკავა.

ზვიად გამსახურდიამ საქართველო 1992 წლის 6 იანვარს, ქრისტესშობის ღამეს დატოვა. მაშინდელ საშობაო ეპისტოლეში პატრიარქი წერს, რომ ეკლესიამ არაერთხელ სცადა დაპირისპირებული მხარეების შერიგება, მაგრამ საპატრიარქოში გამართულმა შეხვედრებმა შედეგი არ გამოიღო.

საქართველოს ისტორიაში მოხდა მეტად სავალალო ფაქტი: ერი დაიყო. ქალაქებსა და სოფლებში, სამსახურებში მოსახლეობა დაუპირისპირდა ერთმანეთს: დაუპირისპირდნენ თაობები, ოჯახის წევრები.. მოსახლეობის ნაწილის გაღიზიანება გამოვლინდა ეკლესიის მიმართაც. იმის ნაცვლად, რომ ეკლესია თვითონ დაეცვათ პოლიტიკისაგან და ამ მძიმე ჟამს ერის ერთობის, მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის აღევლინათ გულმხურვალე ლოცვა ღვთისადმი, მას დაპირისპირებულ მხარეთა შორის არჩევანის გაკეთება მოსთხოვეს.. განა შეიძლება, ეკლესია დადგეს პოლიტიკის გამო ორად გახლეჩილი ერის რომელიმე მხარეს და თავისი მხარდაჭერით მისცეს მორალური უფლება ერის ერთ ნაწილს მეორის გასანადგურებლად?“ – წერდა პატრიარქი.

ის, რომ ილია მეორე ხშირად ერიდება ღია ტექსტით საუბარს შემდეგაც არაერთხელ გახდა განსჯის საგანი, მაშინ როცა ეკლესიის გარშემო ატეხილ მრავალ და ხშირად სკანდალურ ხმაურზე, პატრიარქმა მკვეთრი და ცხადი პოზიცია არ გამოხატა. ასეთი იყო მაგალითად, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საქმე, სატელეფონო მოსმენების საქმე, სასულიერო პირების მხრიდან ძეგლის სტატუსის მქონე ტაძრების დაზიანების მაგალითები, ეკლესიაში მომხდარი განხეთქილება, ტომოსის საკითხი და სხვა.​

ცხოვრება ურდოს მერე

1990-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და პატრიარქის ავტორიტეტი თანდათან ძლიერდება. აიგო სამების საკათედრო ტაძარი. გაიხსნა თბილისისა და გელათის სასულიერო აკადემიები, თბილისის საღვთისმეტყველო ინსტიტუტი, სასულიერო სემინარიები, ახალი ეპარქიები.

პატრიარქი მეტეხის ხიდზე, 100 ათასი მოწამის დღესასწაულზე.
პატრიარქი მეტეხის ხიდზე, 100 ათასი მოწამის დღესასწაულზე.

დეკანოზი ალექსანდრე (გალდავა) საუბრობს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ პატრიარქმა ისევ დაიწყო წმინდანად შერაცხვა – გარდა იმისა, რომ რუსეთის საქართველოში შემოჭრის შემდეგ ტაძრები არ შენდებოდა და ხატები არ იქმნებოდა, საქართველოს ეკლესიას წმინდანადაც არავინ შეურაცხავს.

„პატრიარქმა დაიწყო ახალი წმინდანების შერაცხვა, მათგან ძალიან ბევრი საერო პირია, მაგალითად ილია ჭავჭავაძე, ექვთიმე თაყაიშვილი… აღდგა ხუროთმოძღვრება, ხატწერა, ტრადიციული გალობამანამდე გამარტივებული წესით გალობდნენ. უამრავი ახალი საღვთისმეტყველო ლიტერატურა ითარგმნა. ღვთისმეტყველების დოქტორები გვყავს, სულ რაღაც 10 წლის წინ ესენიც არ გვყავდნენ. რასაკვირველია, გვინდა, ხარისხი უკეთესი იყოს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ხელები და ფეხები გვქონდა დამტვრეული, მსოფლიო ჩემპიონობას ვერავის მოსთხოვ, 200 წელი რუსეთის ურდოში ვიყავით“, – ამბობს დეკანოზი.​

კონკორდატი და ადამიანის უფლებები

2002 წლის 14 ოქტომბერს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონსტიტუციური შეთანხმება დაიდო. სახელმწიფომ ცნო, რომ 1) ეკლესია წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს; 2) ეკლესიის საკუთრებას წარმოადგენს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებული მართლმადიდებლური ტაძრები, მონასტრები (მოქმედი და არამოქმედი), მიწის ნაკვეთები, რომლებზეც ისინი არის განლაგებული და სხვა, მათ შორის სახელმწიფო მუზეუმებში, საცავებში დაცული საეკლესიო საგანძური, რომლის დაცვასა და მოვლა-პატრონობას სახელმწიფო და ეკლესია ერთობლივად კისრულობენ.

ეს შეთანხმება დღემდე სადავოა. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ის დისკრიმინაციულია, რადგან საქართველოში არსებული რელიგიური უმცირესობები იგივე უფლებებით არ სარგებლობენ.

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი მიიჩნევს, რომ სწორედ ადამიანის უფლებების დარღვევა ან მისი წახალისება არის ის პრობლემა, რომლის გამოც საზოგადოების ნაწილი ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ სკეპტიკურად განეწყო. რადგან თუ ქვეყანაში ადამიანის უფლებები ირღვევა, ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყანას გეზი არა დასავლეთისკენ, არამედ ისევ რუსეთისკენ აქვს აღებული.

„ჩემი აზრით, პატრიარქი საბჭოთა ეპოქაში ნაკურთხი სასულიერო პირების იმ ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებიც საგანგებოდ იყვნენ შერჩეული იმისთვის, რომ ემსახურათ ეკლესიაში და პარალელურად მომსახურებოდნენ სახელმწიფოსაც. იმ პერიოდის სასულიერო პირები, როგორც წესი, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის „მზრუნველობის“ ქვეშ იყვნენ… დღეს საპატრიარქოსთან არის დაკავშირებული ყველა ის ძალა, რომელიც იბრძვის დასავლეთის და დემოკრატიული ღირებულების წინააღმდეგ“ – ამბობს ბექა მინდიაშვილი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.​

2008 წელი

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს პატრიარქი კონფლიქტის ზონაში შევიდა, ჩაიტანა ჰუმანიტარული დახმარება, იქიდან კი დაჭრილები წამოიყვანა. გადმოასვენა გარდაცვლილი სამხედროებიც.

პატრიაქმა გორში ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა, 15 აგვისტო, 2008 წელი.
პატრიაქმა გორში ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა, 15 აგვისტო, 2008 წელი.

2008 წელსვე, ერის გამრავლების წასახალისებლად, ილია მეორემ დანერგა საყოველთაო ნათლობის ტრადიციაც. თუ წყვილი მესამე და შემდეგ ბავშვს გააჩენს, მისი ნათლია, მშობლების სურვილის შემთხვევაში, თავად პატრიარქი ხდება.

საყოველთაო ნათლობა, 2012 წელი.
საყოველთაო ნათლობა, 2012 წელი.

ციანიდის საქმე

2017 წლის 10 თებერვალს თბილისის აეროპორტში დააკავეს დეკანოზი გიორგი მამალაძე. მას, პროკურატურის გამოძიების თანახმად, პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მომზადების მცდელობა ედება ბრალად. ეს საქმე შემდეგ „ციანიდის საქმის“ სახელით გახდა ცნობილი. მკვლელობის მომზადების მცდელობისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის დეკანოზს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. დროთა განმავლობაში ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან დამძიმდა, მაგრამ ის დღემდე ციხეში რჩება. დეკანოზი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

მიუხედავად არაერთი მოწოდებისა და თხოვნისა, პატრიარქი არ თანხმდება უშუამდგომლოს დეკანოზ მამალაძის შეწყალებით გათავისუფლებას.​

რუსეთ-უკრაინის ომი

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. იმავე დღეს ილია მეორემ ტვიტერზე დაწერა: „საომარი მოქმედებები უკრაინაში, რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს; წინააღმდეგ შემთხვევაში, ის გადაიქცევა მსოფლიო ტრაგედიად!“.

პატრიარქმა აკურთხა საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული ცენტრი „დავითიანი“ უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარება შეეგროვებინათ და გაეგზავნათ.

მეორე მხრივ, საზოგადოების ნაწილი გაღიზიანდა იმის გამო, რომ ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს კირილს ძველებურად მიულოცა დაბადების და აღსაყდრების დღეები.

„რუსეთს საქართველოს ორი ეპარქია აქვს ოკუპირებულიასე ადვილად ვერ დაუწყებ ლანძღვა-გინებას. მას ბევრი ბერკეტი აქვსრომ ეს ეპარქიები ეკლესიურად ჩამოგაჭრას. ჯერ არ აკეთებს ამას. ულტიმატუმებით დიდი ქვეყნები ლაპარაკობენ. როცა პატარა ქვეყანა ხარ ულტიმატუმებით ვერავის დაელაპარაკები. ხალხი ამის გამო ხანდახან განიკითხავს პატრიარქს – ამას რატომ არ აკეთებსიმას რატომ არ აკეთებს. იმიტომ არ აკეთებსრომ ვერ აკეთებს“, – ასე ხსნის რუსეთთან ფრთხილ დამოკიდებულებას დეკანოზი ალექსანდრე გალდავა.​

ყველაზე დიდი მიღწევა

სასულიერო პირები ხშირად აღნიშნავენ, რომ მიუხედავად ასაკისა და ავადმყოფობისა ილია მეორეს არ უყვარს წირვის გაცდენა. თუმცა, ისევ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ის ვეღარ ახერხებს ძველებურად ხშირად გამოჩნდეს მრევლთან.

„მე ვფიქრობ, რომ ბევრი რამ გაკეთდა, რა თქმა უნდა, ღვთის ლოცვა- კურთხევით და წმინდა სინოდის და სამღვდელოების დახმარებით… მაგრამ ყველაზე დიდი, რაც გაკეთდა ჩემი მოღვაწეობის დროს, ეს არის შვიდი ლოცვა, რომელსაც დაუბრუნდა ქართველი ხალხი“, – ამბობს ილია მეორე საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერით. შვიდგზის ლოცვა დღეში შვიდჯერ, კონკრეტულ საათებში ლოცვას გულისხმობს. ამ წესის არსი ისაა, რომ ხალხი სხვადასხვა ადგილას, მაგრამ ერთდროულად ლოცულობს, – „ამ დროს ერთიანდება საქართველო, ერთიანდება მთელი ერი, ასობით და ათასობით და მილიონობით ადამიანი ერთიანდება და უფალი ბრძანებს, სადაც ერთი და ორი ადამიანი არის ჩემი სახელით, მე ვარ მათ შორის“.

წყარო – რადიო თავისუფლება

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share