ვინ დგას პატრიარქის სახელით დაწერილი წერილის უკან, რომლის ადრესატიც მიხეილ სააკაშვილია? ეს საკითხი ახლა საზოგადოების განსჯის საგანი გახდა. წერილში, რომელიც პატიმარმა პრეზიდენტმა “ვივამედის” პალატაში მიიღო, წერია: “გისურვებთ ჯანმრთელობას, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად”. სწორედ ბოლო ფრაზა გახდა საზოგადოებაში და განსაკუთრებით სოციალურ ქსელში დიდი ვნებათაღელვის მიზეზი. მოქალაქეების ნაწილი ფიქრობს, რომ ასეთი შინაარსის წერილს ილია მეორე არ დაწერდა და მისი სახელი უბრალოდ გამოიყენეს.
პირადი მიმოწერის გარდა საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ამ დრომდე არ დაუფიქსირებია. გამონაკლისია, მხოლოდ ცალკეული მღდელმთავრები, რომლებიც ღიად აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას. მათ შორის მეუფე ნიკოლოზი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ხშირად ნახულობს და ღიად მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი პრეზიდენტი სამკურნალოდ გადაიყვანონ.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის განსამუხტავად საპატრიარქოს აქტიურობა შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
ტვ პირველი