“საზოგადოებაში თანდათან ამკვიდრებენ აზრს, რომ საქართველოს ევროპის მოკავშირეობა არ სჭირდება” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ევროპელი“ ეს იყო თანამედროვე საქართველოს პოლიტიკური (გნებავთ, კულტურული) დისკურსის სლოგანური გამოხატულება, რომელიც აქამდე არ გადასინჯულა. 

დღეს ამ სლოგანს გაუჩნდა ალტერნატივები: „მე ვარ ქართველი და არავითარი მაშასადამე“, ან „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, მხოლოდ ქართველი“ და ა.შ.

ვინმე იტყვის, რომ ეს დემოკრატიის, კერძოდ, სიტყვის თავისუფლების გამოხატვაში ჯდება. რომ ჯდება, სწორედ ამაშია საქმე: საზოგადოებაში თანდათან ამკვიდრებენ აზრს, რომ საქართველოს ევროპის (ზოგადად, დასავლეთის) მოკავშირეობა არ სჭირდება. ამაზე მუშაობს დღეს ხელისუფლების პროპაგანდა, თავისი მედიითა და კონფორმისტი ექსპერტებით.

ზოგჯერ ეს ანტიევროპული პროპაგანდა შენიღბულია. მაგალითად, ამბობენ, რომ საქართველოს არა ასეთი, არამედ ნამდვილი ევროპა სჭირდება (თითქოს ეს „ნამდვილი“ ევროპა სადღაც არსებობს, როგორც დაჩაგრული და უნდა გამოიხსნას ვინმემ), ან იშველიებენ ილიას ფრაზას „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“ (თითქოს ეს ფრაზა იზოლაციისკენ მოწოდებას ნიშნავს) და ა.შ.

საბოლოო ჯამში, მოწოდება „მე ვარ ქართველი და არავითარი მაშასადამე“ უბრალოდ იზოლაციონიზმი კი არ არის (იზოლაციაში დღეს მეგა სახელმწიფოებიც კი არ/ვერ არსებობენ), არამედ, მაგალითად, ევრაზიულ კავშირში გამწესება, რაც რუსეთის კოლონიურ სივრცეში დაბრუნების ტოლფასია”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share