ქალაქი ბუჩა, 3 აპრილი3 აპრილს, უკრაინიდან გავრცელებულმა ფოტოებმა, ვიდეოებმა თუ ამბებმა, მსოფლიო კიდევ ერთხელ შეაძრწუნა. კიევის ოლქში, უკრაინული ძალების მიერ გათავისუფლებულ ქალაქ ბუჩაში შესულ სამხედროებს რუსული ჯარების მიერ მოწყობილი ნამდვილი სასაკლაო დახვდათ – ქუჩებში დახოცილი ხელფეხშეკრული მოქალაქეები. სარდაფებში დახვრეტილი ქალები და კაცები, მათ შორის, ბავშვები. დასახიჩრებული, ნახევრადდამწვარი ქალების ცხედრები.
გენერალური პროკურატურის ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ ბუჩაში პირველიდან სამი აპრილის ჩათვლით, 410 ცხედარი იპოვეს. მათგან 140-ის იდენტიფიცირება უკვე მოხერხდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის შესახებ ყველა ბრალდება უარყო. 3 აპრილს გამოქვეყნებულ სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა ფოტო და ვიდეომასალა პროვოკაციაა და “დადგმულია კიევის რეჟიმის მიერ დასავლური მედიისთვის”.
ქალაქი ბუჩა არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც უკრაინაში შეჭრის დღიდან მოყოლებული, რუსულმა არმიამ ომის დანაშაულის ფაქტები ჩაიდინა. უკრაინის ხელისუფლება, სამხედროები თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები ვარაუდობენ, რომ კიდევ უფრო შემზარავი იქნება ის ინფორმაცია, ფოტოები თუ ვიდეოები, რაც რუსი სამხედროების მიერ ალყაშემორტყმული მარიუპოლიდან გავრცელდება. საპორტო ქალაქიდან, რომლის 90% სრულადაა განადგურებული და რომლის დატოვებასაც ათობით ათასი ადამიანი ჯერ ისევ ვერ ახერხებს. ისინი ხუთი კვირაა გაუსაძლის პირობებში, საჭმლისა და სასმელი წყლის გარეშე, გამუდმებული დაბომბვის ქვეშ, გარესამყაროსგან მოწყვეტილები ცდილობენ გადარჩენას.
უკრაინის გენერალური პროკურატურა ახლა სათითაოდ აგროვებს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ომისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების ფაქტებს, მოწმეებსა და თვითმხილველებს. ირინა ვენედიქტოვა, გენერალური პროკურორი სოციალურ ქსელში წერს, რომ დანაშაულის ფაქტებს რამდენიმე ათეული სამართალდამცავი და პროკურორი იძიებს.
უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ ბუჩაში შესულ სამხედროებს გარდა ნაწამები და მოკლული კაცებისა, იქ დახვდათ დასახიჩრებული, ნახევრადდამწვარი, დახვრეტილი ქალებისა და არასრულწლოვნების ცხედრები. ვრცელდება ინფორმაცია გაუპატიურებული ბავშვების შესახებაც.
53 წლის სერგეი ტოროვიკი, ტერიტორიული დაცვის ძალების ჯარისკაცი, რომელიც ომამდე მებაღე იყო და ბუჩის მკვიდრია, The Times-ის ჟურნალისტს აღუწერს რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულების რამდენიმე ფაქტს. ის ყვება ერთ-ერთი სახლის სარდაფში ნაპოვნი ქალების, არასრულწლოვნებისა და კაცების დახვრეტილი გვამების შესახებ:
„რუსი ჯარისკაცები მხეცებზე უარესები არიან. ცხოველი არ გააკეთებს იმას, რაც მათ ჩაიდინეს“ და თან ჟურნალისტს აფრთხილებს: „აქ ბევრი ნაღმია. ყველგან ნაღმები დატოვეს. სახლებში, ეზოებში, გზებზე“.
კაცი ამბობს, რომ ორი დღის წინ ნახა, როგორ ჭამდა ძაღლი ქუჩაში დაგდებული ქალის გვამს, მაგრამ უარესი სცენა თურმე წინ ელოდა:
„18 გვამი ვიპოვეთ. სასტიკად იყვნენ ნაწამები. ზოგს ყურები ჰქონდა მოჭრილი. ზოგს კბილები დამძვრალი. მათ შორის იყვნენ მოზარდები, დაახლოებით 14, 16 წლისები. გუშინ გაიტანეს გვამები სამხედროებმა“.
ანატოლი ფედორუკი, ბუჩის მერი, Associated France Press-ს ეუბნება, რომ სარდაფში ნაპოვნ ცხედრებს ხელები ზურგს უკან ჰქონდათ შეკრული და ტყვიები კეფაში ნასროლი. ამბობს, რომ მოკლულთა შორის, რომლებიც მან თავად ნახა, ყველაზე პატარა 14 წლის იყო.
2 აპრილს, ფოტოგრაფმა მიხაილ პალინჩაკმა გადაიღო ფოტო კიევიდან 20 კილომეტრში, გზატკეცილზე. ოთხ ცხედარს ზეწარი აქვს გადაფარებული. როგორც პალინჩაკი წერს, მათგან სამი ქალი იყო. ისინი შიშვლები და ნახევრადდამწვრები იყვნენ.
ქალებისა და არასრულწლოვნების გაუპატიურების შესახებ აქვეყნებენ ტვიტერის საკუთარ გვერდებზე ინფორმაციას რადის დეპუტატები. მათ შორის, ლესია ვასილენკო:
„რუსი ჯარისკაცები ძარცვავენ, აუპატიურებენ და კლავენ. 10 წლის გოგონები დაფლეთილი გენიტალიებით. რუსი კაცები აკეთებენ ამას. რუსი დედები ზრდიან მათ“, – დაწერა 3 აპრილს დეპუტატმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე.
გაუპატიურებული ბავშვების შესახებ წერს სოციალურ ქსელში უკრაინელი ჟურნალისტი იევჰენ სპირინი:
“ზოგიერთ დახოცილ ბავშვს ხელები ჰქონდა შეკრული. ბავშვებს უკრავდნენ ხელებს. ბავშვებს. დახოცეს ძაღლები. ქალები არიან მოკლულები. 10 წლამდე გოგონებს გენიტალიები აქვთ დაფლეთილი. ირპენი, ბუჩა, დმიტრიევკა. როგორ უნდა ვიცხოვროთ ამით? და საერთოდ ღირს კი ცხოვრება?”.
რადიო თავისუფლება