ჩვენი მხრიდან გადადგმული აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი იყო არა მარტო სწორი, არამედ უალტერნატივოც. ამან მოგვცა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის, სიმშვიდის შენარჩუნების საშუალება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, არეულობის შემოტანის, მშვიდობის დარღვევის უამრავი მცდელობის მიუხედავად, საბოლოო ჯამში, მოხერხდა საქართველოს ეროვნული ინტერესების ბოლომდე დაცვა.
„მე ვიტყოდი, რომ გუნდი მოწოდების სიმაღლეზე დადგა. ვფიქრობ, რომ ჩვენი მხრიდან გადადგმული აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი იყო არა მარტო სწორი, არამედ უალტერნატივოც. ამან მოგვცა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის, სიმშვიდის შენარჩუნების საშუალება. მიუხედავად იმისა, რომ იყო უამრავი მცდელობა არეულობის შემოტანის, მშვიდობის დარღვევის, საბოლოო ჯამში, მოვახერხეთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ბოლომდე დაცვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე განმარტებით, მუდმივი პოლიტიკური ბრძოლების მიუხედავად, ყველაფერი კეთდება, რათა ქვეყანამ ეკონომიკურად წინ წაიწიოს და ამის შედეგია, რომ 2021-2022 წლებში საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.