“სააკაშვილი შეიძლება კვდება, მაგრამ მისი მემკვიდრეობა პუტინს გაუძლებს” – ამ სათაურით რუსული დამოუკიდებელი ტელეარხ “დოჟდის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ეკატერინე კონტრიკაძე გამოცემა Israel Hayom-ში სტატიას აქვეყნებს.
სტატიაში ავტორი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და პატიმრობაზე საუბრობს:
“მე არ ვიცი შესაძლებელია თუ არა მისი დაბრუნება, მაგრამ სულ მცირე, ჩვენ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ ის იცოცხლებს. პრობლემა ისაა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება – ქართული ოცნება – პოლიტიკური პარტია, ასევე ოლიგარქი და საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ რაც სააკაშვილმა გააკეთა, ყველაფერი არასწორი იყო, მათ შორის ევროკავშირისკენ სწრაფვა. ივანიშვილის რეჟიმი თავს იკავებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისგან, სულ უფრო მეტ პოლიტპატიმარს აკავებს და უგულებელყოფს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებებს, თანაგრძნობა გამოავლინოს სააკაშვილის მიმართ“, – წერს სტატიის ავტორი.
ეკატერინე კონტრიძე, ასევე, წერს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისა და რუსეთის ურთიერთობაზე. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან თავის დასაღწევად საქართველოში არაერთი რუსეთის მოქალაქე ჩამოდის, “ქართული ოცნება” “მტკიცედ ინარჩუნებს რუსეთისთვის უვიზო რეჟიმის შენარჩუნების აუცილებლობას, მაგრამ სულ უფრო და უფრო ხშირად უარს ამბობენ დამოუკიდებელი რუსი ჟურნალისტებისა და ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტების შესვლაზე”.
“სავარაუდოა, რომ საქართველოს ხელისუფლება თავად არაგონივრულ მდგომარეობაშია: მათ არ სურთ სააკაშვილის მოკვლა იმ შედეგების გამო, რაც მას მოჰყვება, თუმცა არც მისი გათავისუფლებით არიან დაინტერესებული.
ზოგი იტყვის, რომ სააკაშვილმა წააგო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ის იქნება გამარჯვებული: საქართველოში ახალგაზრდები საკმაოდ პროგრესულები არიან და აცნობიერებენ დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების ღირებულებას. როგორც კი პუტინის რეჟიმი დაინგრევა, ივანიშვილის რეჟიმი მიჰყვება. მაგრამ ეს არ მოხდება ხვალ ან ზეგ და სააკაშვილს არ აქვს დროის ფუფუნება“, – ვკითხულობთ სტატიაში.