ევროპარლამენტმა საგარეო და უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის იმპლემენტაციის ყოველწლიური ანგარიში დაამტკიცა. დოკუმენტში საქართველოზეცაა საუბარი.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ “საქართველო იყო პირველი ქვეყანა, საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც განიცადა რუსული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია 2008 წლის აგვისტოში, როდესაც რუსეთი ცდილობდა ძალით შეეცვალა სუვერენული სახელმწიფოს საზღვრები ევროპაში, დაეკავებინა რეგიონები, რომლებიც საქართველოს განუყოფელი ნაწილია – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი — და გადაედგა ნაბიჯები მათი დე ფაქტო ანექსიისკენ, ეთნიკური წმენდის შედეგად ასობით ათასი ადამიანი სახლებიდან გაეძევებინა და საოკუპაციო ხაზების საშუალებით დაეყო საზოგადოებები;
გარდა ამისა, დოკუმენტში წერია, რომ კვლავაც იმეორებენ მოწოდებას, შეასრულოს რუსეთმა თავისი ვალდებულებები, რომლებიც გათვალისწინებულია ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებულ შეთანხმებაში;
ანაგრიშის ავტორები მოვუწოდებენ ევროკავშირს, “გააძლიეროს ჩართულობა კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საქმეში აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში”. დოკუმენტში წერია:
“ხაზს ვუსვამთ, რომ დაუსჯელობა, რომელიც მოჰყვა 2008 წლის საქართველოში შეჭრას, არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც დაუშვა რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ; ვთვლით, რომ უკრაინის გამარჯვება თავისუფლებას მოუტანს არა მხოლოდ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებს, მათ შორის დონბასსა და ყირიმს, არამედ ბელორუსიასაც და გადამწყვეტი იქნება საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის;
მოვუწოდებთ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს, მოამზადოს საფუძვლიანი ანგარიში 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შესახებ, იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირს, როგორც შუამავალს, ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაში; მოვუწოდებთ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს, გამოავლინოს და გვაცნობოს იმ დებულებების შესახებ, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის შესრულებული რუსეთის ფედერაციის მიერ და წარადგინოს რეკომენდაციები, რომლებმაც შეიძლება აიძულოს რუსეთის ფედერაცია შეასრულოს ისინი, კერძოდ, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დაუშვას ქვეყანაში საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების დანერგვა და მისცეს ევროკავშირს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შეუფერხებელი წვდომის უფლება მისი მანდატის შესაბამისად; კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს, ისევე როგორც დასავლეთ ბალკანეთის ხალხების მომავალი ევროკავშირის ფარგლებშია;
კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ერთგულებას გაფართოებისადმი, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს და რომელიც უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, არის გეოსტრატეგიული ინვესტიცია სტაბილურ, ძლიერ და ერთიან ევროკავშირში; მტკიცედ გვწამს, რომ ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის პერსპექტივა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ცდილობენ გახდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, არის თავად კავშირის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესებში; მოვუწოდებთ საქართველოს, შეასრულოს კომისიის მიერ შედგენილი და ევროსაბჭოს მიერ 2022 წლის 23 და 24 ივნისის დასკვნებში დამტკიცებული პრიორიტეტები“.
გარდა ამისა, ავტორები მიესალმებიან კომისიის მიერ გამოცხადებულ ზომებს, როგორიცაა შიდა ბაზარზე წვდომა და როუმინგის საფასურის მოხსნა:
“გვჯერა, რომ იგივე ზომები გავრცელდება მოლდოვის რესპუბლიკასა და საქართველოს მიმართ, რომლებსაც თანაბრად სჭირდებათ ევროკავშირის მხარდაჭერის ძლიერი სიგნალები და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიმართული კონკრეტული ნაბიჯები, ძლიერი დესტაბილიზაციის ძალების გამო, რომლებიც ემუქრებიან მათ დემოკრატიებს;
კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ევროკავშირის ერთგულებას უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობისადმი მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მხარს ვუჭერთ მათ ძალისხმევას ამ პრინციპების სრულად განსახორციელებლად; ხაზს ვუსვამთ წევრი სახელმწიფოების ერთიანობისა და სოლიდარობის მნიშვნელობას ამ კუთხით;
უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, ისევე როგორც ლუკაშენკოს რეჟიმის გაძლიერებისკენ მიმართულ ნაბიჯებს ბელორუსიაში; მოვუწოდებთ რუსეთის ხელმძღვანელობას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს ქმედებები და უპირობოდ გაიყვანოს ჯარები უკრაინის და ნებისმიერი სხვა ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან, განსაკუთრებით საქართველოდან და მოლდოვის რესპუბლიკიდან, რომელთა ტერიტორია ან მისი ნაწილები უკანონოდ არის ოკუპირებული;
სრულად დოკუმენტი შეგიძლიათ ნახოთ აქ.