“ამ შენობის ჩადგმა ე.წ. სამკუთხას პარკში ვისი იდეა იყო? მუნიციპალური განვითარების ფონდმა თავად მოიფიქრა თუ ოზურგეთიდან მიაწოდეს?
ეს ვიტრაჟებიანი უფარდო და უჟალუზო “გასახდელია”, რომლის აქ ჩადგმას ორი მრავალწლიანი ჭადარი შეეწირა, გახსნიდან 2 წლის შემდეგ უკვე სარემონტოა და გახსნიდანვე უფუნქციო” – კითხულობს სოციალურ ქსელ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე სამოქალაქო აქტივისტი გრიგოლ მახარაძე.
ოზურგეთში, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, სამკუთხა პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წელს დაიწყო.
პროექტის ფარგლებში, პარკის ტერიტორიაზე ერთი სავარჯიშო და ორი საბავშვო გასართობი მოედანი, მინი ფეხბურთის, კალათბურთის და ტენისის სტადიონები, გასახდელი მოსასვენებელი ოთახით, ბილიკები და ნახევრად დახურული ფანჩატური მოეწყო. აღსანიშნავია, რომ გამოიცვალა პარკის და მოედნების განათებები. პერიმეტრის ტერიტორია მთლიანად შეიღობა და გარშემო ტროტუარები დაიგო.
სამუშაოები შ.პ.ს. „ქართლმა“ განახორციელა, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით მოხდა და მისმა ღირებულებამ 1 873 753 ლარი შეადგინა.