საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილეს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობის განსაზღვრისა და გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დადგენილების პროექტის თანახმად, ფულადი დახმარების ოდენობა ჯამურად 1000 ლარის ნაცვლად 2000 ლარით განისაზღვრა.
„ამასთან, საჯარო სკოლის მასწავლებელს, ორსულობისა და მშობიარობის გამო, ბავშვის მოვლის გამო, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებად შვებულებებთან დაკავშირებით, ზემოაღნიშნულ დახმარებასთან ერთად, დამატებითი სოციალური დაცვის ღონისძიების სახით, მის მიერ შვებულებების პერიოდში მისაღები შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შესავსებად მიეცემა დამატებითი ანაზღაურება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში;
დადგენილების მოქმედება გავრცელდება იმ დასაქმებულებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 2023 წლის 1 იანვრიდან ისარგებლებენ ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებით, ბავშვის მოვლის გამო შვებულებითა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებით.
საქართველოს ორგანულ კანონში – „საქართველოს შრომის კოდექსში“ ზემოაღნიშნული ცვლილების განხორციელებამდე ე.წ. „დეკრეტული“ შვებულების ანაზღაურების ოდენობა 2014 წლიდან 1000 ლარს შეადგენდა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.