8 თებერვალს წმინდანად შერაცხული ქართველი მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნება. „დავითობას“ განსაკუთრებულად აღნიშნავენ ქუთაისში.
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლევან სანიკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა , გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტებმა და ჩოხოსნებმა დავით აღმაშენებლის ძეგლი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დიდი მეფის ხსოვნას.
„ დავითობის“ დღესასწაულს გილოცავთ გაერთიანებული საქართველოს პირველი დედაქალაქიდან! საქართველოს ყველაზე გამორჩეულმა მეფემ, დავით აღმაშენებელმა გააერთიანა და გააძლიერა ჩვენი ქვეყანა. მის სახელს უკავშირდება უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი რეფორმები,
დიადი საბრძოლო გამარჯვებები, ქვეყნის ძლიერების სიმბოლოდ ქცეული დიდგორის ბრძოლა, გელათის მშენებელობა, „გალობანი სინანულისანი“.
„დავითობა“ განსაკუთრებული დღეა ქუთაისისთვის, რადგან მეფეთ- მეფემ სწორედ ჩვენი ქალაქიდან ჩაუყარა საფუძველი ყველა საარაკო გამარჯვებას.
დღეს პატივი მივაგეთ დიდი მეფის ხსოვნას , ყვავილებით შევამკეთ დავით აღმაშენებლის ძეგლი.
წმინდა დავით მეფის მადლი შეგვეწიოს სრულიად საქართველოს! “-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
,, ვულოცავ სრულიად საქართველოს წმინდა მეფე დავითის ხსენების დღეს. ჩვენს სამშობლოს ვუსურვებ, რომ კიდევ ერთხელ დაუდგეს ძლევაი საკვირველი. ქართველი მეფის, დავითის დიდი ღვაწლი არის, რომ დღევანდელ დღეს ჩვენი თვითმყოფადობა, სარწმუნოება და ქვეყანა გვაქვს შენარჩუნებული“ – ლევან სანიკიძე.