რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, გურიას ახალი ვიცეგუბერნატორი ჰყავს. ახალი პირობითად, რადგან ამ ვაკანტურ თანამდებობაზე, გურიის გუბერნატორად დანიშნულმა, ლურჯი ლენტების გაჭრაში დაოსტატებულმა გიორგი ურუშაძემ, გურულებისთვის კარგად ნაცნობი ქეთევან მოისწრაფეშვილი წარადგინა _ საჯარო მოხელე, რომელმაც 2014 წლიდან დღემდე, წარმატებით მოახერხა ყველას ნავში ყოფნა და პოზიციების გამყარება. თან ისე კარგად, რომ სახელმწიფო აუდიტის სკანდალური და კორუფციის დამამტკიცებელი დასკვნის მიუხედავად, რომელიც სწორედ მოისწრაფეშვილის გაზრდილ მადას ეხებოდა, უვნებლად ,,გამოძრა”.
უფრო რომ დავკონკრეტდეთ, გურიის ვიცეგუბერნატორად დანიშნეს პიროვნება, რომლის ოჯახმა, მისი თანამდებობის გამოყენებით, სახელმწიფო აუდიტის დასკვნის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტს 2 მილიონ ლარზე მეტის ზარალი მიაყენა.
საქმე ეხებაბ 2017 წელს ოზურგეთში ჩატარებულ ელექტრონულ აუქციონზე გამოტანილ მიწის ნაკვეთს, რომელიც კერძო პირმა, ვინმე ლილია კაზარიანმა 2.60 თეთრად შეიძინა, მიწის ნაკვეთის შესყიდვიდან 21 დღეში, დაყო ნაწილებად და ზუსტად იმავე ფასში, რა ფასშიც აუქციონზე იყიდა, მიჰყიდა 6 პიროვნებას. ამ ექვსიდან ერთ-ერთი მყიდველი, რომლის მფლობელობაში 20.1 ათასი კვ.მ (მთელი ფართობის 40%) მიწა გადაფორმდა, ქეთევან მოისწრაფეშვილის მამა, შალვა მოისწრაფეშვილი და ძმა _ ლაშა მოისწრაფეშვილი აღმოჩნდნენ. დაზუსტებული, გადამოწმებული ინფორმაციით, არცერთი მათგანი იმ პერიოდში არ მუშაობდა და არც მნიშვნელოვანი კაპიტალის მფლობელი გახლდათ.
ასე აღმოჩნდა მოისწრაფეშვილების მფლობელობაში 20.01კვ.მ მიწის ნაკვეთი ზღვიდან ხუთას მეტრში გროშებად და საკმაოდ საეჭვო გზებით, რაც აუდიტის დასკვნაშიც კარგად არის აღწერილი. უფრო კონკრეტულად კი გაყიდული ქონების რეალური საბაზრო ღირებულების დასადგენად, სახელმწიფო აუდიტის სამუშაო ჯგუფმა ჩაატარა დამატებითი პროცედურები და შეისწავლა მიმდებარე ტერიტორიებზე მიწის საბაზრო ფასი. აღმოჩნდა, რომ იმავე პერიოდში, მიმდებარე ნაკვეთების გაყიდვის ფასი 20-25 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობდა.
ამ მოცემულობით გაირკვა, რომ მხოლოდ ამ ერთი კონკრეტული მიწის ნაკვეთით ბიუჯეტისთვის მიყენებული ზარალი მუნიციპალიტეტის მიერ 2 248 200 ლარი იყო და ეს საქმე პროკურატურაშიც გადაიგზავნა, თუმცა უშედეგოდ, საგამოძიებო უწყებამ, ამ საქმეში მხოლოდ ერთი დამნაშავე იპოვა და ოზურგეთის ქონების მართვის სამსახურის უფროსი, მალხაზ გორგოშიძე დააკავა, რომელიც მოგვიანებით სასამართლომ 5 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და საქმეც თაროზე შემოიდო.
ერთი სიტყვით, როგორც გურიაში იტყვიან, მოისწრაფეშვილს ეს ყველაფერი ხახვივით შერჩა… როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ხახვის ფურცლების უკან, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე დგას, რომელიც, მოისწრაფეშვილის ოჯახის ახლობელია და სწორედ ჭიკაიძის დამსახურებაა, რომ წლებია მოისწრაფეშვილის მადით არავინ ინტერესდება.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ასევე ჭიკაიძის დამსახურებით წლებია გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებს მოისწრაფეშვილის ქმარი, ბესო ბოლქვაძე. მართალია, მისი საქმიანობის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი და გურიაში არც კარგი პოლიციელის სახელით სარგებლობს, თუმცა, ფაქტია, რომ ბოლქვაძეს, მისი ცოლის მსგავსად ხალხის გადახდილი გადასახადებიდან ათასობით ლარი პენსიასავით მისდის ყოველთვიურად… ამას სხვა სახელმწიფო რესურს _ ავტომობილს, სასწვავს, სატელეფონო ხარჯებსაც თუ დავუმატებთ, ადვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიცეგუბერნატორის ოჯახს “შავი დედალივით” გაუმართლა და როგორც წყარო ამბობს, კარგა ხანს ეგრეც იქნება, რადგან ქალბატონი ქეთევანი და მისი ქმარი ოცნების ის რესურსია, რომელიც არჩევნებზე ყველაფერზე წამსვლელია, მით უმეტეს, რომ “ზემოდან” ყურებით ჰყავთ დაჭერილი.
“გურიის მოამბე” შეეცადა დეტალები როგორც მოისწრაფეშვილთან, ასევე ბოლქვაძესთან გადაემოწმებინა, თუმცა, უშედეგოდ – არცერთმა მათგანმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა