პოლიციის უარი დავით დარჩიას – რატომ თქვა უარი ოზურგეთის პოლიციამ დეპუტატის დაპატიმრებაზე

ჩვენთვის ჯერ ჯერობით გაუგებარი მიზეზების გამო, პოლიციამ დეპუტატის დაპატიმრებაზე უარი განაცხადა – რამაც საკრებულოს ადმინისტრაციის აღშფოთება გამოიწვია.

(იხილეთ თანდართული ვიდეო)

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატის დაპატიმრებას საკრებულოს ადმინისტრაცია ცდილობდა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის, შალვა თავდიშვილის საკრებულოს სხდომის დროს დაპატიმრებას, საკრებულოს ადმინისტრაცია ითხოვდა.

“გურიის მოამბეს” მიერ გადაღებული ვიდეომასალის ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ, ამ მიზნით, ოზურგეთის საკრებულოს ადმინისტრაცია ზეწოლას ახორციელებდა ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარეზე დავით დარჩიასა და მის პირველ მოადგილეზე, ლავრენტი ბიგვავაზე.

ვიდეოდან ირკვევა, რომ ლავრენტი ბიგვავამ უარი განაცხადა პოლიციაში ზარის განხორციელებაზე და დიდი ალბათობით წინააღმდეგიც იყო – საკრებულოს სხდომაზე პოლიციის შეჭრის.

თუმცა ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა საკრებულოს თავმჯდომარეზე, დავით დარჩიაზე განახორციელეს ზეწოლა და ეს უკანასკნელი იძულებული გახადეს პოლიციისათვის საკუთარი ტელეფონიდან მიემართა.

ზეწოლას საკრებულოს ხელმძღვანელობაზე, როგორც ჩვენს მიერ გადაღებული ვიდეოდან ნათლად სჩანს, საკრებულოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნანა თავდუმაძე ახორციელებდა.

თავდუმაძე დავით დარჩიას ადგილიდან კარნახობდა განვითარებულ მოვლენებში პოლიციის ჩართვის აუცილებლობას, თუმცა როცა ადმინისტრაციის უფროსი ვერაფერს გახდა, ის უშუალოდ მივიდა დავით დარჩიასთან და ზარი განახორციელებინა.

თუ რატომ არ შეიჭრა პოლიცია საკრებულოს სხდომაზე და რატომ თქვეს პოლიციელებმა უარი დეპუტატის, სხდომის მსვლელობისას, დაკავებაზე – ეს ჯერჯერობით უცნობია.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბოლო სხდომაზე, გასული კვირის მიწურულს, ადგილი ჰქონდა  საკრებულოს დეპუტატის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, შალვა თავდიშვილისა და საკრებულოში მყოფი ოზურგეთის ვიცე მერის, გიორგი ღურჯუმელიძეს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას, რაც ურთიერთშეურაცხყოფასა და ლანძღვა გინებაში გადაიზარდა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე პოლიციის შევარდნა და ოპოზიციონერი დეპუტატების დაკავება ახალი ამბავი არ არის, გასული წლის მიწურულს, საკრებულოს მორიგი სხდომის დროს, სხდომათა დარბაზში პოლიცია შეიჭრა და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერი, დავით მჟავანაძე დააკავა. დაკავებული, სხდომაზე შეჭრილმა ოზურგეთელმა პოლიციელებმა, მალევე ფოთის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს და მას ბრალი წაუყენეს, თუმცა მოგვიანებით ის სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო და ბრალი მოუხსნა. იმავე  სხდომაზე პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მეორე ოპოზიციონერ დეპუტატს, შალვა თავდიშვილს და ის ძალის გამოყენებით საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს.

მომხდარი მკვეთრად უარყოფითად შეფასდა საზოგადოებაში, თუმცა ბევრისათვის მოულოდნელად – მთავარ ოპოზიციურ პარტიაში მომხდარს არანაირი რეაქცია არ მოყოლია.

მაშინ, ოზურგეთსი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მომხდარში ბრალი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ლავრენტი ბიგვავას მიუძღოდა, კონკრეტულად მის მიწოდებულ ცრუინფორმაციას სამართალდამცავებისადმი, თუმცა გასული კვირის მიწურულს, ოზურგეთის საკრებულოს სხდომათა დარბაზში განვითარებული მოვლენებიდან და მისი ვიდეოანალიზიდან მივდივართ დასკვნამდე, რომ როგორც მაშინ, ახლაც ყველაფერი საკრებულოს ადმინისტრაციიდან მოდიოდა და ბიგავავას – უბრალოდ “ხელი შეახოცეს”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share