ოზურგეთის ვიცე მერი საკრებულოს დეპუტატს: “მე და შენს შორის მტყუანის დედა მო…”

ოზურგეთის ვიცე მერი საკრებულოს დეპუტატს: “მე და შენს შორის მტყუანის დედა მო…”

გუშინ გამართული ოზურგეთის საკრებულოს მორიგი სხდომა, საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში, ოზურგეთის ვიცე მერის, გიორგი ღურჯუმელიძესა და ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, შალვა თავდიშვილს შორის მომხდარის, სიტყვიერი დაპირისპირების გამო მოექცა.

ვიცე მერმა და დეპუტატმა ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, დეპუტატმა ვიცე მერი კორუფციაში დაადანაშაულა, ამ უკანასკნელმა კი დეპუტატი რამდენიმე უხამსი ეპითეტით  შეამკო, რის შემდეგაც, მას დეპუტატმა იგივეთი უპასუხა.

დაპირისპირების კულმინაცია ვიცე მერის გინება იყო:

“მე და შენს შორის მტყუანის დედა…” შეიგინა ვიცე მერმა და შესაბამისი ჟესტიკულაციაც გააკეთა…

მანამდე კი მან დეპუტატს “სააკაშვილის ხელის ბიჭი”, “უნამუსო”, “უსირცხვილო”, “კეზერაშვილს ფულს დახარბებული”, “კორუმპირებული” და უამრავი სხვა რამ უწოდა.

თავის მხრივ დეპუტატმა თავდიშვილმა, ღურჯუმელიძეს “ოზურგეთის სირცხვილი”, “ყოვლად სამარცხვინო ადამიანი”, “კორუმპირებული ვირთხა” უწოდა, ოზურგეთის მერს, ავთანდილ თალაკვაძეს კი “გასტრალიორი”.

“პირველ რიგში ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, მაგრამ ღურჯუმელიძის უტიფრობა ყოველგვარ ზღვარს აჭარბებს. რატომ არ კადრულობს მერი საკრებულოს სხდომაზე მოსვლას, როგორ შეიძლება სულ მერიას საკრებულოზე ღურჟუმელიძე წარმოადგენდეს. მისი კონფრონტაციულობა, ავანტიურიზმში გარდამავალი არაკონსტრუქციულობა გაუსაძლის ქმნის საკრებულოში არა მუშაობას არამედ ყოფნასაც კი. როგორ შეიძლება ვიცე მერი დედაზე იგინებოდეს, თანაც საკრებულოს სხდომაზე, და დეპუტატთან პოლემიკისას, ეს ამაზრზენია იმ ფონზეც, როცა, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული, დედა ახალგარდაცვლილი ჰყავს. ამორალური ადამიანი ყოფილა, სინდის-ნამუსისაგან ბოლომდე დაცლილი” – გვითხრა “გურიის მოამბეს” დეპუტატმა შალვა თავდიშვილმა მომხდარის კომენტირებისას.

“მსგავს ფაქტს, რაიმე სახის გინებას ჩემი მხრიდან, ადგილი არ ჰქონია, საერთოდ,  ტყუილები ეს შალვა თავდიშვილის სტილია”

განუცხადა რედაქციას ოზურგეთის ვიცე მერმა გიორგი ღურჯუმელიძემ:

“ჩვენ დიდ პატივს ვცემთ მოქალაქეებს პირველ რიში და საკუთარ თავს, ასე რომ გინება ჩემი მხრიდან გამორიცხულია, თავდიშვილს ვურჩევ შეეშვას სიცრუის ტირაჟირებას. ეს ჩემი სტილი არ არის და მე მგონი ეს ყველამ იცის. ასე რომ თავდიშვილის სულელურ და ცრუ განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share