დღეს, 26 ნოემბრერს, ოზურგეთის პირველ საჯარო სკოლაში მოეწყო მასწავლებელთა საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც 2022 წლის მაისში პროექტი ჰარმონიის (PH International) მიერ განხორციელებული და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მეირ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამის, სახელწოდებით „სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით (CTEL-ITT)“-ის ფინალისტების მიერ მიღებული გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების გაზიარებას დაეთმო. CTEL-ITT გაცვლითი პროგრამის ფინალისტები ოზურგეთში გახლავთ ინგლისური ენისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლები : ნადია ქარდავა, ანა ნოზაძე, ირმა გორდელაძე და მარინა დოლიძე. გაცვლითი პროგრამის მონაწილეებისათვის ვიზიტები მოეწყო ჰარვარდის უნივერსიტეტსა და ვერმონტის შტატის საჯარო სკოლებში. გაკვეთილზე დაკვირვებას მოჰყვა პროფესიული დისკუსია და ბრიფინგი ამერიკელ კოლეგებთან და სტუდენტებთან ერთად. გაცვლითი პროგრამის მთავარი მიზანი იყო ინტეგრირებული და გუნდური სწავლების მოდელების ამერიკული გამოცდილების შესწავლა და მისი დანერგვის ხელშეწყობა ქართულ კონტექსტში. შესაბამისად, გაცვლითი პროგრამის მონაწილე მასწავლებლებმა შეხვედრაზე დამსწრე ოზურგეთის საჯარო სკოლის პედაგოგებს გააცნეს ამერიკულ საჯარო სკოლებში არსებული გარემო, ინტეგრირებული საგაკვეთილო მოდელი და ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ სწავლა-სწავლების პროცესში უპირატესობა ენიჭება გუნდურ სწავლებას, საგანთა ინტეგრირებასა და პროექირებით სწავლებას. იმისათვის, რომ შეიქმნას პოზიტიური სასწავლო სივრცე ამერიკელი მასწავლებლები მოსწავლეებს სთავაზობენ დემოკრატიულ გარემოს, რომელიც მათ ეხმარება არჩევანის გაკეთებაში, აზროვნების განვითარებასა და ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების შეძენა-განვითარებაში. სკოლებში დანერგილია რობოტექნიკის, საოჯახო ეკონომიკის, ხელსაქმის შესასწავლი,სამეწარმეო უნარების განვითარების გაკვეთილები. ამერიკული სისტემა სრულად მორგებულია მოსწავლეზე და ამზადებს მას, გააკეთოს სწორი არჩევანი, განვითარდეს შემოქმედებითად, მიეჩვიოს გუნდურ მუშაობას და აითვისოს სოციალური უნარები, რაც დამოუკიდებელ ცხოვრებას აჩვევს, რათა მან მომავალში შეძლოს საზოგადოებაში თავის დამკვიდრება. საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო 80-ზე მეტი მასწავლებელი, რასაც მოჰყვა კითხვა-პასუხისა და უკუკავშირის რეჟიმი.