ჩვენ გვჭირდება ნაღდი ქალაქის თავი, მერი, რომელიც შეყვარებული იქნება ამ ქალაქზე, როგორც მშვენიერ ქალზე. ხელი მუდამ ქალაქის მაჯაზე უნდა ედოს, მისი ტკივილი უნდა გაიზიაროს.
აუცილებელი არ არის მერი ,,კარენოი” თბილისელი იყოს, ამის ნათელი მაგალითია ბენია ჩხიკვიშვილი.
ბევრი მიკიჟინებს რა სულ ბენიას ახსენებო, აბა ვინ გავიხსენო -ყოვლად უვარგისი ნარმანია თუ მილანელი ბიჭი?
ეს ამონარიდია ჩემი წიგნიდან ბენიას შესახებ: სროცა ქალაქის თავად აირჩიეს ჩხიკვიშვილი სოხუმში იმყოფებოდა, მას დანიშვნის ამბავი დეპეშით შეატყობინეს და სთხოვეს დაეჩქარებინა დედაქალაქში ჩამოსვლა. ქალაქის საბჭომ მოურავს ხელფასად 2 250 მანეთი დაუნიშნა, ხოლო გამგეობის წევრებს 2000 მანეთი. აღსანიშნავია, რომ ყველას არ მოსწონებია ჩხიკვიშვილის მერად დანიშვნა – მემარჯვენე ოპოზიციის ლიდერის, სპირიდონ კედიას აზრით, არსებულ მძიმე ვითარებაში თბილისის მოურავად არა ჩხიკვიშვილი, არამედ ,,მხოლოდ ძლიერი ნებისყოფის, უმაღლესად განვითარებული და ქალაქის მეურნეობის ზედმიწევნით მცოდნე ადამიანი” უნდა აერჩიათ. პასუხად სოციალ-დემოკრატმა რაჟდენ არსენიძემ განაცხადა, რომ ,,ამ საზომით რომ მივიდეთ ქალაქის მოურავის არჩევნებთან, რომელიც ბ-ნმა კედიამ აღნიშნა, მაშინ ასეთს ქალაქის თავს ვერც ერთ ფრაქციაში ვერ ვიპოვით და უთავოდ ხომ ვერ დავრჩებითო”. ასევე დაამატა რომ სოციალ-დემოკრატებს სჯეროდათ რომ ჩხიკვიშვილი მათ იმედებს გაამართლებდა და ისინი არ შემცდარან.
როგორც აღნიშნავენ, მის დროს დედაქალაქი ,,საგრძნობლად გაეროვნულდა და წინ წავიდა.” როგორც ქალაქის თავი, ის დიდი მონდომებით იბრძოდა სპეკულაციის წინააღმდეგ, დიდ ყურადღებას უთმობდა ქალაქის სანიტარულ-ჰიგიენურ დასუფთავებას, ატარებდა ინფექციური დაავადებებისა და ქოლერის საწინააღმდეგო აქტიურ ღონისძიებებს . მაგალითად, გაზეთი „ერთობა“ (8 აგვისტო, 1919) იუწყებოდა, რომ ქალაქის თავმა ბენიამინ გრიგოლის ძე ჩხიკვიშვილმა თბილისის ქუჩებში სასმელი წყლის ვედროებით გაყიდვა აკრძალაო. მისი მეცადინეობით გადაწყდა ღარიბებისთვის მოწყობილიყო უფასო აბანო, სადაც ,,გელიოსის” აპარატით ტანსაცმელს დეზინფექციას ჩაუტარებდნენ, უფასოდ მიეცემოდათ ნახევარი გირვანქა საპონი. ასევე გადაწყდა ნომერ პირველ საავადმყოფოში სახადიანი პაციენტებისთვის გამოყოფილიყო 120 საწოლი.
მან ენერგიულად მიჰყო ხელი სამართალდარღვევების აღმოფხვრას, განსაკუთრებით თუ ამას ჩინოვნიკები და მილიციის მუშაკები სჩადიოდნენ ,,ჩემსა და მილიციის უფროსის (ვალოდია სულაქველიძე – ი.მ.) მიერ მიღებულმა ზომებმა ჯერ კიდევ ვერ მოიტანეს დადებითი შედეგი. ზოგიერთი მილიციონერები განაგრძობენ ძველი გზით სიარულს, იღებენ ქრთამებს და ხშირად უმიზეზოდ შეურაცხყოფენ მოქალაქეებს”. მისი განკარგულებით იქნა დაპატიმრებული თბილისის მეორე უბნის მილიციის კომისარი სიხარულიძე, ასევე რიგითი მილიციონერი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს პოსტზე არ იმყოფებოდა – ის სამსახურიდან დაითხოვეს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.