არჩილ თალაკვაძის გარემოცვამ გურიის სამაშველო სამსახურის უფროსი სასტიკად სცემა

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ამჟამად საპარლამენტო უმრავლეოსობის ერთ ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის გარემოცვამ, გურიის სამაშველო სამსახურის უფროსი, მერაბ ჭანუყვაძე სასტიკად სცემა.

ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ერთ ერთმა თვითმხილველმა აცნობა.

მისივე ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქ ოზურგეთში, ნინოშვილის ქუჩაზე. ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის (რომელიც არჩილ თალაკვაძის ძმაა) მოადგილის, ნათია გოლიაძის საცხოვრებელი სახლის ახლოს, გუშინ, დღისით მოხდა.

როგორც წყარო გვიყვება, მერაბ ჭანუყვაძე ე.წ. “სტრელკაზე” გოლიაძეების სახლთან, კოტე შევარდნაძემ, ოზურგეთის მერის მოადგილის, ნათია გოლიაძის ქმარმა  დაიბარა.

ადგილზე მისულ ჭანუყვაძეს შევარდნაძესთან ერთად, არჩილ თალაკვაძის მეგობარი, კოტე შევარდნაძის ცოლის ძმა, დათუნა გოლიაძე, ძმები კვერღელიძეები და რამდენიმე, არჩილ თალაკვაძის კონტროლირებადი ე.წ. “კრიმინალური ავტორიტეტი” დახვდა.

აღსანიშნავია, რომ გოლიაძეების სახლში მოქმედი მერი ავთანდილ თალაკვაძე ცხოვრობს, თავად არჩილ თალაკვაძე კი, ოზურგეთში ყოფნისას, თვითონაც მისი მეგობრის სახლში ჩერდება ხოლმე.

ჩვენთვის უცნობია იმყოფებოდა თუ არა “საქმის გარჩევაზე” თავად ოზურგეთის მერი.

მერაბ ჭანუყვაძეს დამხვდურები პიროვნული შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ.

შევარდნაძის მხარე ამტკიცებდა, რომ ჭანუყვაძემ მას, წინა დღით, ერთ ერთი ადგილობრივი ბიზნესმენის დაბადების დღეზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მუცელზე უხერხულად შეეხო.

საბოლოო ჯამში “საქმის გარჩევა” ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომლის დროსაც სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მსუბუქად.

როგორც გვეუბნებიან, თავად ჭანუყვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია, თუმცა,  პოლიციელებს, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ადგილი კრიმინალური ავტორიტეტების მოთხოვნით, ოზურგეთის პოლიციის უფროსმა, გიორგი შარაშენიძემ დაატოვებინა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share