რამაზ დავლაძე, რომელმაც ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევისას მეუღლე, ორი შვილი და ძმა დაკარგა, სოციალურ ქსელში თურქეთში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას ემოციური პოსტით ეხმაურება:
,,ჩემი ადამიანური, ტკივილიანი სამძიმარი თურქეთს; თანავუგრძნობ თითოეულ იმ ადამიანს, ოჯახს ვისი ცხოვრებაც ნანგრევებად აქცია დატრიალებულმა ტრაგედიამ და საყვარელი ადამიანები დაკარგა!!!
შემზარავია ფრაზა “ყველაზე კარგად მესმის მათი გაუსაძლისი ტკივილის, შემზარავია, მაგრამ ასეა, ნანგრევების უზარმაზარი ლოდებია გულში, რომელსაც ვერაფერი ვერ აშუშებს, ფერიც არ უხუნდება და თითოეული ასეთი ტრაგედიები კიდევ ხელახლა აახლებს იმ ავბედით დღეს, რომელმაც ამ გაუსაძლის ტკივილში დამტოვა!
ინტერნეტთან წვდომით დემეტრემ როცა თურქეთში მომხდარ ტრაგედიას შეავლო თვალი, არაფერი არ მკითხა და არც არაფერი უთქვამს, ჩვენს თავს დატრიალებული ტკივილის შემდეგ ასეთ მსგავსებაზე დემეტრე მხოლოდ მრავლისმთქმელი თვალებით საუბრობს, ჰოდა თავისი კეთილი და დარდიანი მზერით მითხრა, შორს წავიდნენ და აღარ დაბრუნდებიანო… ამ მზერით და მისეული ფიქრებით დემეტრე ყველაზე დიდ და წრფელ თანაგრძნობას უცხადებს თითოეულ იმ გულმოკლულ ადამიანს და მეც, სწორედ ამიტომ აღვნიშნე განსაკუთრებულად რომ მესმის თითოეულის გულში ალმოდებული ტკივილი როგორი მწარე და გაუსაძლისია!!!
მადლობა სამაშველო სამსახურის თითოეულ წევრს, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად და მორალურად გმირულად და თავდაუზოგავად მოქმედებენ ყველანაირ მძაფრ და ურთულეს ვითარებაში!!!
ამ ისედაც ხანმოკლე ცხოვრებაში თუ ვინმეს კეთილი დამოკიდებულების ნაკლოვანება ჭირს ან არ სურს, მე სიყვარულით გეტყვით: ადამიანებო, მოვეფეროთ და გვიყვარდეს ერთმანეთი, ტკივილი და განცდა მხოლოდ იმ დღით და რამდენიმე დღით არ უნდა გვაერთიანებდეს, ერთმანეთისადმი სიყვარული და პატივისცემა ვაქციოთ ერთმანეთთან სასაუბრო ენად და ერთგულ თანამდგომად!!! მშვიდობა სამყაროს!
/პატივისცემით რ. დ. 08.02.23/”, – წერს რამაზ დავლაძე სოციალურ ქსელში.