ნიჭიერია, მოკრძალებული, სათნო და ძლიერი! ეს გოგონა კარგად დაიმახსოვრეთ, ის ბევრჯერ ასახელებს საქართველოს საზღვრებს გარეთაც და ჩვენთან – სამშობლოშიც! ეს გოგონა, შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ონლაინ ფესტივალის „ივერია – ბრილიანტის“ 2020 წლის გამარჯვებულია, +18 წელში პირველი ადგილი დაიკავა და მისი პარტნიორი ასევე გამარჯვებული პოლონელი ჯულია ბაგინსკა იქნება! ეს ყველაფერი კი ფესტივალის განვითარებაზე, შშმ პირთა ფესტივალებისა და მათი შემოქმედებითი განვითარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალია! მოკლედ, ეს უკვე მრავალჯერ გამარჯვებული მშვენიერი გოგონა, რომელმაც 2019 წელს უკრაინაში, ქალაქ ვინიცაშიც რომ გვასახელა ასევე საერთაშორისო ფესტივალზე „წმინდა ნიკოლოზის სასწაული“, გურიის შვილია, მონიკა ახვლედიანი!
წერს ჟურნალი “ქართული ელიტა” ოზურგეთელ მონიკა ახვლედიანზე და მასთან ჩაწერილ ვრცელ ინტერვიუს ავრცელებს, საიდანაც მცირე ამონარიდებს გთავაზობთ:
მონიკა, როგორ დაიწყო შენი სასიმღერო კარიერა?
-ჩემი სასიმღრეო კარიერა დაიწყო ვიწრო წრეში, მეგობრებთან და ახლობლებთან ერათად ვმღეროდი, როგორც შემეძლო. –
რა ადგილი უკავია საქველმოქმედო ასოციაციას „გურიას“ შენს საესტრადო კარიერაში?
– როდესაც საქველმოქმედო ასოციაცია „გურიის“ წევრი გავხვდი იმ დღის შემდეგ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდა ჩემთვის მუსიკისადმი ინტერესი, რადგან ბევრი ღონისიძიებები ტარდებოდა და მეც შესაბამისად აქტიურად ვმონაწილეობდი.
მონიკა, გაიხსენე შენი პირველი სიმღერა…
– ჩემი პირველი სიმღერა იყო ჯანსუღ კახიძის „საზამთრო“ რომელსაც დიდი სიხარულათ ვასრულებდი.
რა მოგცა „ივერია – ბრილიანტმა“?
– უპირველესად „ივერია – ბრილიანტმა“ შემძინა ღირსეული, უნიჭიერესი მეგობრები, რომლებთან ერთად თავს ბედნიერად ვგრძნობ. ასევე მოულოდნელი წარმატებები, რასაც არ ველოდი… გული სიამაყით მევსება ამ პროექტის ნაწილი რომ ვარ.
რაზე ოცნებობ?
– ჩემი აუხდენელი ოცნებაა ვისწავლო დაკვრა პიანინოზე და თან ვიმღერო, მაგრამ დიდი მონდომების მიუხედავად ვერ შევძელი, რადგან მარჯვენა ხელით ვერ ვუკრავ და მარცხენა ხელით საკმარისი არ არის. ჩემი დიდი სურვილია ვიმღერო დიდ სცენაზე იმ ადამიანებისთვის, ვისაც სიამოვნებას მივანიჭებ, ჩემი შემოქმედებით. სცენა ჩემთვის ყველაფერია, სადაც ბედნიერად ვგრძნობ თავს. უკრაინაში იყავი 2019 წელს. გაიხსენე მოგზაურობა და იქაური ფესტივალი… – უკრაინაში მოგზაურობამ ჩემთვის, ყოველგვარ მოლოდინს გადაარჭაბა. ვერ ვიფიქრებდი თუ შევძლებდი ამ ყველაფერს, მაგრამ დიდი შთაბეჭდილებებით სავსე დავბრუნდი სამშობლოში. იქ გატარებული დღეები არასდროს დამავიწყდება. თბილი, სიკეთით, სიყვარულით და ერთგულებით სავსე გარემო იყო… მეტი რა უნდა მინდოდეს ბედნიერებისთვის.
დღეს როგორ ვითარდება შშმ პირთა ცხოვრება?
– შშმ პირთა ცხოვრება საქართველოში ბევრი დაბრკოლებებით ვითარდება, ბევრი რამ არის შესაცვლელი იმისთვის, რომ მათი ცხოვრება გაუმჯობესდეს. უნდა იყოს სამართლიანი კანონები, გარემო ადაპტირებული, ჯანდაცვა და განათლება ხელმისაწვდომი… სხვადასხვა ღონისძიებებში, აქტივობებში უნდა იყვნენ ჩართული. და, ერთ-ერთი უმთავრესი, საზოგადოებამ ისინი ისეთები უნდა მიიღონ, როგორებიც არიან. ყველგან და ყველასთან კომფორტულად იგრძნონ თავი, რათა საზოგადოების სრულ უფლებიანი წევრები გახდნენ.
საქართველოში ისევ არის სტიგმა შშმ პირის მიმართ?
– საქართველოში ჯერ კიდევ ვამჩნევ ადამიანებისგან უარყოფით დამოკიდებულებეს შშმ პირთა მიმართ… ამ ყველაფერზე გული მწყდება, ძალიან… ვისურვებდი ყველაფერი თავის ადგილზე დადგეს და შშმ პირთა ცხოვრება მაქსიმალურად მოწესრიგდეს.
რა უნდა გაკეთდეს, რომ შშმ პირთა ცხოვრება გაუმჯობესდეს?
– იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს საქართველოში შშმ პირთა ცხოვრება, უპირველესად საქართველოს მთავრობამ უნდა დააკანონოს მათზე მორგებული კანონები და ეს კანონები უნდა განახორციელონ.