„ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის მიერ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კრიტიკას გამოეხმაურა.
„სიმართლე გითხრათ, არ ველოდი უკრაინის ისტორიის მქონე ქვეყანას ასეთი დაბალი განათლებისა და ზნეობის მქონე ხელისუფლება თუ ოდესმე ეყოლებოდა. ნებისმიერ სახელმწიფოს პრობლემა სწორედ ასეთი ხელისუფლების დროს ექმნება. რუსეთისთვის ეს მოცემულობა დიდი კოზირი იყო და გამოიყენა კიდეც.
პოდოლიაკის ყველა განცხადება ისე შორსაა პოლიტიკისგან, როგორც თავად უკრაინა ნატოსგან.
უკრაინის მთავრობამ ელემენტარული პოლიტიკური გათვლა ვერ გააკეთა, ან არ გააკეთებინეს. ბევრი ფიქრი არ სჭირდებოდა იმას, რომ ევროკავშირში უკრაინას ომის გარეშეც მიიღებდნენ. ნატოში გასაწევრიანებლად კი, როგორც ვხედავთ, ასეთი საშინელი ომიც კი არ აღმოჩნდა საკმარისი. მყარი „არა“ ნატოს ხელმძღვანელობისგან უკვე ბევრჯერ მოვისმინეთ და ბუნებრივია, ასეც იქნებოდა.
პოდოლიაკს მინდა ვკითხო, მაშინ რისთვის იბრძვით? რატომ ააოხრებინეთ ქვეყანა პირსისხლიან რუსეთს? განა არ იცოდით, რომ ხმამაღალი განცხადებები ნატოზე რუსეთისგან ომს მოგიტანდათ? განა ჩვენ არ გყავდით ამის მაგალითი? თუკი ნატოს კარი ნამდვილად ღია იქნებოდა თქვენთვის, მაშინ ამისთვის სისხლის დაღვრა ღირდა, მაგრამ ხომ უნდა გცოდნოდათ რეალობა?
ამის ანალიზი რომ გააკეთო და სწორი პოლიტიკა აწარმოო, განათლება და აზროვნება უნდა გქონდეთ, რასაც თქვენ ნამდვილად ვერ დაგაბრალებთ. ამას სწორად რომ აანალიზებს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება, იმიტომ გადაარჩინეს ქვეყანა რუსეთისგან კიდევ ერთ უბედურებას.
მინდა გირჩიოთ, სახიფათოა თქვენთვის დღეს არსებული პიარ კამპანია – „მსოფლიო ტაშს გიკრავთ”. ნუ აჰყვებით ცდუნებას. მართალია, დღეს დასავლეთი ტაშს გიკრავთ, მაგრამ იმასაც უნდა ხვდებოდეთ, რომ ეს უპირველეს ყოვლისა, მათ სჭირდებათ. მათ გონიერება უჭრით და საკუთარი ინტერესებისთვის სწორად იქცევიან, მაგრამ თქვენ?
პოლიტიკა ის სფეროა, სადაც სიტყვა შედეგით იზომება. მიუხედავად თქვენი უზნეო ქმედებისა საქართველოს მიმართ, უფალს შევთხოვთ, რომ ამ ომში გაიმარჯვოთ. თქვენ არა, მაგრამ გმირი უკრაინელი ხალხი ამას იმსახურებს.
რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, მისნაირი მოაზროვნე რომ გყავდეთ, ქვეყანას არ ააოხრებინებდით არც რუსეთს და არც დასავლეთს.
დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ უფლის ყველაზე დიდი წყალობა ქვეყნისთვის ჭკვიანი ხელისუფლებაა“, – აღნიშნავს ჩიბურდანიძე.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ კობახიძემ თქვა, რომ ომში უპირატესობა რუსეთს აქვს, რასაც პოდოლიაკმა კობახიძის მხრიდან უვიცობის გამოვლინება უწოდა.