სურსათის ფასები დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა, რის მოგვარებასაც საქართველოს მთავრობა ცდილობს. იქამდე კი სანამ საკითხი დარეგულირდება მდგომარეობა საგანგაშოა: 2023 წლის იანვრის მონაცემებით, სურსათზე ინფლაციის წილმა 15%-შეადგინა. ეს მაშინ, როცა ლარის კურსი მნიშვნელოვნად მყარდება, თავად ინფლაცია კი ორნიშნა მაჩვენებელს ჩამოსცდა და ქვეყანაშიც პროდუქცია უპრობლემოდ შემოდის. თანაც ირკვევა, რომ საქართველოში მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ძირითადი დანიშნულების სურსათი გაცილებით სწრაფად ძვირდება.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სომხეთში, სადაც პროდუქცია, ძირითადად, საქართველოს გავლით შედის, ინფლაციამ სურსათზე 9.4% შეადგინა, საქართველოში კი 15%-ზე მეტი.
საქართველოში ჯამური ინფლაციის დონეზე ყველაზე დიდი გავლენა საკვები პროდუქტების ფასს აქვს, რადგან მთლიანი ინფლაციის დაანგარიშებაში სურსათს სამომხმარებლო კალათის მესამედი უკავია.
“გალტ ენდ თაგარტის” ინფორმაციით, 7 ძირითადი პროდუქტი, რომელსაც ყველაზე მაღალი წვლილი აქვს სურსათის ინფლაციაში საქართველოში, როგორც მიმდინარე წლის იანვარში, ისე ბოლო 6 თვეში არის: ხორბლის პური, ხორბლის ფქვილი, კარტოფილი, იმერული ყველი, ხახვი, ქათმის ხორცი, კარაქი და სპრედი, კვერცხი.
როგორც აფბას ანალიტიკოსი, ბაჩო ჯინჭარაძე მიიჩნევს, თუკი ქვეყანაში არსებული პოზიტიური პროცესები გაგრძელდება, ინფლაციის კიდევ უფრო მეტად შემცირებაა მოსალოდნელი.
„საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდებოდა, რაც განპირობებული იყო პანდემიიდან მოყოლებული და შემდგომ მას ახალი გლობალური შოკი – რუსეთ-უკრაინის ომი დაემატა. ამან კიდევ უფრო დაამძიმა მდგომარეობა, გაზარდა ენერგომატარებლებზე ფასი, რაც აისახა ინფლაციაში. ეს მოხდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ეკონომიკურად წამყვანი ქვეყნების ინფლაციურ სტრუქტურაშიც.
რეგიონში მაღალი ინფლაციით გამოვირჩევით, თუმცა, საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში კლების ტენდენცია დაფიქსირდა, რადგან ეროვნულმა ბანკმა პროცესებს მკაცრი მონეტარული პოლიტიკით უპასუხა.
დიდი ხანია რეფინანსირების განაკვეთი ორნიშნაა, სებ-ი ინარჩუნებს მკაცრ პოლიტიკას, რაც არის საპასუხო იმაზე, რომ ქვეყანაში შემცირდეს ინფლაცია. ამ თვეში გამოქვეყნებული მონაცემები ცხადყოფს შემცირების ტენდენციებს და სავარაუდოდ, ასეც გაგრძელდება, რადგან რიგი ფაქტორები ამას განაპირობებს და ველოდები, რომ უახლოეს პერიოდში ინფლაციამ კიდევ უნდა შემცირდეს“, – აღნიშნა ჯინჭარაძემ და დასძინა, რომ რეგიონში არსებული მდგომარეობა და ომისგან გამოწვეული პრობლემები თუ შემცირდება, მოსალოდნელია პოზიტიური ცვლილებებიც.
„პრემიერმა განაცხადა, რომ უნდა შეიზღუდოს გარკვეულ პროდუქციაზე მზარდი ფასი, თუკი ეს შესრულდება, რა თქმა უნდა, იმოქმედებს ინფლაციის დონეზე და შესაბამისად დაიკლებს.
რეგიონის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენები იქნება ინფლაციის გაზრდის ან შემცირების განმაპირობებელი. თუ ეს კონფლიქტი უფრო მეტად გაღვივდება, რა თქმა უნდა, სცენარი ცუდი იქნება, ხოლო თუ მდგომარეობა პოზიტიური მიმართულებით წავა და მათი ბანკები სათანადო პოლიტიკას გაატარებენ, იმ ქვეყნებშიც, გარკვეულწილად, ინფლაცია შემცირდება“, – დასძინა ჯინჭარაძემ.
სხვადასხვა დადებითი ტენდენციის მიუხედავად, ცვლილებები ჯერჯერობით სამომხმარებლო ბაზარს არ ეტყობა. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის მიერ დაანონსებული კანონპროექტი, რომელიც სასურსათო ნედლეულის პირველად მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობებს მოაწესრიგებს, დროულად შევიდეს ძალაში, რაც წესით და რიგით შედეგის მომტანი გახდება.
როგორც სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ აღნიშნა, პროდუქციაზე პატარა ცვლილებებიც კი მნიშვნელოვნად იმოქმედებს ინფლაციის საერთო მაჩვენებელზე.
„გასათვალისწინებელია, რომ სურსათის წილი ინფლაციის საანგარიშო კალათაში დაახლოებით 1/3-ის დონეზეა. ყოველი ერთ პროცენტიანი ზრდა ანდა ცვლილება დაახლოებით 33%-ით ახდენს გავლენას ინფლაციის საერთო მაჩვენებელზე. ევროპაში ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალია და 17-18%-ის დონეზეა, ხოლო კიდევ უფრო დაბალია აშშ-ში, სადაც თითქმს 10%-ია. გამოდის, რომ სურსათის გავლენა იქ გაცილებით ნაკლებია.
საქართველო და აზერბაიჯანი თანაბარ მდგომარეობაში არიან, თუმცა იმის გამო, რომ ინფლაცია ჩვენთან და აზერბაიჯანში დაახლოებით ერთნაირია, ხოლო თურქეთში გაცილებით მაღალი, შეიძლება ვიფიქროთ, რომ კონკრეტულ მომენტში თურქეთში ინფლაციის მაჩვენებელში სურსათის წილი უფრო სოლიდურადაა წარმოდგენილი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ინფლაციის დაანგარიშებაში სურსათს უფრო მაღალი წილი უკავია, ვიდრე საქართველოში“, – აღნიშნა არჩვაძემ.
ფაქტია, რომ ახლა სამომხმარებლო ბაზარზე დიდი ქაოსია, რაც დროულად უნდა მოგვარდეს, რადგან იგი ყველაზე მეტად მოსახლეობას აზარალებს. ანალიტიკოს პაატა ბაირახტარის აზრით, რეგიონის ცენტრალურმა ბანკებმა უნდა მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რაც ინფლაციურ პროცესებს მოთოკავს.
„თუ შევხედავთ რეგიონის, ცენტრალური ბანკების გადაწყვეტილებებს დავინახავთ ძალიან საინტერესო, კოლერაციას. ცენტრალური ბანკების მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილებებს და ქვეყანაში ინფლაციის ფორმირებასთან დაკავშირებით.
სომხეთის ცენტრალური ბანკმა ერთ-ერთმა ყველაზე პირველმა დაიწყო საკმაოდ ხისტი ნაბიჯების გადადგმა მონეტარული პოლიტიკის მიმართულები, რამაც, რასაკვირველია, ინფლაციურ პროცესებზე ზეგავლენა მოახდინა. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება არის მეთოდი, რაც განაპირობებს ინფლაციის მოთოკვას და დამორჩილებას”, – აღნიშნა ბაირახტარმა.