პარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე აქტივისტებს აკავებენ.
ფორმულას ცნობით, ამ დროისთვის სულ მცირე სამი ადამიანია დაკავებული.
აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტის უკანა შესასვლელთან გადაინაცვლა, მათ სურდათ, მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში სამანქანო გზა გადაეკეტათ, რისი საშუალებაც პოლიციამ აქტივისტებს არ მისცა.
“რუსებო, მონებო” – ისმის აქტივისტების შეძახილები პოლიციელების მიმართ.
პარლამენტთან მობილიზებულები არიან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები.
აქციასთან დაკავშირებით შსს-მ განცხადება გაავრცელა და მონაწილეებს მოუწოდა “არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს”.
“ამასთანავე, ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი” – აცხადებს შსს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ისინი “უზრუნველყოფენ საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვას” და “სამართალდარღვევის ფაქტებზე სამინისტრო ყველა შესაბამის ზომას მიმართავს და კანონის ფარგლებში სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს”.