სახალხო დამცველის მოადგილე აცხადებს, რომ გუშინ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულების ნაწილის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია მათი ოჯახის წევრებისთვის და სახალხო დამცველის აპარატისთვის.
მისივე თქმით, 7 მარტის აქცია იყო გამონაკლისი, როცა სახალხო დამცველის აპარატთან შსს კონტაქტზე არ გამოდიოდა:
“25 დაკავებული ვნახე, ზოგიერთი მათგანი სრულიად უმიზეზოდ არის დაკავებული. დაკავებულის ოჯახის წევრებმა არ იციან, სად არიან დაკავებულები, ეს არის აღმაშფოთებელი. ყოველთვის, როცა ასეთი დაკავებები ხდებოდა, შსს-დან ყოველთვის გვქონდა ინფორმაცია, გუშინდელი აქცია იყო სრულიად გამონაკლისი, რადგან შსს კონტაქტზე არ გამოდიოდა, დღემდე არ ვიცი ზოგიერთი დაკავებულის ადგილსამყოფლის შესახებ“, – განაცხადა ბურჯანაძემ, რომელიც სახალხო დამცველთან, ლევან იოსელიანთან ერთად დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა.
მისი თქმით, დაკავებულები მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა დროებითი მოთავსების იზოლატორებში არიან გადანაწილებული და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები მათ მოსანახულებლად იმყოფებიან იმისთვის, რომ დააიდენტიფიცირონ დაზიანების შემთხვევები.
“ვნახეთ რამდენიმე შემთხვევა, როცა დაზიანება აღენიშნებათ დაკავებულებს, ეს დაზიანება, როგორც აცხადებენ, იმ დროს აქვთ მიღებული, როცა პოლიციის იურისდიქციის ქვეშ იყვნენ, მაგალითად, ზურა ჯაფარიძეს და ნიკა მოსიაშვილს დაზიანებები მას შემდეგ აქვთ მიღებული, რაც მათი დაკავება მოხდა და პოლიციის კონტროლის ქვეშ იყვნენ…
ასევე, რამდენიმე დაკავებული საუბრობდა, რომ დაკავების პროცესში პოლიციის მხრიდან უმიზეზოდ გინება და შეურაცხყოფა იყო. ” აცხადებს ბურჯანაძე.
მისი თქმით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გუშინვე შეატყობინეს რამდენიმე დაკავებულზე, მათ შორის, ზურა ჯაფარიძეზე განხორციელებული ძალადობის შესახებ.
“ყველაზე უცნაური შემთხვევაც ვნახეთ, ერთი ადამიანი, რომელიც ოქროყანიდან მოდიოდა, გზად გაიარა, საერთოდ სუფთა ტანსაცმელი ეცვა, არანაირი აქციის კვალი მას არ ეტყობოდა, ამ ადამიანის დაკავება ყოველგვარი მიზეზის გარეშე მოხდა. ბევრ დაკავებულს ადვოკატი არ ჰყავს, ამის შესახებ შესაბამის უფლებადამცველ ორგანიზაციებს შევატყობინებთ.” განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი გუშინ, აქციის დარბევის დროს დააკავეს. როგორც ადვოკატი აცხადებს, მათ დაზიანებები და ცემის კვალი აღენიშნებათ, ზურა ჯაფარიძეს კი ჰოსპიტალიზაცია სჭირდება.