საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, კანონპროექტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, რასაც მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. ხელისუფლებამ რუსთაველზე შეკრებილი პროტესტანტების ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაშლა, ფაქტობრივად, კანონპროექტისთვის კენჭისყრიდან მალევე დაიწყო, რათა გზა გაეთავისუფლებინა პარლამენტთან “ქართული ოცნების” დეპუტაციისთვის. არეულობა რუსთაველის გამზირზე და მიმდებარე ქუჩებზე შუაღამემდე გაგრძელდა, დაშავდა ათობით ადამიანი, დააკავეს პროტესტანტთა ნაწილი. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს ამერიკული კანონია და ევროინტეგრაციას ხელს არ უშლის, თუმცა თავად ევროპაში თუ ამერიკაში ასე არ ფიქრობენ, გვიან ღამევე გაავრცელეს განცხადებები, როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, ისე ევროკავშირის წარმომადგენლებმა.
უმწვავესი იყო სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის ნედ პრაისის განცხადება.
“ღრმა შეწუხების გრძნობა გვაქვს. ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენგან ხშირად გაგიგიათ ამ გრძნობის შესახებ. ღრმა შეწუხების გრძნობაა ამ კანონპროექტის შესაძლო ეფექტების გამო.
ეს კანონპროექტი ყველაზე ფუნდამენტურ უფლებებს დაარტყამს, რომლებიც ცენტრალურია საქართველოს ხალხის მისწრაფებებისთვის კონსოლიდირებული დემოკრატიისთვის, ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, უფრო ნათელი მომავლისთვის. იგი დამოუკიდებელ ხმებს გააჩუმებს და მათ სტიგმატიზაციას მოახდენს, საქართველოს იმ მოქალაქეებისა, რომლებსაც მეტი არაფრის გაკეთება სურთ, ვიდრე ერთად მუშაობა, რათა უფრო ნათელი მომავალი შექმნან. მომავალი, რომელიც ევროპასთან ინტეგრირებულია, დემოკრატიულია, თავისუფალია, სადაც საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანაა…
თუმცა ახლა, ვხედავთ კანონპროექტს, რომელიც უზარმაზარი უკან დახევა იქნება. ეს იქნება ქართველი ხალხის მისწრაფებების მხრივ უკან დახევა, უკან დახევა იქნება აშშ-ის შესაძლებლობაში განაგრძოს ქართველ ხალხთან პარტნიორობა…
ნებისმიერი, ვინც ხმას აძლევს ამ კანონპროექტს, პასუხისმგებელი იქნება ქართველი ხალხის ამ ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის ძირის გამოთხრისთვის. არ გვსურს ამის ნახვა. აშშ-ის გარდა ეს არის ევროკავშირი, გაერო და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხი, ქართული სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები. ყველა მათგანმა ამ კანონპროექტის შესახებ ძალიან ძლიერი შეშფოთება გამოხატეს”, – თქვა პრაისმა.
ცნობილია, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” დოკუმენტი მოძრაობა “ხალხის ძალის“ იმ დეპუტატებმა მოამზადეს, რომლებმაც გასულ წელს “ქართული ოცნება” დატოვეს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩნენ. აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, ის არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც საქართველოს პარტნიორებისგან ფინანსდებიან, “უცხოური გავლენის აგენტებად” უნდა დარეგისტრირდნენ.
ჩვენი პარტნიორებისგან გაწეულ სიკეთეებს და დახმარებას თუ გავითვალისწინებთ, ყველაზე მსხვილი ბენეფიციარი და დიდი “აგენტი“ საქართველოს მთავრობა გამოდის, რადგან ქვეყანაში სწორედ უცხოური გრანტების საშუალებით ხორციელდება ათასგვარი მნიშვნელოვანი პროექტი, ხშირ შემთხვევაში, დონორზე ინფორმაცია საზოგადოების ყურამდე არც მიდის და ამას ხელისუფლება თავის დამსახურებად მიიწერს.
გარდა იმისა, რომ ეს ინიციატივა ანტიკონსტიტუციურია, საერთაშორისო ექსპერტები თანხმდებიან იმ საერთო საფრთხეებზე, რისი მოტანაც “გავლენის აგენტების“ კანონს შეუძლია. ისინი ვარაუდობენ, რომ კანონის დამტკიცების შემთხვევაში, ევროპული და ამერიკული ფონდები დახმარებაზე უარს იტყვიან, რაც კატასტროფა იქნება ქვეყნისთვის. შედეგად მოსალოდნელია, ფინანსური დახმარება ევროკავშირიდან და აშშ-დან არა მარტო არასამთავრობო ორგანიზაციებს, არამედ ქვეყანას შეუმცირდება. პირველ რიგში, დახმარება შეუწყდებათ სიპებსა და აიპებს, ვისკენაც სამოქალაქო სექტორზე მეტი ფინანსები მიემართება. საქართველოში დაიხურება ბევრი პროექტი, რომლებიც მათი დაფინანსების არეალშია და ეს დახმარება სხვა რეგიონებზე გადამისამართდება, რაც ქვეყნისთვის ძალზე დამაზიანებელი იქნება. ყველაზე მთავარი, რაც კანონის დამტკიცებას მოჰყვება ის იქნება, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრების გზა სამუდამოდ ჩაიკეტება. ექსპერტების თქმით, ყველა გრანტი და სესხი, რასაც სახელმწიფო იღებს, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა რომ გააჩერონ, პირველივე წელს, მშპ -ს ვარდნა მინიმუმ 15% იქნება.
ambebi.ge -მ მოიძია იმ პროექტების ჩამონათვალი, რომლებიც საქართველოში ბოლო წლებში უცხოური გრანტების მეშვეობით განხორციელდა, ან ჯერაც ხორციელდება. გთავაზობთ ამ პროექტების არასრულ ჩამონათვალს (მითითებული თანხები – დოლარებში):
- შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტი – (410 485 500) ევროკავშირი (EU);
- ახალციხე-ბორჩხა 500 კვ. გადამცემი ხაზი და ქვესადგური ახალციხეში – (302 309 520) ევროკავშირი (EU) ;
- არსებითი ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისთვის – (252 988 581) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი;
- ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობა და არსებული გზის გაფართოება დასავლეთ საქართველოში – ( 217 175 000) ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB)
- აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესება – (190 000 000) მსოფლიო ბანკი;
- აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის კორიდორის გაუმჯობესების პროექტი – (160 000 000) მსოფლიო ბანკი;
- შუახევის ჰიდროელექტროსადგური- (132 321 280) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD);
- ქუთაისის წყალარინების პროექტი – (113 180 000) ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB);
- საქართველოს ურბანული რეკონსტრუქცია და განვითარება – (112 510 000) ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB);
- კახეთის გზების გაუმჯობესების პროექტი – (109 000 000) მსოფლიო ბანკი;
- საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განახლება – (107 000 000) ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB);
- ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი – (102 700 000) მსოფლიო ბანკი;
- მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები – (115,224 000) ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB)
- ელექტრო-ქსელის გაძლიერების პროექტი- (106 074000) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD);
- ჩარჩო პროექტი “მწვანე ქალაქები“, თბილისის ავტობუსები – ( 93 665 500) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD);
- COVID-19-ის მიმართ მედეგობის მხარდაჭერა საქართველოში – (87 330 000) ევროკავშირი (EU);
- თბილისის მეტროს რეაბილიტაციის პროექტი – (81 577 500) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD);
- ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესება – (76 500 000) აშშ;
- USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამა – (24 999 825) აშშ;
- დარიალის ჰიდროელექტროსადგური – (58 892 288) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD);
- რეგიონული განვითარების მხარდაჭერა – (36 471 000) ევროკავშირი (EU);
- თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამა 2 – (35 040 000) აშშ;
- იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი საცხოვრებლები – (34 379 532) აშშ. სამართლის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში – (33 678 000) ევროკავშირი (EU);
- უმაღლესი განათლების პროექტი -სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველო – (30 000 000) აშშ;
- დასაქმება და პროფესიული განათლება და გადამზადება – (35 613 000) ევროკავშირი (EU);
- თბილისის ავტობუსების პროექტი – (30 723 300) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD);
- საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის – სამტრედია-გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთი ორჯერადად – (26 074 000 + 25 886 000) ევროკავშირი (EU);
- თბილისი წყლის ნარჩენები და ინფრასტრუქტურა – (25 119 900) ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB);
- ეკონომიკური და ბიზნესის განვითარება საქართველოში – ბიუჯეტის მხარდაჭერის კონტრაქტი – (24 006 125) ევროკავშირი (EU);
- კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში – (23 383 056), აშშ;
- სოფლის მეურნეობის პროექტი – (23 160 395) აშშ;
- სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენა საქართველოში – (22 589 463) აშშ;
- არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერა საქართველოში – (22 490 383) ამერიკის შეერთებული შტატები
- მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი- (19 614 317) აშშ;
- მუნიციპალური (რეგიონალური) ინფრასტრუქტურის განვითარება- (17 730 500) აშშ;
- საქართველოს ენერგეტიკის მომავლის უსაფრთხოება – (15 714 040) აშშ;
- ზოგადი განათლების პროექტი – (13 999 911) აშშ;
- ქუთაისი-აბაშის გაზსადენის მშენებლობა – (10 890 000) აშშ;
- ქართული მედია დემოკრატიის, ანგარიშვალდებულებისა და ინფორმირებული მოქალაქეების განვითარებისათვის- (12 710 000) აშშ;
- საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი – (12 565 635) აშშ;
- საქართველოს მდგრადი საოჯახო და დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის პროექტი – (10 273 000) აშშ;
- ჯანდაცვის სისტემების გაძლიერების პროექტი – (10 422 600) აშშ;
- USAID -ის სამოქალაქო განათლების პროგრამა – (10000 000) აშშ;
- ბავშვზე ზრუნვის სისტემისა და მომსახურების გაძლიერება – (6 048000) აშშ;
- მომავლის თაობა – (5 897 227) აშშ;
- აივ პრევენციის პროექტი – (5 346 000) აშშ;
- ტრანს-კასპიური-შავი ზღვის გაზის დერეფნის წინასაინვესტიციო პროექტი – (7 037 000) ევროკავშირი (EU);
- გლდანის სავაჭრო ცენტრი – (5 895 180) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD);
- პოლიტიკური პარტიების გაძლიერება საქართველოში – (5 300 000) აშშ;
- ბაკურიანის მუნიციპალური სერვისების პროექტი – (5 648 000) EBRD;
- საქართველოში ტუბერკულოზის პრევენციის პროექტი – (4 660 220) აშშ;
- ზესტაფონი-ქუთაისის მილსადენის მშენებლობა – (4 496 765) აშშ;
- საქართველოში COVID-19 პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის მინიმუმამდე შემცირება ტელემედიცინისა და ციფრული სამედიცინო ტექნოლოგიების საშუალებით – (5 337 450) ევროკავშირი (EU);
- და ა.შ. რომ არაფერი ვთქვათ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე, ერასმუსის მიერ (ევროკავშირი) დაფინანსებულ ქართველი მეცნიერების საერთაშორისო კომუნიკაციებზე, მილიონობით დოლარზე, რომელიც აშშ-მ ქართულ თავდაცვასა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე დახარჯა (მათ შორის, მცხეთის ჯვრის მონასტრის, გელათის იშვიათი ფრესკების, ატენის სიონის, ძველი თბილისის ძეგლების გადარჩენა და სხვა).
ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელი გიორგი მელაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს ევროპული მომავლის პირდაპირი საბოტაჟია და ამას სავალალო შედეგი ექნება საქართველოს ევროპული მომავლისთვის – ყველაზე საშინელი ის შეიძლება მოხდეს, რომ ამ კანონის შედეგად საქართველო პირისპირ დარჩება რუსეთთან დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე.
გიორგი მელაშვილი:
:დასავლური დახმარების მთავარი ბენეფიციარი საქართველოს მთავრობაა, რომელმაც მარტო ევროკავშირიდან 2021 წელს 159 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი დახმარება მიიღო. ამას ემატება იაფი კრედიტის პროგრამა, რაშიც 72 მილიონი დაიხარჯა, ევრაზიის საინვესტიციო ბანკმა 66 მილიონი გაიღო, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა – 50 მილიონი და ა.შ. ბოლო 10 წლის განმავლობაში უშუალო გრანტის სახით (ანუ ფული, რომელსაც დაბრუნება არ სჭირდება) 3 მილიარდ ლარამდეა შემოსული საქართველოში. ამავდროულად, არის მიკრო და მაკროსაფინანსო დახმარებები, სესხები – უპროცენტო და დაბალპროცენტიანი, შეღავათიანპროცენტიანი, თანხები, რომელიც სახელმწიფოს ყოველდღიური ოპერირებისთვის სჭირდება. ამის დათვლა ძალიან რთულია და იგულისხმება 10-ჯერ მეტი თანხები. საუბარია უზარმაზარ თანხებზე, დეტალური სტატისტიკა ახლა მუშავდება და უახლოეს პერიოდში ეგეც გვექნება.
ამ რუსული კანონის მიღების ერთადერთი ამოცანაა საქართველოს და ევროკავშირის დაშორება. მისი არც საჭიროება და არც დრო იყო, მით უფრო დღეს, როცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი განიხილება და შანსი გვაქვს, ერთხელ და სამუდამოდ, რუსულ წუმპეს თავი დავაღწიოთ. ეს კანონი შეგვიძლია შევაფასოთ როგორც საქართველოს ევროპული მომავლის პირდაპირი საბოტაჟი. ვერც ერთი სფერო, რომელშიც პროგრესს ვხედავთ, დაწყებული ურბანული განვითარებით (მაგალითისთვის მოვიყვან თბილისის მეტროპოლიტენისთვის გამოყოფილ თანხებს – მის განახლებაში უახლოეს პერიოდში იბიარდიმ უზარმაზარი თანხის ჩადება გადაწყვიტა) და ავტობუსების შეძენით დამთავრებული. ყველა ავტობუსს აქვს ევროკავშირის დროშა და ეს იმიტომ, რომ ის ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ არის დაფინანსებული. თბილისში რაც მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები იგეგმება, ყველა მათგანზე არსებობს საერთაშორისო დახმარება, ან საერთაშორისო მხარდაჭერა დაფინანსების კუთხით. იგივე ეხება რეგიონებს – საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან სატრანსპორტო არტერიას, დასავლეთისა და აღმოსავლეთის მაგისტრალს რომ თავი დავანებოთ, სოფლებში გზები, წყალგაყვანილობის ქსელები, ნაგვის გადამუშავება… ყველაფერზე უზარმაზარი ევროპული ფულია დახარჯული, ეს არანაირი გავლენა არ არის, ამას ჰქვია მეგობრების დახმარება, რათა ნორმალურ ქვეყნად ჩამოვყალიბდეთ.
ვიმეორებ, საქართველოში საერთაშორისო დასავლური დახმარების ყველაზე დიდი მიმღები საქართველოს მთავრობაა. მთავრობის თითქმის ყველა წევრს მიუღია მონაწილეობა საერთაშორისო პროექტებში. მაგალითად, პარლამენტის სპიკერი წლების განმავლობაში გერმანიის მთავრობის მიერ შექმნილი ორგანიზაციის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. მათ მიზნებს ზედაპირულად თუ ავხსნით, გამოდის, რომ “ქართულ ოცნებას“ არ უნდა ქვეყანაში თავისუფალი სივრცეები არსებობდეს, ამ შემთხვევაში – სამოქალაქო ორგანიზაციები, რომლებიც გააკონტროლებენ იმას, თუ რას აკეთებს მთავრობა და რაში იხარჯება გრანტები.
ადგილი აქვს ფარისევლურ მიდგომას, რომ მთავრობა, რომელსაც არ უნდა იყოს გამჭვირვალე, ცდილობს დახუროს ის ორგანიზაციები, რომლებიც ყველაზე გამჭვირვალენი არიან. გამჭვირვალობის მიზნით ამ კანონის მიღება არის თავიდან ბოლომდე მოგონილი არგუმენტი, რომლის გაბათილებაც შესაძლებელია უბრალოდ თვალის გახელით. თავად მისი ინიციატორები ამბობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები სრულიად გამჭვირვალენი არიან და ფინანსთა სამინისტროს და სხვა უწყებებს ისედაც აქვთ საჭირო ინფორმაცია, ამას თავად აღიარებს ბატონი სუბარი.
ზოგადად, როდესაც ქყვეყანა ითხოვს აგენტების რეგისტრირებას, ძალიან სასაცილო სიტუაციაშია, რადგან ნამდვილი აგენტები ვინც არიან, ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ. კარგად ვიცით, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში “ოცნებას“ რუსეთის არცერთი აგენტი არ გამოუვლენია და დაუკავებია. ახლა ისმის კითხვა – ვინ არიან ნამდვილი აგენტები, ისინი, ვინც იბრძვიან ქართული სახელმწიფოს მედეგობის და სიძლიერის წინააღმდეგ, საზოგადოების ინტერესების წინააღმდეგ, მხარს უჭერენ ოკუპაციას, ჩვენი მოქალაქეების დაჭერას, თუ ის ჩვენი მეგობრები, რომლებიც გვეხმარებიან ინფრასტრუქტურა ავაშენოთ, ეკონომიკური სიდუხჭირიდან გამოვძვრეთ და ერთხელ და სამუდამოდ მივიღოთ სახელმწიფო, სადაც სახელმწიფო ვერ დაჩაგრავს რიგით მოქალაქეებს.
პარტნიორები გვეხმარებიან ისე, რომ ხშირ შემთხვევაში, ჩვენმა მოქალაქეებმა არც იციან, რომ ამაზე ფული წამოვიდა, მაგალითად, შვედეთიდან, ბრიტანეთიდან, თუ ბრიუსელიდან. საბოლოო ჯამში ის, რომ ჩვენი ქვეყანა ვითარდება, დიდწილად ჩვენი პარტნიორების და მეგობრების დახმარების შედეგია. საქართველოს ხელისუფლება ამ კანონს ვერ მიიღებს – კარგად ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოების, თუ პოლიტიკური პარტიების ერთიანობას, ჩვენი პარტნიორების განცხადებებს, რომლებიც პირდაპირ ამბობენ, რომ ის სრულიად შეუთავსებელია დასავლურ ფასეულობებთან და ღირებულებებთან და მეტიც, საქართველოს სურვილთან გახდეს ევროკავშირის წევრი. აქედან გამომდინარე, ამას სავალალო შედეგი ექნება საქართველოს ევროპული მომავლისთვის და, ფაქტობრივად, ყველაზე საშინელი ის შეიძლება მოხდეს, რომ ამ კანონის შედეგად საქართველო პირისპირ დარჩება რუსეთთან დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე. “ქართული ოცნების“ ეს ქმედება ზუსტად იმიტომაა ასეთი სახიფათო, რომ ის პირისპირ გვტოვებს რუსეთთან. ამ კანონის მიღებას ექნება კატასტროფული შედეგები საქართველო-დასავლეთის ურთიერთობაში. ყველაზე ცუდი იქნება ის, რომ პირისპირ დავრჩებით რუსეთთან და საფრთხის წინაშე დადგება ქართული სახელმწიფოებრიობა. რაც შეეხება ეკონომიკურ უკუსვლას, ესეც, რა თქმა უნდა, მოხდება – ამხელა საგარეო დახმარების შემცირების შემთხვევაში, ეკონომიკური სიტუაცია გაუარესდება და მეტიც, გაუარესდება კონკრეტული ადამიანების მდგომარეობა, რომლებიც ვეღარ მიიღებენ თუნდაც უფასო იურიდიულ (რაც ყველაზე ხშირია), სოციალურ დახმარებას, როგორიცაა სკოლებში ბავშვების ინკლუზიური ჩართულობა, შშმ პირების დახმარება, დევნილების ხელშეწყობა, ეკონომიკური ზრდის პროგრამები… საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღებთ მნიშვნელოვან უკუსვლას და საქართველოს ყველა წარმატება, რასაც დამოუკიდებლობის დღიდან მივაღწიეთ, საფრთხის წინაშე დადგება“.
ambebi.ge