საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პარლამენტის მოქმედ წევრს, “რაგბის კავშირის” თავმჯდომარესა და ყოფილ მორაგბეს, დავით კაჭარავას მხარდაჭერას უცხადებს. უწყება გმობს იმ განცხადებების შინააარსს, რომელიც ყოფილი მორაგბის მიმართ იწერება სოციალურ ქსელებში მას შემდეგ, რაც მისი ავტორობით პარლამენტში დარეგისტრირდა ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორები “რუსულ კანონადაც” მოიხსენიებდნენ.
“დავით კაჭარავა „ბორჯღალოსანთა“ იმ თაობის წარმომადგენელია, რომელმაც ქართული სპორტის გულშემატკივარს არაერთი დაუვიწყარი წუთი აჩუქა და თავის ქვეყანას ისტორიული გამარჯვებები მოუტანა…
ის არის სპორტსმენი, რომელმაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კვართით 122 თამაში ჩაატარა, 125 ქულა დააგროვა და „ბორჯღალოსნებთან“ ერთად 11-ჯერ მოიგო „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატი, სხვა მეტოქეებთან ერთად, რუსეთის ნაკრების დამარცხებითაც”, – წერია სამინისტროს 17 მარტის განცხადებაში, რომელშიც არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ რატომ აკრიტიკებენ ყოფილ სპორტსმენსა და პარლამენტის მოქმედ დეპუტატს.