“ვის რა უთხრა ჰააგის სასამართლომ…” – ამ სათაურით აქვეყნებს განცხადებას “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესბებულებიდან ჰააგის სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებას ეხმაურება..
ვის რა უთხრა ჰააგის სასამართლომ
✔ უპირველესი გზავნილი ისტორიულია: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, არამგონია, ასეთი მნიშვნელობის რამე მომხდარიყოს. ცხადია, რომ რუსეთის დაშლა ურალს გამოღმა მოსკოვიად და ურალის მიმდებარედ და ურალს გაღმა ახალ სახელმწიფოებად, მხოლოდ დროის საკითხად იქცა. კიდევ უფრო მოკლე ხანში რუსეთის ატომური იარაღისგან თავისუფალ ზონად გამოცხადებას უნდა ველოდოთ;
✔ ყველას, განსაკუთრებით კი საერთაშორისო პოლიტიკის ინდივიდუალურ თუ ორგანიზაციულ აქტორებს უთხრა, რომ დასრულდა გეოპოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებით ბალანსირების დეჰუმანიზებული გეოპოლიტიკის ერა და დაიწყო უნივერსალური, ლიბერალურ-დემოკრატიული წესრიგის ჰუმანიტარული ერა. ასეთია სამყაროს სულისკვეთება (Weltgeist) და დროის ეთოსი, რაც ამ გადაწყვეტილებით საბოლოოდ გამოკრისტალდა;
✔ ყველას, განსაკუთრებით კი სხვა საერთაშორისო სასამართლო ფორუმებს, უთხრა, რომ სამართალი ურმით კი არ დადის ზიგზაგებით, არამედ სიმართლის და სამართლიანობის უმოკლესი სწორხაზოვანი მარშრუტით ზებგერითი თვითმფრინავით დაფრინავს;
✔ ყველას, განსაკუთრებით კი ყველა სხვა დიდ თუ მცირე დიქტატორს, უთხრა, რომ ამორალური მაქსიმა “გამარჯვებულებს არ ასამართლებენ”, იმის გამოც არ იმუშავებს, რომ გასამართლებულები ვერ იმარჯვებენ. პროაქტიულად აღიკვეთება განზრახვაც კი და აღარ დაელოდებიან შედეგებს;
✔ სი ძინპინს, პუტინთან შეხვედრის წინ, მკაცრად და მკაფიოდ შეახსენა, რომ ჩინეთის მიერ უიღურების მასობრივ აყრას და გადასახლებასაც. მათ საკონცენტრაციო ბანაკებში გამომწყვდევას მსოფლიო კარგად ხატავს;
✔ საქართველოს ხელისუფლებას, ამ გზავნილების გარდა, ისიც უთხრეს, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში 1992-2008 წლების ეთნიკური წმენდის შესახებ სარჩელის პროცედურული ფაზა დაუყოვნებლივ ამოწუროს და შეიტანოს ჰააგის მეორე (ICJ) სასამართლოში, რომლის მიერ ეთნიკური წმენდის აღიარება, ყველაფერ სხვასთან ერთად, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ახალი გამოძიების საფუძველი იქნება;
✔ პერსონალურად მიშა სააკაშვილს უთხრა, რომ ვის და რითი ჩამოკიდებენ, ერთად შევხედოთ ახლაო 🙂 ;
✔ და ბოლოს, ყველას, ვინც მოთმინებით ვისხედით მდინარის პირას, არაფერიც არ გვითხრა – მოლოდინით დაღლილებს პირდაპირ პუტინის გვამი ჩამოგვიცურა 🙂
მადლობა ამისთვის სასამართლოს,
მადლობა ამისთვის პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელ ხალხს!
თქვენი ნიკა, 212-ე საკნიდან,- წერს ნიკა გვარამია.