კლინიკა ვივამედი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ “სავარაუდოდ, იძულებულები” ხდებიან, მიმართონ პენიტენციურ დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს პაციენტის კლინიკაში შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფება კლინიკაში და ამ დროის განმავლობაში ჩაუტარდა გამოკვლევების სრული სპექტრი, დაესვა დიაგნოზი და განესაზღვრა მკურნალობის სქემა, თუმცა მათი მტკიცებით, სააკაშვილი უარს აცხადებს შეთავაზებულ მკურნალობაზე
“მთელი ამ ხნის განმავლობაში, მიუხედავად ჩვენს მიმართ არნახული ზეწოლისა, ვცდილობდით დაგვერწმუნებინა პაციენტი, რომ ჩაეტარებინა მკურნალობის კურსი, რაც ოქტომბრის თვემდე მეტ-ნაკლებად გამოგვდიოდა და სახეზე იყო შესამჩნევი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება. ხოლო ოქტომბრის შემდეგ, პაციენტი უარს აცხადებს შეთავაზებულ მკურნალობაზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ, ესა თუ ის პრეპარატი ან პროცედურა დადებითად აისახება, მის სუბიექტურ ან ობიექტურ მონაცემებზე.
შესაბამისად ბოლო თვის მანძილზე, პაციენტი იმყოფება მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობაზე, უნდობლობას აცხადებს მედპერსონალის მიმართ და უარს ამბობს შეთავაზებული მკურნალობის სქემაზე. შედეგად სამედიცინო ცენტრი ვივამედი, დაუმსახურებლად იღებს უზარმაზარ რეპუტაციულ დარტყმას (მაგალითად: არ ვმკურნალობთ, ვერ ვმკურნალობთ და ა.შ.), რაც კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია. სამედიცინო ეთიკიდან გამომდინარე, მედპერსონალი იძულებით ვერავის უმკურნალებს.
ყველაფერი ამის გათვალისწინებით, სავარაუდოდ იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს პაციენტ მ. სააკაშვილის კლინიკა ვივამედში შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა, ვინაიდან ის სიმპტომური მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში”, – აღნიშნულია განცხადებაში.
სახალხო დამცველის კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის შემდეგ, მორიგი დასკვნა გამოაქვეყნა – ექიმთა და ექსპერტთა ჯგუფი აღნიშნავს, რომ პაციენტი კიდევ 5-7 კილოგრამის დაკლების შემთხვევაში, საწოლზე მიჯაჭვული გახდება. მათი თქმით, ამ სისწრაფით წონის კლებისას მოსალოდნელია ამ ნიშნულამდე მიღწევა 1-2 თვეში.
დასკვნის თანახმად, მისთვის კრიტიკულ წონას წარმოადგენს 52-53 კილოგრამი, რის შემდეგადაც დაიწყება ორგანიზმის შეუქცევადი ცვლილებები. კონსილიუმის შეფასებით, სააკაშვილს აქვს სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე მე-4 სტადია, ასევე, ორთოსტატიული წნევის კრიტიკული ვარდნა კოორდინაციის მოშლით.
მე-4 ხარისხის კახექსიით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ომბუდსმენის კონსილიუმის წინა დასკვნაშიც არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი. ადვოკატები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი ჩამოსცდა 18-ს. მათი შეფასებით, მისი მდგომარეობა საგანგაშოა და საჭიროებს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას.
კლინიკა ვივამედში ირწმუნებიან, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციაში მკურნალობის პარამეტრებს. ნინო ნადირაძის თქმით, თუ დააპირებენ მის რეანიმაციაში მოთავსებას, ინფორმაციას გაავრცელებენ. თუმცა 22 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე კლინიკის ექიმებმა არ უარყვეს, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა – მათ განაცხადეს, რომ პაციენტს ზოგადი სისუსტე აწუხებს, არაბალანსირებულად იკვებება და წონაში კლებას აგრძელებს.
სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ოჯახის წევრებთან, ადვოკატებთან და ექიმებთან ერთად საერთაშორისო პარტნიორებიც ითხოვენ. ამის შესახებ საუბარი იყო ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, სადაც დეპუტატებმა საქართველოს ხელისუფლებას ამ ნაბიჯის გადადგმისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს და აღნიშნეს, რომ მისდამი მოპყრობა იქნება ლაკმუსის ტესტი საქართველოს ხელისუფლებისთვის, მათ შორის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარებმა მიმართეს საქართველოს პრეზიდენტსაც, რომ გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მიზნით.