სემეკი „თელასსა“ და „თელმიკოში“ მონიტორინგს იწყებს

დღეიდან, სემეკი „თელასსა“ და „თელმიკოში“ მონიტორინგს იწყებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განუცხადა, სამუშაო ჯგუფი დილიდან იმყოფება „თელასში“. მისი თქმით, აღნიშნული მონიტორინგის საფუძველზე მოხდება მრიცხველებიდან მონაცემების აღების სისწორის შესწავლა, ასევე დადგენილ წესებთან შეუსაბამობა და ა.შ.

„მონიტორინგი იქნება გასვლითი, სამუშაო ჯგუფი დილიდან იმყოფება „თელასში“. სწავლობენ მრიცხველებიდან მონაცემების აღების სისწორეს, შემდეგ უკვე დარიცხვის კანონიერებას, თუ რამდენად სწორად არის დარიცხვები გაკეთებული, როგორ იგზავნება ქვითრები, ხომ არ არის რაიმე სახის ჩვენ მიერ დადგენილ წესებთან შეუსაბამობა და მომხმარებელთა ინფორმირებასთან დაკავშირებულ საკითხებს შეისწავლიან, ასევე ნახავენ მონაცემთა ბაზას, სადაც ფორმირდება დარიცხვები, მოხმარებული ენერგიის შესახებ ინფორმაცია და საიდანაც ხდება შემდეგ უკვე ქვითრების გაგზავნა. ასე ვთქვათ, სრულ ციკლს, მონაცემების აღებიდან გადახდამდე შეისწავლიან და ნახავენ ჩვენს წესებთან შესაბამისობას“, – განაცხადა ნარმანიამ

ამასთან, როგორც ნარმანიამ დასძინა, არსებითი დარღვევების შემთხვევაში, მარეგულირებელი კომისია გაორმაგებულ ჯარიმებს გამოიყენებს.

„თუ იქნება არსებითი ხასიათის დარღვევები, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება გაორმაგებული ჯარიმები გამოვიყენოთ. სხვა შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს სიტყვიერი გაფრთხილება, გააჩნია დარღვევის შინაარსს და მოცულობას“, – განაცხადა ნარმანიამ

კომისიის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროცესი ერთი თვე გაგრძელდება. მათივე ინფორმაციით, 3 მარტს დასრულდება შემოწმება და წარედგინება კომისიას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share