უვადო „მწვანე პასპორტის” შესახებ ილაპარაკა „პირველი არხის” ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. მან „მწვანე პასპორტის” ვადის გადახედვის შესაძლებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
„რა თქმა უნდა, საქართველოც ზრუნავს იმაზე, რომ ახალი შტამისთვის მზაობა გამოაცხადოს და დამატებითი პრევენციული ღონისძიებები მიიღოს. გუშინ შეიკრიბა კოვიდსაბჭო, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში მოქმედებს. ჩვენი პროფესიონალები და ექსპერტები მოამზადებენ გარკვეულ დასკვნას, რომელსაც ჩვენ სამშაბათს საბჭოზე წარვადგენთ, მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს და არ გამოვრიცხავ, რომ მნიშვნელოვნად გამკაცრდეს ყველა ღონისძიება, რომელიც შეეხება მწვანე პასპორტს და ასევე, აღსრულების სხვა მექანიზმებს. შეიძლება, კოვიდგადატანილებისთვის მწვანე პასპორტის მოქმედების ვადაც გადაიხედოს. სამეცნიერო პრაქტიკაში ჩვენ გარკვეულ რისკებს ვხედავთ, რომ ეს უვადო იყოს. საბჭოზე წარვადგენთ ამ რისკებს და რისკების გათვალისწინების შემთხვევაში, იმედს ვიტოვებთ, ეს დამატებითი რეკომენდაციები საბჭოს მხრიდან გათვალისწინებული იქნება“, – განაცხადა ტიკარაძემ.