ამერიკაში მოღვაწე ექიმი,მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი,ზურაბ გურული,სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“პანდემიური პარადოქსები
———————————-
2020 წლის 9 ნოემბერს, ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ტვიტერზე შემდეგი მესიჯი გაუშვა: „დიდი ამბავია! პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ორგანიზებული სახელმწიფო-კერძო სექტორის თანამშრომლობის წყალობით, კომპანია „პფაიზერმა“ გამოაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა წარმატებული გამოდგა და მოხალისეთა 90 %-ში ინფექციის პრევენცია მოახდინა“.
ამ განცხადებას სასწრაფოდ გამოეხმაურა კატრინ ჯანსენი, პფაიზერის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი და ვაქცინის კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელიც საჯაროდ გაემიჯნა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შექმნილ სპეცოპერაციას, სახელწოდებით „კოსმოსური სისწრაფე“. – ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ამ ოპერაციის მონაწილენი. ჩვენ არასოდეს აგვიღია რაიმე თანხა ამერიკის სახელმწიფოსაგან, ან საერთოდ ვინმესაგან – განუცხადა ჯანსენმა გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსს“.
რა მოტივაცია ამოძრავებდა კატრინ ჯანსენს, ამაზე დაე ყველამ საკუთარი დასკვნა გამოიტანოს, მაგრამ ჭეშმარიტებას თვით CNN-იც ვერ გაექცა და 10 ნოემბერს, მისმა კორესპოდენტმა დანიელ დეილმა ფაქტები დამოუკიდებელ ექსპერტებთან გადაამოწმა. CNN-ს ნამდვილად ვერავინ დასწამებს განსაკუთრებულ სიმპათიებს ამერიკის წინა ადმინისტრაციის მიმართ; ამდენად განსაკუთრებით საინტერესო იყო მათი შეფასების გაცნობა.
ფაქტების გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ „პფაიზერი“ მონაწილეობდა ოპერაციაში „კოსმოსური სისწრაფე“ და აღმოჩნდა ისიც, რომ ამერიკის მთავრობამ 1.95 მილიარდი დოლარის გარანტია მისცა კომპანიას ვაქცინის 100 მილიონი დოზის შესყიდვაზე. სწორედ ამ გარანტიის წყალობით გადადო ყველა საქმე კომპანიამ და მართლაც კოსმოსური სისწრაფით იმუშავა ვაქცინის შესაქმნელად.
კალიფორნიის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის კათედრის გამგემ, პროფესორმა რობერტ უაჩტერმა CNN-ს განუცხადა, რომ ფედერალური ფონდიდან გამოყოფილმა ორმა მილიარდმა დოლარმა „მთლიანად დაცალა რისკისაგან“ პფაიზერისა და სხვა ფარმაცევტული კომპანიების მიერ ვაქცინის შესაქმნელად გაწეული ხარჯები. უაჩტერის თანახმად, ზოგადად ვაქცინებისა და ახალი მედიკამენტების განვითარების ნელი ტემპი გამოწვეულია იმით, რომ კომპანიები არ არიან დარწმუნებული წარმატებაში და უფრთხიან უზარმაზარი დროისა და ხარჯების ინვესტირებას სარისკო წამოწყებაში.
ცხადია, „პფაიზერი“ საკუთარი ექსპერტის დახმარებით შეეცადა ფედერალური ფონდების მნიშვნელობის უგულებელყოფას, მაგრამ CNN ძალიან ობიექტური აღმოჩნდა ამ შემთხვევაში და ექსპერტთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაადასტურა უტყუარი ფაქტი: – ოპერაცია „კოსმოსური სისწრაფე“ უპრეცედენტო, გაბედული, ერთგვარად ავანტურისტული გეგმა გახლდათ, რომელმაც არნახულად მცირე დროში დადო მზა პროდუქტი, უახლესი ტექნოლოგიით შექმნილი ვაქცინა. ამჟამად ვარაუდობენ, რომ კომპანიის საბოლოო მოგება 40 მილიარდ დოლარსაც ასცდება.
FDA-ს ბიუროკრატიული, მოუქნელი, ზოზინა სისტემის „კოსმოსური სისწრაფით“ ამუშავებაც ზემოაღნიშნული ოპერაციის ნაწილად შეიძლება ჩაითვალოს. ასე მოახერხა ამერიკამ დაკარგული ბალანსის აღდგენა.
დღეს მთელ მსოფლიოში გავრცელდა სასიხარულო ახალი ამბავი, რომ „პფაიზერი“ კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებას გეგმავს რამდენიმე წელიწადში. ამიტომ გამახსენდა ოპერაციაუ, უპრეცედენტო, ენტერპრენიორული ავანტურა, რომელშიც ეფექტურად მოხდა ფედერალური ფონდებისა და კერძო სექტორის ფინანსური მოტივაციების შერწყმა. „პფაიზერმა“ პარალელურად საკუთარი, ახალი ტექნოლოგიების მილიონობით ადამიანზე გამოცდაც მოახერხა. ასეთი მასშტაბური აპრობაცია პრაქტიკულად ფანტასტიკის სფერო იქნებოდა სხვა ნებისმიერ სიტუაციაში. ახლა კი, რნმ ვაქცინების ტექნოლოგია წარმატებით შეიძლება იქნეს მიმართული უბოროტესი დაავადების წინააღმდეგ.
კორონა-პანდემიამ დიდი ალბათობით მედიცინის განვითარება შეიძლება რამდენიმე დეკადით წინ „გადაახტუნოს“. განსაკუთრებული გაკვეთილი მიიღო მსოფლიომ ამ სამყაროთაშორისი შეტაკებისაგან. თურმე, საკმარისია კონცენტრირებული ძალისხმევა დამყნობილი უზარმაზარ ფინანსურ მოტივაციაზე და გადაულახავი დაბრკოლებაც აღარ იარსებებს ადამიანისათვის.
პარადოქსებითაა სავსე ჩვენი ცხოვრება. ადამიანი, რომელიც ანტიმეცნიერების გამო არაერთხელ იქნა გაკრიტიკებული და მასხარად აგდებული, უზარმაზარი სამეცნიერო გარღვევის მთავარი სტიმულატორი გამოდგა. თუმცა, ეს არაფერია იმასთან შედარებით, როდესაც გავიფიქრებთ სიმსივნური დაავადებებით დაღუპულ მილიონობით ადამიანზე, რომელთა გადარჩენა ჩვენს პლანეტას ადვილად შეეძლო საკმარისი ძალისხმევის კონცენტრირებით. მთავარი მოტივაცია ყოფილა; მძლავრი მატერიალური მოტივაცია … და კიდევ, შიში; შიშველი, ეგზისტენციალური შიში.”-წერს გურული.