“ენმ” დავით ზალკალიანს პარლამენტში იბარებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს პარლამენტში იბარებენ. მისი თქმით, კომიტეტის სხდომაზე სურთ განიხილონ ჩრდილოეთის, ბალტიის და შავი ზღვის ახალი თანამშრომლობის ფორმატში საქართველოს გაწევრიანების სტრატეგია.

“გვაქვს კიდევ რამდენიმე ინიციატივა, რომელიც დღეს გვინდა გავაჟღეროთ, ერთი ეს არის საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის დაბარება უახლოეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, უკრაინაში რუსული აგრესიის და დასავლეთის მხრიდან შეკავების ახალი არქიტექტურის ფონზე, რეგიონში იქმნება ახალი რეალობა და ეს არის დიდი შანსი, რომელიც საქართველომ უნდა გამოიყენოს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ სრულ უმოქმედობას ხელისუფლების მხრიდან”, – თქვა თინა ბოკუჩავამ.

მისი თქმით, ამ შემთხვევაშიც, ოპოზიციამ უნდა იტვირთოს ხელისუფლების ფუნქცია და დაიცვას ქვეყნის ეროვნული ინტერესები.

“უკრაინაში ვიზიტისას გადაწყდა საქართველო-მოლდოვა-უკრაინის ასოცირებული ტრიოს საპარლამენტო ფორმატის გააქტიურება და ერთობლივი ვიზიტების დაგეგმვა ბალტიის ქვეყნებში, უკრაინის რადას წევრებთან ერთად”, – თქვა მან.

ბოკუჩავას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა რადაშიც განიხილება. გარდა ამისა, ენმ პარლამენტში აგრძელებს დეპუტატებთან კონსულტაციებს საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share