საქართველოში COVID-ის კლინიკური მართვა უკეთ ხდება, ვიდრე ამერიკასა და ევროპის ბევრ ქვეყანაში – თენგიზ ცერცვაძე

საქართველოში COVID-ის კლინიკური მართვა უკეთესია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში, ამის შესახებ  ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური თენგიზ ცერცვაძე აცხადებს.

როგორც ის საკუთარ ფეისბუკპოსტში აღნიშნავს, საქართველოში 60 ათასამდე აქტიური COVID პაციენტის (რაც კატასტროფულად მაღალი ციფრია) მართვა ხორციელდება სერიოზული ხარვეზების და ჩავარდნების გარეშე, რაც კლინიკური სექტორის მდგრადობაზე მიუთითებს. მაშინ როდესაც ამერიკის და ევროპის წამყვან ქვეყნებში გაცილებით ნაკლები რაოდენობის პაციენტების მართვისას კლინიკური სექტორი ჩამოშლის პირას იყო, ან ჩამოიშალა.

„20 აგვისტოს ჩემს პოსტს, რომელშიც შედარებული მაქვს COVID-ის კლინიკური მართვა საქართველოში და ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში, როგორც მოსალოდნელი იყო ადამიანების ერთი ჯგუფის საშინელი ლანძღვა-გინება მოჰყვა. ეს მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან ამ ადამიანების ფუნქცია სწორედ ეს არის და რაც მეტ კარგს გააკეთებ, მით უარესად შემოგიტევენ. მახსენდება, როცა ჩვენ სახელმწიფოს უფასოდ, საჩუქრად (ვიმეორებ საჩუქრად) მოვუპოვეთ 4 მილიონი დოლარის ღირებულების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტი რემდესივირი, ჰეითერებმა არც მეტი, არც ნაკლები კორუფციულ კავშირებსა და გარიგებებში დაგვდეს ბრალი??!! და ჩემი ციხეში გაშვება მოითხოვეს??!!

 

წარმოდგენილი მაქვს, როგორ კრიტიკულ ლუპაში გაატარებდნენ ყველაფერს, რაც მე დავწერე და ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ვერცერთი არასწორი ფაქტი ვერ დააფიქსირეს. არცერთი არგუმენტი საწინააღმდეგოდ არ მოუყვანიათ. ეს ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ რაც მე დავწერე, ყველაფერი სიმართლეა და საქართველოში COVID-ის კლინიკური მართვა (და არა მთლიანად პანდემიის მართვა) უკეთ ხდება, ვიდრე ამერიკასა და ევროპის ბევრ ქვეყანაში. ხოლო რაც შეეხება ლანძღვას, ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს ჩემს სიმართლეს. ხომ იცით ცნობილი გამოთქმა „იუპიტერო, შენ ცხარობ, ესე იგი, არ ხარ მართალი“,- წერს თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share