“ქართული ოცნების” ამერიკული ოცნება: FARA-სა და FAKE FARA-ზე” – ამ სათაურით ავრცელებს გზავნილს “მთავარი არხის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების 212-ე საკნიდან და რუსულ კანონთან და “ოცნების” ხელისუფლებასთან დაკავშირებით წერს.
იხილეთ მისი განცხადება სრულად:
“ქართული ოცნების” ამერიკული ოცნება: FARA-სა და FAKE FARA-ზე
პროლოგის სახით მინდა ჩემი თხოვნით დავიწყო: რაკიღა მოკლებული ვარ შესაძლებლობას, მივმართო ფართო აუდიტორიას, გთხოვთ, თქვენ დამეხმაროთ ამაში და გადააზიაროთ ეს წერილი. წინასწარ გიხდით მადლობას.
“ქართულმა ოცნებამ” ერთობლივად წარმოადგინა ორი კანონპროექტი. უფრო სწორად, ჯერ რუსული კომპილაცია, რომელსაც სრულიად სამართლიანად მალევე შეარქვეს “რუსული კანონი”, რასაც მოაყოლეს მეორე, რომელსაც თავად შეარქვეს “ამერიკული კანონი”. უკვე ამით იმთავითვე გვითხრეს ამ კანონების შემოტანის მიზანი – რუსეთი და ამერიკა ერთია, მეტიც, ამერიკული კანონი კიდევ უფრო უარესი და ანტიდემოკრატიულია. ეს იყო პირველი მესიჯი.
ამ წერილის ყურადღების საგანია ის, რასაც ხელისუფლება ამერიკულ კანონს უწოდებს და მე FAKE FARA-ს ვეძახი. კანონპროექტის 80% მართლაც ამერიკული FARA-ს თარგმანია (არცთუ გამართული). მაგრამ ეშმაკი იმ დეტალებშია, რომელიც ამოღებულია ან დამატებულია, ან შეგნებულად და უხეშად არასწორადაა თარგმნილი.
მივყვეთ:
1. FARA-ც და FAKE FARA-ც ჩამოთვლის პირთა იმ წრეს, ვისზეც კანონი არ ვრცელდება. FAKE FARA-ს რეალური მიზნის პირველ ინდიკატორს აქ ვაწყდებით. ქართულ ვარიანტში დამატებულია ქველმოქმედება, როგორც პრივილეგირებული საქმიანობა (ანუ მასზე არ ვრცელდება ამ კანონით დადგენილი შეზღუდვები). FARA-ში ამას ვერ ვხვდებით. რას გვეუბნება ეს ინდიკატორი? გვეუბნება არა მარტო იმას და არა იმდენად იმას, რომ ივანიშვილია კანონისმიერი პრივილეგიით დაცული, არამედ კანონის სამოქმედო ველიდან განარიდებს იმ აქტორს, ვინც ყველაზე ფართოდ და საშიშად იყენებს ქველმოქმედებას, როგორც აგენტურის რეკრუტირების და უკონტროლო ფინანსური ზეგავლენის ინსტრუმენტს. ჩვენს რეალობაში ასეთი ერთადერთია – რუსეთი.
2. ტერმინთა განმარტებაში ტერმინი “Foreign Principal” ანუ უცხოური მფლობელი, გნებავთ წარმმართველი ან ხელმძღვანელი, თარგმნილია, როგორც “უცხო ძალა”. თარგმანი არათუ არაკორექტული და არაზუსტია, არამედ შეგნებულად გაყალბებული. არც ერთ კონტექსტში “Principal” ძალას არ ნიშნავს. “უცხოური ძალა” უცხოა ქართული სამართლებრივი ლექსიკონისთვისაც და ამ კანონპროექტით პირველად შემოაქვთ. შესაბამისად, ეს მეორე ინდიკატორი არ ტოვებს არანაირ ეჭვს, რომ მკაფიოდ პროპაგანდისტული კლიშეს შემოტანით მხოლოდ პროპაგანდისტული მიზნის აღსრულება იგეგმება. “უცხო ძალა”-სთან კომბინაციაში სიტყვა “აგენტი” ყველა სხვა შინაარსისგან იცლება, გარდა ჯაშუშისა. ისედაც აბსურდული Russian Playbook-იდან ამოღებული ავტორიტარული ინტერტექსტი სადაზღვევო, სარეკლამო და სპორტულ აგენტებზე, ნულოვანი ვალიდურობისაა.
3. ტერმინთა განმარტებიდან სრულიად ამოღებულია “პოლიტიკური აქტივობის” ზედმიწევნითი განმარტება. ამით, ქართული ვერსია ნებისმიერი საქმიანობის ასეთად მიჩნევის შესაძლებლობას იძლევა და სრულად სუბიექტური შეფასების საკითხად აქცევს. რას გვეუბნება ეს ინდიკატორი? იმას, რომ პოლიტიკურად აქტიური პირის განმარტება მიკერძოებული აქტორის მიხედულებაზეა და პირთა შეუზღუდავ წრეს მოიცავს. თავის მხრივ, ეს გვთავაზობს ფორმულას “ან დაფინანსება უტილიტარული მიზნებისთვის, ან არანაირი დაფინანსება”. უპოვრებს თუ წამალს აჩუქებთ, კი. თუ იმავე უპოვარს მისი უფლებების გააზრებასა და რეალიზებაში დაეხმარებით – არა, რადგან ეს უკვე პოლიტიკაა. აღარაფერს ვიტყვი საჯარო ცხოვრებისა და დემოკრატიის კიდევ უფრო მკაფიო და მძიმეწონიან მაგალითებზე. “დემოკრატიას ჩვენ თვითონ მივხედავთ” გვეუბნება კანონპროექტი, რაც სხვა არაფერია, თუ არა, სურკოვის “სუვერენული დემოკრატიის” თავისუფალი პერიფრაზი.
ზემოხსენებული პუნქტები მხოლოდ იმიტომ მოვიყვანე, რომ ნათლად დამენახვებინა ამ კანონის რეალური მიზნები კონკრეტულ ინდიკატორებზე დაყრდნობით. თუმცა, ცხადია, რომ ამ საკითხების გასწორება ვერც ერთი მისხალით ვერ შეამცირებს ამ კანონპროექტის დამანგრეველ და ვერაგ ეფექტს. ღიად უნდა ვთქვათ, რომ ამერიკული FARA-ს სიტყვა-სიტყვითი თარგმანიც კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია საქართველოსთვის. შევეცდები ავხსნა, რატომ.
სუფთა ფორმალურად, ამერიკული FARA წინააღმდეგობაშია ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციასა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებთან. ორივე მათგანი მოქმედი სამართალია საქართველოსთვის და კონსტიტუციის 78-ე მუხლის კომპლემენტარული ნორმატიული ბაზა, რომელიც გვეუბნება, რას გულისხმობს ამ მუხლით განმტკიცებული ევროინტეგრაციის ინტერესი. FARA ასევე წინააღმდეგობაშია ევროპის კავშირის სადამფუძნებლო და დამატებით ნორმატიულ აქტებთან და ასევე ლუქსემბურგის ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებებთან. ეს აქტები არაა საქართველოს მოქმედი სამართალი, თუმცა სავალდებულოა გასათვალისწინებლად ევროინტეგრაციის მიმართულებით ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმისას, მათ შორის, კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ეს იმდენად ფუნდამენტური და მარტივად განჭვრეტადი წინააღმდეგობაა, რომ მისი შემომტანის შეცდომა უბრალოდ გამორიცხულია. სრულიად ცხადია, რომ სახეზეა სტატუსის გამომრიცხავი ნაბიჯის გადადგმის განზრახვა.
მივყვეთ სხვა მაგალითებს: აშშ-ში მოქმედებს სიკვდილით დასჯა (რამდენიმე შტატში). ამის გადმოტანა ქართულ რეალობაში, ცხადია, ვერ გამართლდება “ამერიკაში თუ შეიძლება, ჩვენთან რატომ არ შეიძლებათი”. იმიტომ არ შეიძლება, რომ ეს აკრძალულია ევროპული დეკლარაციებით და ევროკავშირში მიღება კი არა, ევროსაბჭოდანაც გაგვრიცხავენ.
აშშ სუპერსახელმწიფოა, შესაბამისად, სპეციფიური პოლიტიკური მატერია და სამართლებრივი იურისდიქცია, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სტრატეგიით და უნიკალური ტაქტიკური მექანიზმებით. მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის სამართლებრივი და პოლიტიკური ტრადიციებიც. საუკეთესო მაგალითი ამერიკის საარჩევნო სისტემაა, რომელიც ალბათ ნებისმიერ იურისდიქციაში გამოიწვევდა პოლიტიკურ კოლაფსს. თუმცა აშშ-ში, სადაც დიდი ხანია დებატები მიმდინარეობს ამ სისტემის უფრო გამართული და თანამედროვე ევროპული სისტემებით შეცვლაზე, ზესახელმწიფოს პოლიტიკური სტაბილურობისა და არჩევნებში ქვეყნის ფარგლებს გარედან ჩარევის ინტერესიდან გამომდინარე, საარჩევნო ცვლილებები მიღებული არ ყოფილა. ცხადია, ეს კონსტიტუციური ტრადიციის საკითხიცაა, მაგრამ არამხოლოდ და არც პირველ რიგში.
საარჩევნო სისტემის სპეციფიურობის ნაწილად უნდა მივიჩნიოთ FARA-ს საკითხიც. ამ კანონის ისტორიული კონტექსტი ცნობილია: მისი მიღება ნაცისტური გერმანიის პოლიტიკური ზეგავლენის შეკავებას ისახავდა მიზნად, მოგვიანებით, კომუნისტური რუსეთისაც. კანონი არაა მხოლოდ მისი ტექსტი. კანონის გააზრება მისი შინაარსის გარდა, მისი მიღების ისტორიული კონტექსტის, ავთენტური განმარტებების (ავტორების და მხარდამჭერთა განცხადებების ანალიზი) და აღსრულების პრაქტიკის ერთიანობით ხდება. აშშ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებში ნორმის ისტორიული, ავთენტური და იმპლემენტაციური განმარტებები გაცილებით უფრო ხშირადაა მოხმობილი, ვიდრე ტექსტის ლინგვისტურ-ჰერმენევტიკული ანალიზი. ჩვენს შემთხვევაში, ქართული კანონპროექტის არსებული ისტორიული კონტექსტი და ასევე ავტორთა ღია და მკაფიო განცხადებები არავითარ სივრცეს არ ტოვებს სხვა დასკვნისთვის, გარდა იმისა, რომ რაგინდ სიტყვა-სიტყვითი თარგმანიც არ უნდა იყოს (და არ არის), FAKE FARA-ს და FARA-ს მიზნები, და შესაბამისად, ამოცანები დიამეტრალურად განსხვავებულია.
შევხედოთ კანონს გამოყენებითი კუთხითაც. აშშ მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკა და დიდ დემოკრატიებში ყველაზე მაღალი ხარისხის დემოკრატიაა. შესაბამისად, შეუძლებელია სხვა ქვეყნიდან დემოკრატიისა და საჯარო პოლიტიკის სფეროში განხორციელებული ინვესტიცია ფარული მიზნის საფუძვლიან ეჭვს არ აჩენდეს. ამერიკული ფონდები ყველაზე გავლენიანი და მდიდარია და ამ ფონზე იმავე სექტორში საზღვარგარეთიდან შემოსული ფული ბუნებრივად წარმოშობს სხვა ინტერესის არსებობის პრეზუმფციას. ვიმეორებ, პრეზუმფციას და არა საბოლოო დასკვნას. პრეზუმფციასა და საბოლოო დასკვნას შორის ამერიკაში კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელი პოლიტიკოსების, საჯარო მოხელეების და მაღალი სანდოობის სასამართლოს ბარიერები დგას. საქართველოში – არც ერთი, არც მეორე, არც მესამე. ამერიკისგან განსხვავებით, საქართველოში არც დამოუკიდებელი და პოლიტიკურად არაანგაჟირებული ფულადი რესურსებია და არც დემოკრატია. ამის იმპორტი ერთადერთი წყაროდან, დასავლეთიდანაა შესაძლებელი, რაც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ შინაარსს სძენს FAKE FARA-ს და ამერიკულ FARA-ს. FAKE FARA ეფექტურად შეუძლებელს გახდის დასავლურ დაფინანსებას, ანუ დემოკრატიის იმპორტს. არსებობს კონკრეტული ინტერესიც: ივანიშვილმა რუსული Playbook-ით განსაზღვრული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა ვერ შეასრულა – ვერც დაიმორჩილა გავლენიანი არასამთავრობოები და ვერც შექმნა ახალი და გავლენიანი სამოქალაქო გრავიტაციის ცენტრები, არასამთავრობოთა საკუთარი ანტურაჟი. ჰყავს „გონგოები“, მაგრამ მათი რეპუტაცია ნულოვანია. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო სექტორში “გადავიდა”, მოძრაობა “მოქალაქის” თუ “2030”-ის შექმნით, ეს პროექტიც უსწრაფესად ჩამოიშალა. ერთადერთი გზაღა დარჩა – არსებულების განადგურება და კონკურენციაში ამგვარად გამარჯვება, რასაც წარმატებით შეასრულებს FAKE FARA.
რატომ განვმარტავ (თან ასე ვრცლად) დღეისთვის არააქტუალურ საკითხს? – იმიტომ, რომ სრულიადაც არ მგონია არააქტუალური. მნიშვნელოვანია იმის ალბათობა, რომ ეს კანონი კვლავ დადგეს დღის წესრიგში და სწორედ ე.წ. “ამერიკული” ვერსიით. თუ დავაკვირდებით, როდის ახსენა “ხალხის ძალამ” აგენტების საკითხი პირველად (დაახლოებით 5 თვის წინ, მოკლედ და თითქმის შეუმჩნევლად), მივიღებთ შემდეგ სურათს: საქართველოშიც და ბოსნია-ჰერცოგოვინას რუსულ ანკლავში რესპუბლიკა სრპსკა, ასევე რუსეთის დე-ფაქტო კონტროლის ქვეშ მყოფ აფხაზეთში ეს საკითხი ერთდროულად წამოიჭრა და სარკისებური პასუხი იყო რუსული და ჩინური აგენტურის წინააღმდეგ აგრესიული ბრძოლის მეთოდების შესახებ კანადასა და ევროკავშირში გაჩაღებულ დებატებზე. რუსეთი ამას ძალიან ხშირად აკეთებს თავად, და ასევე, რაც უფრო მნიშვნელოვანია, მისი სატელიტების მეშვეობით. პრინციპი ასეთია: “ჩვენც მივიღებთ ამგვარ კანონს, ჩვენც გვაქვს ეროვნული ინტერესები დასაცავი და თუ სხვისთვის შეიძლება, ჩვენ რა დავაშავეთ?” ამით რუსეთი 2 კურდღლიდან ცდილობს ერთ-ერთი მაინც დაიჭიროს: ევროკავშირში მაქსიმალურად ხელი შეუშალოს ანტი-რუსული კანონის მიღებას, ან, მაგალითად, საქართველოში თავად გააძვრინოს ამგვარი კანონი, უფრო სწორად, ამგვარი კანონი ოღონდ მიზნით პირიქით, ან, სულაც, ორივე ერთად ქნას. ყურადღება მივაქციოთ იმასაც, რა კომპანიაში მოექცა საქართველო ამ ბოლო დასავლეთი VS რუსეთი დაპირისპირებაში. რუსეთის გუნდი ამჯერად შედგებოდა საქართველოს, კვაზი-სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის – რესპუბლიკა სრპსკას და საქართველოსვე ოკუპირებული ტერიტორიის – აფხაზეთის სახით.
ახლა იმასაც შევხედოთ (სრული კონტექსტისთვის), რა ხდება ჩვენს რეგიონში რუსეთის მთავარ დასაყრდენად აღიარებულ სომხეთში, სადაც რუსეთის სამხედრო ბაზაა განლაგებული. ხდება ის, რომ რეგიონში მკაფიო გეოპოლიტიკური ცვლილებაა: რუსეთის მთავარი სატელიტი ამჟამად სომხეთი აღარაა. სომხეთმა არათუ მთავარი სატელიტის როლი დაკარგა, არამედ რუსეთის სატელიტობაზე ღიად და მკაფიოდ უარი თქვა: მართალია, ეს ტენდენცია ბოლო რამდენიმე თვეა შესამჩნევია, მაგრამ ამ კვირაში გარდამტეხი მოვლენა მოხდა – სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციურად აღიარა რომის სტატუტით სომხეთისთვის დაკისრებული ვალდებულებები და ამით თავხედურად გამბედავად განაცხადა, რომ პუტინი სომხეთში ვერ ჩავა, თუ რა თქმა უნდა, არ სურს, რომ სომხურმა პოლიციამ ის დააკავოს და ჰააგას გადასცეს. ამაზე მეტად რუსეთთან გამიჯვნა შეუძლებელია – სამართლებრივადაც, პოლიტიკურადაც და სიმბოლურადაც ეს მაქსიმალური წერტილია. ამის პარალელურად, ამავე საკითხზე, მოვისმინეთ ირაკლი კობახიძის განმარტება პუტინის უდანაშაულობის პრეზუმფციაზე, რაც უმდაბლესი წერტილია ზემოთქმული სამი მიმართულებით. პლიუს, უმეცრება საერთაშორისო სისხლის სამართალში, სისხლის სამართალში და საერთაშორისო სამართალში – შეკითხვაზე, დააკავებს თუ არა ქართული პოლიცია პუტინს აქ ჩამოსვლის შემთხვევაში, სწორი პასუხია მხოლოდ ერთმარცვლიანი სიტყვა “კი” – სამართლებრივადაც, პოლიტიკურადაც, მორალურადაც და ისტორიულადაც. ახლა ის წარმოიდგინეთ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო რომ იხილავდეს იგივე საკითხს, რასაც სომხური განიხილავდა წინა კვირაში. როგორ ფიქრობთ, რა პასუხი ექნებოდა? – სწორია: საუკეთესო შემთხვევაში, არანაირი, უსასრულოდ გაჭიანურებული პროცესის სახით. ახლა ისიც ვნახოთ, ლავროვის შეფასება სომხეთის ამ გადაწყვეტილებაზე როგორი იყო? – პრაქტიკულად სახელმწიფო გადატრიალების დაუფარავი მუქარა. ახლა იმავე ლავროვის იმავე დროის მონაკვეთში გაკეთებულ შეფასებებს გადავხედოთ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით. ჰოდა, ახლა ის განვსაზღვროთ, ვინ ყოფილა რუსეთის მთავარი მოკავშირე ამ რეგიონში? სწორია: ეს ნამდვილად არაა სომხეთი.
გამიგრძელდა რეგიონულ კონტექსტზე, დავუბრუნდეთ FARA-ს და ჩვენს ქოფაკებს. FAKE FARA-ს მიღების შანსი, ვფიქრობ, მაღალია. ამის ყველაზე შესაძლო ალტერნატივა კი საერთოდ არმიღება სულაც არ მგონია. სხვა ალტერნატივაც არსებობს. არსებობს და უფრო ალბათურია. საუბარია ე.წ. “არასასურველ ორგანიზაციათა” შესახებ რუსული კანონის სახელით ცნობილ კანონზე. ამგვარი კანონი გენერალურ პროკურორს (ან რომელიმე სამართალდამცავს) აღჭურვავს უფლებამოსილებით “არასასურველი” NGO აკრძალოს სახელმწიფოს საფუძვლების, კონსტიტუციური წესრიგის, თავდაცვისუნარიანობის, სახელმწიფო უსაფრთხოების ან მსგავსი ლეგიტიმური მიზნისთვის საფრთხის შექმნის საფუძვლით. ცხადია, ამგვარი გადაწყვეტილება გასაჩივრებადი იქნება. კიდევ უფრო ცხადია – გასაჩივრებას არავითარი აზრი არ ექნება.
მესამე ალბათობაცაა – საერთოდ არ დაბრუნდეს ეს საკითხი დღის წესრიგში. ეს ალბათობა წინა ორზე დაბალია, ჩემი აზრით და იმის ანალიზით, რასაც “ქართული ოცნება” ამბობს და აკეთებს.
და თუ მაინც არაფერი მოხდა? გადასარევი! მაშინ, იმედია, მაპატიებთ ამ წერილის კითხვაში დახარჯულ დროს, რომელიც, იმედია, სულ მთლად უსარგებლო მაინც არ ყოფილა. იმ შემთხვევაშიც, თუ სულაც არაფერი მოხდა, – წერს ნიკა გვარამია.