საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. მისი თქმით, სტატუსის მინიჭება არ იქნება საბოლოო შედეგი და ქვეყანას მეტი მუშაობა დასჭირდება, რათა ევროკავშირის წევრი გახდეს.
“მიხარია, რომ საქართველოსთვის ამ ისტორიულ პერიოდში ვიმყოფები აქ. ამ ქვეყანამ შეიტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, 27-მა წევრმა ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ მიენიჭებინა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა და ამჟამად საქართველო მუშაობს 12 პრიორიტეტის შესრულებაზე, რაც კანდიდატის სტატუსის მისაღებად არის საჭირო. მუშაობა მიმდინარეობს და შეფასება მოხდება წლის ბოლოსთვის, დეკემბერში კი ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა გადაწყვეტილებას მიიღებს მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, ეს იქნება პოზიტიური გადაწყვეტილება და საქართველოს მისცემენ კანდიდატის სტატუსს. თუმცა, ეს არ იქნება გზის დასასრული. საქართველომ კიდევ უნდა იმუშაოს, რათა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს. ევროკავშირის წარმომადგენლობა აქ იმისთვის არის, რომ საქართველოს ამ გზაზე დაეხმაროს და მე გულწრფელად მჯერა, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი და ეს მოიტანს უზარმაზარ სარგებელს საქართველოს”, – თქვა პაველ ჰერჩინსკიმ.
უკრაინის საქართველოსა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისია საბოლოო გადაწყვეტილებას ოქტომბერში მიიღებს, მანამდე კი მაისში გამოქვეყნდება ევროკომისიის შუალედური დასკვნა. რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, წინასწარი ვარაუდით, ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ხოლო უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში დაიწყოს მოლაპარაკებები EU-ში გაწევრიანების შესახებ.