2023-ში საქართველოს ეკონომიკის ზრდა შენელდება – საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზები

მსოფლიო ბანკის (WB) უახლესი ანგარიშის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა 4.4%-მდე შენელდება, თუმცა რეგიონულ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით (2.4% რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის გამოკლებით) მაინც მაღალ დონეზე იქნება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად გასულ წელთან შედარებით ზრდის ტემპის შენელებისა, მსოფლიო ბანკის განახლებული პროგნოზი წინა პროგნოზს მაინც 0.4 პროცენტული პუნქტით აღემატება.

რაც შეეხება ინფლაციას, ორგანიზაცია მოელის, რომ წლის განმავლობაში სამომხმარებლო ფასები ეტაპობრივ კლებას გააგრძელებს, თუმცა ზოგიერთ სასურსათო პროდუქტზე და საცხოვრებელ იჯარაზე წნეხი, შესაძლოა, შენარჩუნდეს.

WB-ის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა სამხრეთ კავკასიაში, სავარაუდოდ, მკვეთრად შესუსტდება და 2022 წელს დაფიქსირებული 7%-დან 3%-მდე დაიკლებს.

ინფორმაციისთვის, რეგიონის სხვა ქვეყნებში მსოფლიო ბანკის პროგნოზები ასეთია:

  • სომხეთი – 4.4%;
  • აზერბაიჯანი – 2.2%;
  • უკრაინა – 0.5%;
  • რუსეთი -0.2%
  • თურქეთი – 3.2%;

რუსეთიდან მიგრანტთა ნაკადის კლებისა და ფინანსების შემოდინების შემცირების გამო, საქართველოში ეკონომიკური ზრდის შენელებას მოელის აზიის განვითარების ბანკიც (ADB).

ADB-ის განახლებული პროგნოზით, მიმდინარე წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 4.5% იქნება, 2024 წელს კი, მომსახურების სფეროში მზარდი მოგების კვალდაკვალ, მშპ-ს 5%-მდე ზრდაა მოსალოდნელი.

“გასულ წელს, ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდეგ, საქართველომ უფრო მდგრადი განვითარების გზები უნდა ეძებოს. პოზიციის გასამყარებლად ტურიზმსა და მომსახურების სფეროში და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებში პროგრესის შესანარჩუნებლად, საქართველოსთვის მომგებიანი იქნებოდა განახლებადი ენერგიის წარმოების გაზრდა, ინოვაციების ხელშეწყობა და გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის განხორციელების დაჩქარება,“ – ამბობს აზიის განვითარების ბანკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში, კამელ ბუმადი.

ბანკის თანახმად, 2022 წელს დაფიქსირებული 12%-იანი ინფლაცია 2023 წელს 6%-მდე განახევრდება, ხოლო მომდევნო წელს 4%-მდე შემცირებაა მოსალოდნელი, რითაც ის საქართველოს ეროვნული ბანკის 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება.

საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც (IMF), რომელიც ქვეყანაში მიმდინარე წელს მშპ-ს 4%-იან ზრდას მოელის, წინა პროგნოზი კი 5.8% იყო.

IMF 2023 წლის იანვრის მიმოხილვაში აღნიშნავდა, რომ საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს მდგრადი იყო და უკრაინაში ომით გამოწვეულმა შედეგებმა მოსალოდნელზე ნაკლები ეფექტი იქონია. ეკონომიკური ზრდა და ლარის გამყარება კი ტურიზმიდან მზარდმა შემოსავლებმა, ომთან დაკავშირებულმა მიგრაციამ და ფინანსურმა შემოდინებებმა, საქართველოს გავლით სავაჭრო ტრანზიტის ზრდამ განაპირობა.

ამ მოცემულობით, სამი საერთაშორისო ორგანიზაციის პროგნოზები საქართველოს ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით ასეთია:

  • აზიის განვითარების ბანკი – 4.5%;
  • მსოფლიო ბანკი – 4.4%;
  • საერთაშორისო სავალუტო ფონდი – 4%.

ცნობისთვის, გასულ 2022 წელს ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტი 10.1%-ით გაიზარდა და მშპ-ის ზომამ მიმდინარე ფასებში 71.7 მილიარდ ლარს მიაღწია. ამასთან, მშპ ერთ მოსახლეზე რეკორდული 19,452 ლარი გახდა, რაც დოლარებში $6,671 იყო.

ეკონომიკის სექტორებს შორის ყველაზე მაღალი ტემპით, 49.9%-ით, ინფორმაციისა და კომუნიკაციების სფერო გაიზარდა. ენერგეტიკის სფეროში ზრდა 38.9%-იანი იყო, ლოგისტიკის სფეროში კი 28.4%.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share