ბოლო დღეებში “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისთვის განკუთვნილი ბაობაბები კენიის ადგილობრივ ხელისუფლებასა და მედიაში ისევ აქტუალური გახდა.
კენიის პარლამენტში სატყეო მეურნეობისა და წიაღისეულის კომიტეტის წევრებმა გარემოს დაცვის სამსახურების წარმომადგენლები დაიბარეს, რათა ნათელი მოეფინოს შეკვეთილში, ივანიშვილის დენროლოგიურ პარკში ექსპორტზე შეთანხმებას.
დეპუტატები სამ სახელმწიფო უწყებას გამჭვირვალობის ნაკლებობასა და კორუფციაში ადანაშაულებენ. თუმცა, სახელმწიფო სააგენტოები ამტკიცებენ, რომ ხეები არ არის გადაშენების პირას მყოფი სახეობა და, შესაბამისად, ვაჭრობა შესაძლებელია.
გამოძიება კილიფის ოლქის გარემოს დაცვის დეპარტამენტის მოთხოვნის საპასუხოდ დაიწყო. საუბარია ჯამში 8 ბაობაბზე.
“მათ მხოლოდ რვა ბაობაბის ხის ექსპორტის უფლება მიეცათ [მაგრამ] ბაობაბი ჯერ არ გასულა ქვეყნიდან. ჩვენ ვაკვირდებით ხეებს ტრანზიტის დროს და ისინი ვერ გადაადგილდებიან ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილების ნებართვის გარეშე. როგორც კენიის სატყეო სამსახური, ჩვენ დავანიშნეთ ოფიცრები, რომლებიც ყოველდღიურად სტუმრობენ საიტს, რათა დარწმუნდნენ, რომ არაფერი გასულა”, – თქვა კილიფის ოლქის კონსერვაციის ოფიცერმა.
ასევე კითხვები გააჩინა ადგილობრივებისთვის გადახდილმა ფულმა, რომელიც ძალიან მცირეა, მაშინ როცა საქართველოში მილიონებზე საუბრობენ. კილიფის ოლქის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ანგარიშები ხეების შესყიდვის ფასის შესახებ, რომელიც მითითებულია მთავრობის წარმომადგენლების მიერ, ეწინააღმდეგება ფერმერების მიერ გაჟღრებულ ინფორმაციას.
გარდა ამისა, კომიტეტზე ითქვა, რომ პროცესში ჩართულები არ იყვნენ ადგილობრივები, როგორც ამას კონსტიტუცია მოითხოვს.