ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი – არასოდეს ცხოვრებაში არ მომიმართავს ასეთი მოწოდებით, მაგრამ ახლა ძალიან მძიმე მომენტი დამიდგა და ყველას სოლიდარობის და სულგრძელობის იმედი მაქვს, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია მიმართვას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მიმართვაში ის მოუწოდებს ყველას, რომ 9 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას სასამართლოსთან მისვლას და პოზიციის გამოხატვას სთხოვს.
„მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას. ჩემი შვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმათა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე სიკვდილის პირასაა. კლინიკის ექიმები სასოწარკვეთილებაში არიან.
ვთხოვ ყველას გადამირჩინოთ შვილი, ხელისუფლებას, ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას. როდესაც პროცესი შედგება, ვთხოვ ყველა არაგულგრილ ადამიანს მოვიდეს სასამართლოსთან და მშვიდობიანად, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, გამოხატოს პოზიცია ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.
არასოდეს ცხოვრებაში არ მომიმართავს ასეთი მოწოდებით, მაგრამ ახლა ძალიან მძიმე მომენტი დამიდგა და ყველას სოლიდარობის და სულგრძელობის იმედი მაქვს“, – აცხადებს გიული ალასანია.