რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ცოტა ხნის წინ მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, ბექა ბასილაია მივიდა. მისი თმით, მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება ამ დრომდე არ ეძლევა პირად ექიმს და ალტერნატიული კონსილიუმის წევრებს, რაც მისი, როგორც პაციენტის უფლებების უხეში დარღვევაა.
ბასილაია ამბობს, რომ არაადეკვატური სამედიცინო დახმარების ფონზე სააკაშვილის მდგომარეობა არ უმჯობესდება.
“პოლიტიკური პატიმარი, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მძევალი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პროკურატურამ ცნო დაზარალებულად, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები ყოველგვარ სამართლებრივ, მორალურ საფუძველს აცლის ხელისუფლებას, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე დატოვოს პენიტენციურ დაწესებულებაში, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ჩვენ ვიცით, რომ მის წინააღმდეგ საქმეები არის შეკერილი”, – თქვა ბექა ბასილაიამ.
ცნობისთვის, რუსთავის ციხეში გადაყვანის შემდეგ მიხეილ სააკაშვილთან მის პირად ექიმს არ უშვებენ. მიხეილ სააკაშვილმა ციხის საკანში მედიკოსების დაშვება სასამართლო პროცესზეც მოითხოვა. მან ჯანმრთელობის გაუარესებაზე სრული პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს დააკისრა.