სოცდაუცველების დასაქმების პროგრამით პირველ ეტაპზე 50 ათას ვაკანსიას მოვაბილიზებთ – პრემიერი

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამით მათი პროგნოზით, ჯამში 200 ათასზე მეტი ადამიანი უნდა დასაქმდეს. როგორც მან დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე თქვა, სოციალურად დაუცვლები დასაქმების შემთხვევაში სახელმწიფოსგან ყოველთვიურ დახმარებას კვლავაც მიიღებენ.

“პირველ ეტაპზე მუნიციპალიტეტები, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სხვა სამინისტროებიც მოახდენენ 50 ათასამდე ვაკანსიის მობილიზებას. წელს შეიძლება 100 ათასზეც გავიდეთ [ვაკანსიების კუთხით]. რეალურად ლიმიტი არ გვაქვს. 50 ათასით დავიწყებთ, მაგრამ ვნახოთ პროცესი როგორ განვითარდება. პროგრამას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო განახორციელებს და მოსარგებლეს საშუალება ექნება, აირჩიოს: ან საზოგადოებრივი სამუშაო ან შრომის ბაზარზე არსებული უნარ-ჩვევებისა და პროფესიული განვითარების შესაბამისი ვაკანსია. თუ მოსარგებლე დასაქმებულია არაფორმალურ სექტორში, დასაქმების ფორმალიზება უნდა მოახდინოს. პროგრამით მოსარგებლე ოჯახს ოთხი წლის განმავლობაში საარსებო შემწეობა შეუნარჩუნდება”,-აცხადებს ღარიბაშვილი.

პრემიერი ასევე ამბობს, რომ ამ პროგრამაში ჩართული თითოეულ მოქალაქე სახელმწიფოსგან დამატებით 300 ლარს მიიღებს. პრემიერის განმარტებით, ბენეფიციარები, ერთი მხრივ, მიიღებენ სოციალურ დახმარებას, რაც შეიძლება იყოს ზოგ შემთხვევაში 400-500 ლარი, ამ თანხას დაემატება სახელწიფოს მიერ დანიშნული 300 ლარი. პრემიერი ფიქრობს, რომ ეს პროგრამა ქვეაყანას სიღარიბის დაძლევაში დაეხმარება.

“მოსარგებლეს შემწეობა გაუგრძელოდება მაშინაც, თუ იგი არ დათანხმდება არცერთ შემოთავაზებას, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ხელახლა გადამოწმდება, რაც ვფიქრობთ სამართლიანია. ამ დროის განმავლობაში მას შეეძლება, შეცვალოს გადაწყვეტილება და ხელახლა მიმართოს დასაქმების ან სოციალური მომსახურების სააგენტოს”,-ამბობს ღარიბაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share