“წელს უნდა დავიწყოთ დასაქმების აქტიური პოლიტიკა…ეს იქნება ჩვენი საზრუნავი”- ღარიბაშვილი

“წელს უნდა დავიწყოთ დასაქმების აქტიური პოლიტიკა – ეს იქნება ჩვენი საზრუნავი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობას უკვე აქვს შემუშავებული სოციალურად დაუცველების დასაქმების პოლიტიკა. პრემიერის განცხადებით, მან საუკეთესო პრაქტიკის შესასწავლად ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გაუშვა.

„ჩვენ შევისწავლეთ, როგორ მუშაობდა ევროპაში აღნიშნული ინიციატივა და დღეს უკვე გვაქვს მზაობა, რომ შევისწავლოთ აღნიშნული პროგრამა. მინდა მოსახლეობას განვუმარტო რას გულისხმობს ეს პროგრამა: ჩვენი მთავარი ამოცანა არის სიღარიბის დაძლევა, სამუშაო ადგილების შექმნა და ზოგადად, უნდა შევცვალოთ სოციალური პოლიტიკა. გზა სიღარიბის შემცირებისკენ ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე გადის. ამიტომ ჩვენ წელს უნდა დავიწყოთ აქტიური დასაქმების პოლიტიკა. ეს იქნება მთავარი საზრუნავი.

დღემდე არსებული სოციალური პოლიტიკა შრომისუნარიან მოქალაქეებს უმოქმედობისკენ უბიძგებს. 600 ათასი სოციალურად დაუცველი მოქალაქიდან  – 200 ათასი შრომისუნარიანიანი მოქალაქე, არის დემოტივირებული, რომ დასაქმდეს ლეგალურად. ჩვენ უნდა დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ მოხუცებს, ბავშვებს, შშმ პირებს, თუმცა შრომისუნარიან პირებს სჭირდებათ დასაქმება, საკუთარი თავის რეალიზება. აუცილებელია, რომ შრომისუნარიანი მოქალაქეები ჩაერთონ ეკონომიკაში“, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, სოც დაუცველების დასაქმების პროგრამა 1-ელი მარტიდან დაიწყება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share