„ეს იყო არსებითი გარდატეხა…ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე“ – ღარიბაშვილი „ოცნების“ დაფუძნებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ დაფუძნების 11-წლისთავს სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშილის მიერ პარტიის დაფუძნება იყო საკვანძო გადაწყვეტილება, რამაც საქართველო გადაარჩინა.

„დღეს 11 წელი შესრულდა „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან.
2012 წლის 21 აპრილს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პირველად წარადგინა ჩვენი პოლიტიკური გუნდი საზოგადოების წინაშე. ეს მოვლენა იქცა უმნიშვნელოვანესი პროცესების დასაწყისად ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
გავიხსენოთ, რომ საქართველოს უახლოეს ისტორიაში ეს იყო ურთულესი პერიოდი. ანტიეროვნულმა, თავისი შინაარსით ანტისახელმწიფოებრივმა და ანტიევროპულმა რეჟიმმა პოლიტიკის უმთავრეს იარაღად აქცია შიში, ტერორი, ჩაგვრა და საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა. საფრთხის ქვეშ დადგა არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, არამედ თითოეული ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და თავისუფლება. საკუთარი ხალხის მოღალატე რეჟიმი ესწრაფოდა ძალაუფლების შენარჩუნებას – თუნდაც ქვეყნის განადგურების ხარჯზე. უნდა ვაღიაროთ – ბევრი ვერ ხედავდა მაშინ გამოსავალს ამ ვითარებიდან.
სწორედ ამ პირობებში შეიქმნა ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. ეს იყო არსებითი გარდატეხა ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე. დღევანდელი გადასახედიდან კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ამ საკვანძო გადაწყვეტილებით ჩვენი ქვეყანა სრულ განადგურებას გადაურჩა. დღეს, რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე, უდავოა, რომ სისხლიანი, ანტიეროვნული რეჟიმის პირობებში საქართველო მეორე პოლიგონად გადაიქცეოდა.
საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მხარდაჭერით, ჩვენ მშვიდობიანად შევცვალეთ ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმი და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დავიწყეთ ეროვნული პოლიტიკის გატარება – სუვერენიტეტის განმტკიცება, მშვიდობისა და სტაბილურობის, მოქალაქეთა თავისუფლების უზრუნველყოფა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ეს არის ერთადერთი უწყვეტი მშვიდობის პერიოდი, რაც საშუალებას გვაძლევს მთელი ძალისხმევა მივმართოთ ყველა სფეროს განვითარებისათვის. დღეს სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა ყველა – კეთილდღეობის, სოციალური სამართლიანობისა და დემოკრატიის მიმართულებებით.”– წერს ის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share